“ბარსელონას” საყრდენი ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი აცხადებს, რომ თასზე გასამართ “კლასიკოს” მისი გუნდი კარგ ფორმაში ხვდება, მაგრამ არასდროს იცი, რა მოხდება ასეთ მატჩში. ბუსკეტსის თქმით, მადრიდში გასამართ შეხვედრაში, მის გუნდს მხოლოდ მოგება დააკმაყოფილებს.
“ყველაფერი “კამპ ნოუზე” გადაწყდება. არამგონია, “სანტიაგო ბერნებაუზე” გამართულმა მატჩმა ფინალისტის ვინაობა გაარკვიოს. ჩვენი მიზანია აქცენტი საკუთარ თამაშზე გავაკეთოთ და არა იმაზე, რომ მეტოქეს არაერთი მოთამაშე აკლია.
კარგი შედეგი მხოლოდ მოგება იქნება და არა ფრე. მჭიდრო თამაში იქნება და არამგონია, შედეგმა რომელიმე გუნდი გამოუვალ სიტუაციაში ჩააგდოს, რადგან წინ კიდევ განმეორებითი მატჩია.”
კითხვაზე, მზადაა თუ არა, მთელი თავისი კარიერა “ბარსელონაში” გაატაროს, ბუსკეტსმა შემდეგნაირად უპასუხა: “ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელები პუიოლი, ჩავი და ვიქტორ ვალდესი არიან. ჩავი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. იგი კონტრაქტს ორშაბათს ახანგრძლივებს და იმედი მაქვს, ჩვენთან კიდევ არაერთი წლის განმავლობაში ითამაშებს.”
ბუსკეტსმა დრო გულშემატკივრებისთვის მხარდაჭერის გამო მადლობის გადასახდელადაც გამონახა: “გასულ სეზონში, “ჩელსისთან” მატჩში, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და გულშემატკივრებმა გვიჩვენეს, რომ მათ ეს დაინახეს. როდესაც ვიცით, რომ გუნდის უკან გულშემატკივრები არიან, ყველაფერი მარტივდება” – აცხადებს ბუსკეტსი, რომელიც კომენტარს ვიქტორ ვალდესისთვის ტაშის დაკვრაზეც აკეთებს – “გულშემატკივრებმა ვალდესს ის მისცეს, რაც მან დაიმსახურა.”
ბოლოს, ბუსკეტსი ლიონელ მესისაც შეეხო: “არამგონია, მას განსაკუთრებული მოტივაცია სჭირდებოდეს. ლეოს ყოველდღიურად განვითარება სურს და იგი ამას ახერხებს. სწორედ ამიტომაა ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი.”