“ბარსელონას” სპორტულ ხელმძღვანელობაში ენტონი გორდონის ტრანსფერით უკვე კმაყოფილები არიან. კლუბში კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ინგლისელი შემტევი გუნდს უამრავ რამეს შემატებს.
მსოფლიო ჩემპიონატის საწყის მატჩებში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ენტონი გორდონის პირველმა გამოსვლებმა კატალონიური გარემო ცოტათი შეაშფოთა. 25 წლის ლივერპულელი ფეხბურთელი მაინცდამაინც დამაჯერებელი ვერ იყო და ის მარკუს რაშფორდმა შეცვალა, რომელმაც გოლიც გაიტანა და “ბარსელონას” ახალწვეულს სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დროებით წაართვა. მიუხედავად ამისა, კლუბის სპორტულ დირექციაში სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ.
დეკუსა და ფლიკის კონსენსუსი
კლუბში აცხადებენ, რომ გორდონის ტრანსფერი თვეების განმავლობაში ძალიან კარგად იყო გააზრებული. სპორტულ დირექტორ დეკუსა და მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს შორის აბსოლუტური კონსენსუსით შერჩეული გორდონი ზუსტად იმის განსახიერებაა, რასაც გერმანელი სპეციალისტი შეტევის გასაძლიერებლად ეძებდა: ფეხბურთელი, რომელიც პრესინგის დროს დაუღალავია, მოედნის ბოლო მესამედში ბურთებს ჭრის და დაცვაში ჩამოსვლაზეც არასდროს ამბობს უარს. ის მოედანზე ყველაფერს დებს, გამოირჩევა კომბინაციური თამაშითა და საოცარი სისწრაფით. შესაბამისად, მის პირველ ორ შეხვედრას, რომელმაც პესიმისტურად განწყობილ ფანებში ჭორები წარმოშვა, ტექნიკური შტაბის აზრზე გავლენა არ მოუხდენია.
მსოფლიო ჩემპიონატზე აფეთქება კონგოსა და მექსიკის წინააღმდეგ
ერთია კლუბის რწმენა და მეორე – ორი მატჩით გამოწვეული ხმაურის გაქრობა. სწორედ ამიტომ, მუნდიალის 1/16 ფინალში კონგოსთან, ხოლო მერვედფინალში მექსიკასთან ჩატარებულმა ბრწყინვალე შეხვედრებმა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნა.
კონგოსთან მატჩი მან სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, რადგან ტუხელმა არჩევანი რაშფორდზე შეაჩერა, თუმცა მოედანზე მისი შესვლა გადამწყვეტი გამოდგა. გორდონმა ჰარი კეინს ორი საგოლე გადაცემა გაუკეთა: პირველი თავზე ბრწყინვალე ჩაწოდებით, ხოლო მეორე – მეტოქის ნახევარზე ბურთის ჩაჭრისა და პასის შემდეგ, რაც კეინის გენიალური გოლით დასრულდა.
ამ გამოსვლის წყალობით მან მექსიკასთან სასტარტოში ადგილი დაიბრუნა, სადაც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და თავისი თვისებები სრულად გამოავლინა. მან ხავიერ აგირეს გუნდი იმდენად გამოფიტა, რომ მექსიკელთა მწვრთნელმა ხუმრობით “Fuck you, Gordon”-ც კი დაუძახა. ენტონიმ მოედნიდან ბურთის მოგერიებებში, ზუსტ პასებსა და ჩართულობებში საუკეთესო სტატისტიკა აჩვენა, მოიგო თითქმის ყველა დუელი, ჩაჭრილი ბურთის შემდეგ პენალტიც გამოიმუშავა და ჰარი კეინის იდეალურ პარტნიორად ჩამოყალიბდა.
რაფინიას ტრავმების კომპენსირება
მისი ტრანსფერი კლუბს რაფინიას ხშირი ტრავმიანობის კომპენსირებაშიც დაეხმარება, რომელიც აქამდე შეტევაში პრესინგს ლიდერობდა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა დაზიანებების გამო “ბარსელონაში” 26 მატჩი გამოტოვა, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჰაიტისთან ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ტრავმა ხელახლა გაუმიზეზდა. გორდონის სახით, რომელიც ტრავმების დაბალი პროცენტით გამოირჩევა, ფლიკმა ზუსტად ის მიიღო, რასაც ეძებდა. სან ჟოან დესპის ოფისებში მუნდიალზე უკვე დაინახეს ის ფეხბურთელი, რომელმაც მათ თავი “ნიუკასლში” შეაყვარა.
კომენტარები (0)