workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ელ გუახე” ან “დიდი ბავშვი” უბრალოდ ასტურიის მეფე !

“ელ გუახე” ან “დიდი ბავშვი” უბრალოდ ასტურიის მეფე !

კატალონიის “ბარსელონამ” გუშინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ დავიდ ვილია კლუბს დატოვებს… ასტურიელი ფეხბურთელის კარიერა “ბარსელონაში” უკვე დასრულდა.. არავის დაავიწყდება “ბლაუგრანას” მორიგი ელეგანტური შვიდიანი, რომელმაც გულშემატკივარს არაერთი ულამაზესი მომენტი აჩუქა.. არცერთ კულეს არ დაავიწყდება ვილიას დუბლი კლასიკოში, არცერთ კულეს არ დაავიწყდება ვილიას გოლი უემბლიზე და ის ბრწყინვალე საღამო “მილანთან” მატჩში.. ეს იმ დაუვიწყარი მომენტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც არ შეიძლება არ გავიხსენოთ…


ვილიას პრობლემა დღეს ყველასათვის ცნობილია – ჯანმრთელობა, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობიდან დიდი პრობლემების ქვეშ იდგა, მას ადრეულ ასაკში ოდნავ დააკლდა და ჯერ არ დაწყებულ კარიეარასაც დაასრულებდა. მან მუშა ფეხის ტერფის ძვალი მოიტეხა და უმძიმესი დაზიანებაც მიიღო. ასტურიაში დაბადებულ დავიდ ვილია სანჩესს, 9 წლის ასაკში ფეხი მოტეხეს და მამამისის, იმხანად მეშახტე ხოსე მანუელ ვილია სანჩესის დაჟინება რომ არა, ფეხბურთს ვეღარც ითამაშებდა. ბიჭმა რთული გზა გაიარა, თავის დროზე, მისმა საყვარელმა კლუბმა “ოვიედომ” დაიწუნა კიდეც და მხოლოდ 19 წლისა იყო, როცა სეგუნდ ადივიზიონის ხიხონის “სპორტინგში” მოიკიდა ფეხი. “მას ჰქონდა უდიდესი ტექნიკური თვისებები, მისი პირველი ბურთზე შეხება მუდამ შესანიშნავი იყო, მიუხედავად ამისა ვერავინ იტყვის კონკრეტულ ვინმეზე, რომ ვინმე ამას შესძლებს. თქვენ შეგეძლოთ გეთქვათ, რომ ის იყო ტალანტური. ის აკეთებს მუდამ ჭკვიანურ დიაგონალებს, ცდილობს გაარღვიოს დაცვითი ხაზი. ის შეუცვლელად ღებულობს სწორ გადაწყვეტილებებს.” – პეპე ასებალი, “ხიხონის” ყოფილი მენეჯერი.

 

 “ელ გუახე” არ განეკუთვნება მათ ტიპს, რომლებიც ბავშვობაში ვუნდერკინდად ითვლებოდნენ. მას ესპანეთის არც 17 და არც 19-წლამდელთა ნაკრებში არ უთამაშია, მხოლოდ რამდენიმეჯერ მოუზომავს 21-წლამდელთა ნაკრების მაისური. მიუხედავად ამისა ვილია ჩამოყალიბდა პროფესიონალ ფეხბურთელად და ესპანეთის ეროვნული ნაკრების გმირად ! დიახ ვილია იყო და არის “ვალენსიის” ლეგენდა.. და რა თქმა უნდა ესპანეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდა, რომ არა “გუახეს” გოლები ძნელია “ფურია როხას” წარმატება იმ დონის ყოფილიყოს როგორიც დღესაა.. ვილიამ “ბარსელონაში” მხოლოდ 3 წელი და 3 სეზონი ითამაშა პირველ რიგში ძნელია მას ამ სამი სეზონის მანძილზე ლეგენდა ვუწოდოთ მაგრამ ის კულეების ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელად რჩება ! 28 წლის ვილიას მხოლოდ საკლუბო დონეზე აკლდა ტიტულები.. მივიდა “ბარსელონაში” და ნებისმიერი ფეხბურთელისათვის საოცნებო ზღაპრული 3 წელიწადი გაატარა.. იყო გვარდიოლას ერთ-ერთი იარაღი, რომელმაც არაერთი საოცარი გასროლა მოახერხა, როგორიც “უემბლიზე” საღამოს იყო…

