ესპანური ყოველდღიური გაზეთი, “ელ მუნდო დეპორტივო”, დარწმუნებით იტყობინება, რომ უკვე მომავალ კვირას ხოსეპ გვარდიოლა ოფიციალურად მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს კატალონიის “ბარსელონასთან”. მეტად პოპულარულ გაზეთში ასევე წერია, რომ ამ კონტრაქტის მეშვეობით, პეპი 2013 წლის ბოლომდე დარჩება გუნდში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ათასი ჭორი ვრცელდება მედიაში იმის თაობაზე, რომ გვარდიოლა ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს “ბლაუგრანას”. როგორც მოგეხსენებათ, მისი ამჟამინდელი კონტრაქტი სწორედ სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო სპეციალისტით უკვე დაინტერესდნენ ისეთი გრანდები, როგორებიც არიან “ჩელსი”, ინტერი” და “მანჩესტერ სიტი”. ასევე იყო საუბარი იმის თაობაზეც, რომ პეპს ესპანეთის ან ინგლისის ნაკრებშიც კი ელიან.
გვარდიოლა “ლურჯ–ბროწეულისფერთა” თავკაცი 2008 წელს გახდა. ამ ხნის მანძილზე მან უამრავი ტიტული მოაგებინა გუნდს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ პეპის ხელში “ბარსა” სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ორჯერ მოიგო “ჩემპიონთა ლიგა”.