ჩავი ესპარტის პირველ გუნდში დამკვიდრება მეტეორიული სისწრაფით წარიმართა. 19 წლის ფეხბურთელმა წინასასეზონო შეკრებაზე ჰანსი ფლიკის დარწმუნება მოახერხა და ლა ლიგის საწყის ოთხ შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში ითამაშა. აღსანიშნავია, რომ მან მისთვის სრულიად ახალ – მარცხენა მცველის პოზიციაზე იასპარეზა. მოედანზე ნაჩვენები თამაშის პარალელურად, მედიის ყურადღებაც მკვეთრად გაიზარდა.
იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა, რომელიც პრესტიჟულ ჯილდოს Golden Boy-ს გასცემს, ბოლო განახლებისას ჩავი ესპარტი პლანეტის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელების სიას დაამატა (ნომინანტთა ასაკობრივი ზღვარი მოიცავს 2005 წელს და შემდეგ დაბადებულ მოთამაშეებს).
ესპარტი ასევე წარდგენილია Golden Boy Web-ის კატეგორიაში, სადაც გამარჯვებულს გულშემატკივართა ხმის მიცემა ავლენს. “ბარსელონადან” აღნიშნულ სიაში ოთხი ფეხბურთელია: ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, მარკ ბერნალი და ჩავი ესპარტი. Golden Boy Web-ის ბოლო სამი გამარჯვებული ჯუდ ბელინგემი, ქენან ილდიზი და ხრისტოს მუზაკიტისი გახდნენ; მანამდე ეს პრიზი 2020 წელს ანსუ ფატიმ, ხოლო 2021 წელს კარიმ ადეიემიმ მოიგეს.
ბარსელონას დომინაცია მთავარ ნომინაციაში
რაც შეეხება მთავარ ჯილდოს – Golden Boy Best Absolut-ს, “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ის ბოლო ხუთი გათამაშებიდან სამჯერ მოიპოვეს: 2021 წელს საუკეთესოდ პედრი დასახელდა, ერთი წლის შემდეგ ტიტული გავიმ მოიგო, 2024 წელს კი ტრიუმფატორი ლამინ იამალი გახდა. ჯილდოს მოქმედი მფლობელი დეზირე დუეა, წლევანდელი გამოკითხვის მთავარ ფავორიტად კი პაუ კუბარსი მიიჩნევა. რაც შეეხება ლამინ იამალს – ისევე, როგორც შარშან, მას მთავარი ჯილდოს მოგების უფლება არც წელს აქვს, რადგან ერთ ფეხბურთელს ამ ჯილდოს მხოლოდ ერთხელ მოგება შეუძლია.
დომინანტი ბარსელონა
Golden Boy-ს ჯილდო ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ “ბარსელონას” ფეხბურთელებს აქვთ მოგებული. პედრის, გავისა და იამალის გარდა “ბარსელონელმა” ეს ჯილდო 2005 წელს მოიგო და ძალიან მარტივი გამოსაცნობია, თუ ვინ იქნებოდა ის. მეორე ადგილზე “დორტმუნდი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან 3-3 ჯილდოთი. დიდი ალბათობით, წელს “ბარსა” მდევრებთან სხვაობას გაზრდის.
კუნდემ თუ ვერ მოუმატა ესპარტი დადგება მარჯვნივ.