 დავიდ ვილიას ოქროს წლები ნამდვილად “ვალენსიაში” ჰქონდა 2005-2010 წლებში, როდესაც მასში ნამდვილი ქარიზმატულობა ჩამოყალიბდა.. იგი გახდა კლუბის ერთპიროვნული ლიდერი და მთავარი ფიგურა.. ვილიამ კლასი და დონე ესპანეთის ჩემპიონატში არაერთხელ დაამტკიცა.. მას ჰქონდა გოლის გატანის საოცარი ალღო, ჰქონდა ნამდვილი ბომბარდირული თვისებები ის ნამდვილად “ვალენსიას” სიამაყე იყო.. იყო ნამდვილი “ღამურა”, როგორიც სანტიაგო კანისარესია.. მას კარიერის პიკი სწორედ “ვალენსიაში” ჰქონდა.. 2010 წელს კი “ბარსელონაში” უმაღლესი დონის და კლასის მქონე გამოცდილი ფორვარდის სტატუსით მივიდა და მიღებულ უმძიმეს ტრავმამდე სტატუსი ერთხელაც არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.. ჩაატარა საუცხოო სადებიუტო სეზონი და კლუბს არაერთი ტიტულის მოგებაში დაეხმარა.. პეპ გვარდიოლა დავიდზე ქებას არ იშურებდა და თავდასხმის ხაზში ვილია & მესის ტანდემიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის ეპოქაში.. ვილიას ისტორია უკვე დაწერილია “ბარსელონაში” და მან საკუთარი კვალი უკვე დატოვა.. ფეხბურთელები კი ადრე თუ გვიან კლუბს ტოვებენ.. 31 წლის ვილიას კლუბში დარჩენა კი ფაქტიურად ყველაზე ცუდი ნაბიჯი იქნებოდა მის კარიერაში, რადგან ისეთი ფეხბურთელების ფონზე, როგორიც ნეიმარი, მესი, პედრო, სანჩეს, ტელიოა.. ვეტერანი ნამდვილად დაიჩრდილებოდა და ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა, რომ ტიტო ვილანოვას ნდობას დაიმსახურებდა… “ვალენსიის” ლეგენდა ერთი სიტყვით ძველი დიდების დასაბრუნებლად “ატლეტიკოში” იბრძოლებს !

 

“ვილია იქ მხოლოდ იმისათვის არ არის, რომ პიესა დაწეროს. ვილია არის სინონიმი სიღრმისა, ეს იმას ნიშნავს რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია გახსნას მოძრაობის ბილიკები რათა მცველების ყურადღება მიიპყროს და ამავდროულად სივრცეები გაუხსნას სხვებსაც.”იოჰან კრუიფი. 

“ის ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს, პირადად ჩემთვის ვილია შეუფასებელი და წამყვანი ფეხბურთელია, გუშინდელ მატჩში ის უფრო მომეწონა ვიდრე წინა თამაშებში.”ჟოსეპ გვარდიოლა (2011)

“ნამდვილად არ ვიცი რა ხდება ვილიას თავს. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ათამაშებენ “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში. “ბარსა” უამრავ თამაშს ატარებს. დიდი იმედი მაქვს, მას მეტი სათამაშო დრო მიეცემა. მთავარი კი ისაა, რომ ტრავმებისგან შორს დაიჭიროს თავი”ვისენტე დელ ბოსკე (2012) 

“არ ვიცი დევს თუ არა რაიმე სიმართლე ვილიას გუნდიდან წასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციებში. ვფიქრობ, რომ არა. როგორც არ უნდა იყოს, მე არ მინდა, რომ დავიდმა კლუბი დატოვოს. იმიტომ, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია “ბარსელონასათვის”ანდრეს ინიესტა (2012 

 

“ბარსელონა” და კარიერის ულამაზესი წლები 

ვილიას კარიერა “ბარსელონაში” 2010 წლიდან დაიწყო, როცა 28 წლის ფეხბურთელი მაისში “ბარსელონადან” წასული პრეზიდენტის უკანასკნელი შენაძენი აღმოჩნდა. ესპანელი ბრწყინვალედ გამოვიდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე. იგი ტურნირის ბომბარდირი გახდა 5 გოლით (რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად), საბოლოოდ კი ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ვილიას წვლილი ამაში საკმაოდ დიდი იყო. 

