“ბარსელონა” საქმეს უბრუნდება. 20-დღიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ კატალონიური გრანდი შაბათს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ხეტაფეს” უმასპინძლებს. მოახლოებული დაპირისპირებისთვის მოსამზადებლად, გუნდმა პარასკევს “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” მატჩისწინა ბოლო სავარჯიშო სესია გამართა.
საკადრო ვითარება: რაფინიას დანაკლისი და ახალგაზრდები
ჰანსი ფლიკის განკარგულებაში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე იმყოფებოდა. ვარჯიში თბილისის დროით 13:00 საათზე, კატალონიის დედაქალაქში მკვეთრად დაცემული ტემპერატურის ფონზე დაიწყო.
მოედანზე არ იმყოფებოდნენ ანდრეას კრისტენსენი, რუნი ბარდჯი და რაფინია. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, ბრაზილიელი შემტევი ბარძაყის კუნთის შეშუპების გამო “ხეტაფესთან” შეხვედრას გამოტოვებს.
სავარჯიშო პროცესში პირველ გუნდს “ბარსა ატლეტიკიდან” და ახალგაზრდული გუნდებიდან მაქს ბონფილი და ჰამზა აბდელკარიმიც შეუერთდნენ.
შაბათის საშინაო დუელის შემდეგ “ბლაუგრანას” უმძიმესი გასვლითი ტურნე ელის – ფლიკის გუნდი ზედიზედ სამ მატჩს სტუმრად ჩაატარებს: “გალათასარაისთან”, “ბეტისთან” და პსჟ-სთან.
forum კომენტარები (0)