ესპანეთის თასის ნახევარფინალში, “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართულმა მატჩმა სტუმარი გუნდის უპირატესობით ჩაიარა. კატალონიელები უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს და უფრო მეტად ემუქრებოდნენ მეტოქის კარს. მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც ფრედ დასრულდა. თამაშიდან გამომდინარე, “ბარსას” გულშემატკივრებს უკმაყოფილების მიზეზი ნამდვილად აქვთ, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან სტუმრად გოლის გატანა და არწაგება ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.
მადრიდში გამართულ შეხვედრას, “ბარსელონას” მხრიდან, რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ჰყავდა. უპირველესად, უნდა აღინიშნოს ხერარდ პიკეს თამაში. “ბარსას” ცენტრალურმა მცველმა, მთელი თამაშის განმავლობაში, გუნდს ბურთი ყველაზე მეტჯერ მოუპოვა. პიკემ მეტოქეს ბურთი 16-ჯერ აართვა, ხოლო ამდენივე გადაცემა ჩაჭრა, ან დარტყმა დაბლოკა. “ბარსას” მე-3 ნომრის მიერ გაკეთებული 70 გადაცემიდან 64 ზუსტი გამოდგა. საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრის გარდა, პიკე შეტევაშიც ერთვებოდა და დიეგო ლოპესის საჯარიმოში სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა. ის კარგად არჩევდა პოზიციას და აჩერებდა ერთი შეხევით შეუჩერებელ შეტევებს. მე-2 ტაიმში, დაუჯერებელი ვარდნით, მან რონალდუს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც თავისი ხასიათი გვიჩვენა, სერხიო ბუსკეტსია. “ბარსას” მე-16 ნომერი გუნდის დაცვასა და ნახევარდაცვას შორის მბრძანებლობდა. ის “ბარსელონასთვის” მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც კონტრშეტევებზე ალბათ მსოფლიოში საუკეთესოდ მოთამაშე მეტოქის წინააღმდეგ, გადამწყვეტ მომენტებში, კარგად გაისარჯა.
არ უნდა დავივიწყოთ სესკ ფაბრეგასი, რომელმაც გოლი გაიტანა. უმაღლეს დონეზე იყო მისი ჩავისთან, ინიესტასთან და მესისთან კოორდინირება და ურთიერთგაგება. 50-ე წუთზე, მან გუნდი წინ გაიყვანა. “რეალთან” მატჩში, სესკი “ბარსელონადან” ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი იყო. გატანილი გოლის გარდა, მას კიდევ ერთი კარგი მომენტი ჰქონდა.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ დონ ანდრეს ინიესტას შესანიშნავი თამაში. მისი წყალობით, “ბარსელონა” ნახევარდაცვაში დომინირებდა. “რეალთან” მატჩში, ინიესტამ ფუნდამენტალური როლი ითამაშა, განსაკუთრებით მე-2 ტაიმში.