დავიდ ვილია გასული კვირის ერთ-ერთი გმირი იყო. ”ბარსას” თავდამსხმელი უკვე ზედიზედ 3 მატჩია მეტოქე გუნდებს ამწუხრებს. ასეთი რამ 2011 წლის თებერვლის შემდეგ არ მომხდარა, როცა მან ზედიზედ ”სპორტინგს”, ”არსენალს”, ”ატლეტიკს” და ”მალიორკას” გაუტანა. ”მე უკვე დიდი ხანია გუნდთან ერთად ვარჯიშობ – პრე-სეზონის პირველივე დღიდან და ნელ-ნელა სათამაშო რითმს ვუბრუნდები” – განაცხადა ასტურიელმა ”ბარსა ტვ”-ს გადაცემა ”El Marcador”-ში. ”ბოლო 3 შეხვედრაში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვიყავი, რამაც არ შეიძლება, რომ არ გამახაროს. ვფიქრობ, რომ სრული მატჩი შორს არ არის” – დაამატა მან. ეს იყო მატჩები ”რაიოსთან”, ”ალავესთან” და ”სელტასთან”, სადაც ვილიამ ყველა მეტოქის დამწუხრება შეძლო. ამაზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა: ”თავდამსხმელისთვის გოლის გატანა მნიშვნელოვანია პირადი თვალსაზრისით, თუმცა გოლები ასევე ეხმარება გუნდს”.
შაბათის შეხვედრაში ვილიამ მოედანზე 79 წუთი გაატარა და 60 გადაცემიდან 53 ზუსტი იყო. ამ სტატისტიკას უნდა დავუმატოთ ერთადერთი დარტყმა კარში, რომელიც გოლით დასრულდა. ”ყოველ მატჩში თავს უკეთ ვგრძნობ. ჩვენ ძლიერი გუნდის დასამარცხებლად ოფლის დაღვრა მოგვიწია. გუნდები, რომლებიც ”სელტას” მსგავსად საჯარიმოში არ იკეტებიან პატივისცემას იმსახურებენ. ეს ფეხბურთს უფრო დიდებულს და სანახაობრივს ხდის” – განაცხადა ”ბარსას” მე-7 ნომერმა.
რეკორდული დაწყება
”ყველაფერი ახლა დაიწყო, თუმცა შაბათს დამყარებული რეკორდი ძალიან სასიხარულოა” – აღნიშნა ვილიამ. მან ასევე აღიარა, რომ ფეხბურთელებმა იცოდნენ, თუ რაოდენ უნიკალურ შედეგს მიაღწევდნენ გამარჯვების შემთხვევაში: ”ნათელია, რომ მოვა დრო, როცა ჩვენ კიდევ ერთი ფანტასტიკური გუნდი გაგვიხსენებს, რომელიც ამ რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება” – განაცხადა თავდამსხმელმა.
ისტორიულმა სტარტმა ლა ლიგაში 5 და თასზე 1 გოლის გამტანი ფეხბურთელი არ გააკვირვა: ”ჩვენ ყველანი კარგს ველოდით. ტიტოს დანიშვნამ ყველა დაამშვიდა”. ბოლოს ვილიამ განაცხადა, რომ გუნდი მოხარულია მესის გამო, რომელიც მამა გახდა. ერთადერთი, რაზეც ის წუხს ბევრი ტრავმირებული მოთამაშის ყოლაა: ”ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ისინი, ვინც მწყობრში არიან ტრავმირებულებს უნდა ცვლიდნენ. ახლა ჩვენი შედეგები დადებითია”.