“ბარსელონას” მაისური ვილიამ პირველად “ესპანეთის სუპერთასზე” მოირგო “სევილიის” წინააღმდეგ, ხოლო გუნდში სადებიუტო გოლი გამპერის თასზე იტალიურ “მილანს” გაუტანა. 29 აგვისტოს კი პრიმერა დივიზიონის მატჩში პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა “ბლაუგრანას” მაისურით. “ელ გუახემ” ბრწყინვალე თამაში აჩვენა “ელ კლასიკოშიც” სადაც “რეალის” განადგურებაში (5:0) დიდი წვლილი შეიტანა საკუთარი დუბლით. ფეხბურთელმა მთელი კარიერის ოცნება აიხდინა.. 2011 წლის 28 მაისს კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მეტიც, დავიდმა ულამაზესი და შთამბეჭდავი გოლი გაუტანა ლეგენდარულ ედვინ ვან დერ საარს, როგორც თავად ესპანელმა განაცხადა უემბლიზე გატანილი გოლი მის კარიერაში ყველაზე დაუვიწყარია… ვილიასთვის, მეორე სეზონი კლუბში საკმაოდ უიღბლო გამოდგა, რომელიც მისმა ტრავმამ განაპირობა. 2011 წლის დეკემბერში ვილიამ უკვე 30 წლის ასაკში მიიღო უმძიმესი ტრავმა რომლის შედეგად მას ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა. “გუახემ” გამოტოვა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი. 2012 წლის ივლისში ვილიამ ვარჯიშის უფლება მიიღო, ფეხბურთელის დებიუტი 11 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში შედგა, იგი ბუქარესტის “დინამოს” წინააღმდეგ მატჩში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა. ოფიციალურ მატჩში კი დავიდმა პირველივე მატჩში “სოსიედადის” კარი აიღო. ამავე წლის 28 ნოემბერს კი სამეფო თასზე დავიდმა “ალავესის” წინააღმდეგ შესრულებული დუბლის შემდეგ კარიერაში 300 გოლს მოუყარა თავი. ფეხბურთელმა 2012 წლის 7 სექტემბერს ერთწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა, სადაც ასევე გოლით გამოიჩინა თავი “საუდის არაბეთთან” მატჩში. 2013 წლის 8 ივლისს კი დავიდ ვილია ოფიციალურად გადადის “ატლეტიკოში” და მორიგი გამოწვევებისათვის ემზადება… 

 

 


“დავიდ ვილიას კვალიფიკაციაში ეჭვი არასდროს შემპარვია”სანტი კასორლა. 

“ჩვენ ყოველთვის ვამბობდით,რომ ვილია “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანია. თუ დავიდი იქნება კარგ ფიზიკურ ფორმაში ის გუნდის დახმარებას მუდამ შეძლებს”ჟორდი როურა

“მინდა კარიერა ბარსელონაში დავასრულო თუმცა ეს მხოლოდ ჩემს ნება სურვილზე არა, კლუბის ხელმძღვანელობა ივლისში გამაცნობს თავის პოზიციას, მანამდე კი არსად გადასვლას არ ვაპირებ და მთლიანად სანაკრებო მატჩებზე ვიქნები კონცენტრირებული”განაცხადა ვილიამ, კონფედერაციის თასის მსვლელობისას.. 

“დავიდ ვილია ფენომენია – ის საუკეთესოა ევროპაში”ქუინი (პიჩიჩის ხუთგზის მფლობელი)

“დავიდი გასაოცარი ფეხბურთელია – მას აქვს მობილურობა, ის იტანს გოლებს და ძალიან მამაცია. მე მუდამ მსურდა მისნაირი მოთამაშე მეხილა “არსენალში” თანაგუნდელად ის საოცარი იქნებოდა ინგლისურ ლიგაში.”სესკ ფაბრეგასი. 

“ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვავსებთ. ჩვენ ძალიან გვაფასებენ მოედანზე და ეს მისგანაც სასიამოვნოა ხოლმე. ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ ორივენი ვცდილობთ მცველებზე ზეწოლა ვიქონიოთ და ვიბრძოლოთ იმისათვის რათა ერთმანეთს მომენტები შევუქმნათ. ჩვენ ძალიან კარგად ვმუშაობთ ერთად.”ფერნანდო ტორესი.

“სხვებს ჰყავს კაკა ან კრიშტიანო რონალდო, მე კი დავიდ ვილია.”ვისენტე დელ ბოსკე 

 

“ერთად გავაცილოთ ასტურიელი გოლეადორი და წარმატება ვუსურვოთ “ატლეტიკოში”… ის აუცილებლად დაბრუნდება და მოგვევლინება ძველ “ელ გუახედ” ახალ კლუბში და ახალი გამოწვევებით.. ის კვლავ ითამაშებს “რეალის” წინააღმდეგ მადრიდულ დერბიში… “ბარსელონაში” მან უკვე თქვა თავისი სიტყვა ! “

სტატიის მიწურულს მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ლამაზი ვიდეო “ელ გუახეზე”… 

 

“ერთხელ კულე მუდამ კულეა”.. 

[media=http://www.youtube.com/watch?v=UGyxU3yihEU]

გოლეადორი ასტურიიდან ანუ “დიდი ბავშვი”

[media=http://www.youtube.com/watch?v=ZWBJk0oG9f4]

“ელ გუახე” უბრალოდ ასტურიის მეფე !

[media=http://www.youtube.com/watch?v=kStJbDjdCRM]

                                  დავიდ ვილია – ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ერის, “გვარდიოლას ერის” ერთ-ერთი წევრი.. 

                                                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ]

 


სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი
გმადლობთ ყურადღებისათვის !

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward