მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთსულოვნება – “ცოცხალი ორგანიზმი”

ერთსულოვნება – “ცოცხალი ორგანიზმი”

11 დეკემბრის “კლასიკოს” შემდეგ მოვიძიე ინტერნეტში ვიდეო, სადაც ნათლად იქნებოდა ასახული კატალონიის “ბარსელონას”, ანუ “ცოცხალი ორგანიზმის” მოქმედება მოედანზე. ბევრი თქვენგანი გაიფიქრებს, რომ სისულელეა ეს ყველაფერი, რადგან იღბალი გადამწყვეტ როლს თამაშობს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” შემთხვევაში. მაგრამ მათ ვეტყვი, რომ ცდებიან ! ეს ასე არ არის, “ბარსელონას” თითოეული ნაბიჯი დაგეგმილი აქვს, იციან ვინ სად არის და ვინ რას გააკეთებს. ვიდეოში ნათლად არის ასახული კატალონიელთა ქმედებები. პირველი 10-15 წუთი მართლაც გაუჭირდათ “ამოსუნთქვა”, მაგრამ შემდეგ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. ამ ყველაფერში უდიდესი როლი ითამაშა სერხიო ბუსკეტსმა. დიახ, სწორედ მან, მისი სახელი შემთხვევით არ მიხსენებია. კატალონიელ ფეხბურთელს ფენომენალური ნიჭი აქვს თამაშის ხედვისა. იცის სად უნდა იყოს და ვინ უნდა დააზღვიოს. მოგეხსენებათ, გვარდიოლამ წელს ახალი ტაქტიკა გამოსცადა 3-4-3, რომელმაც გაამართლა, მაგრამ სერხიოს საქმე მოემატა. მას ხშირად უწევს მცველის პოზიციაზე დახევა, ზოგჯერ კი მათ უკანაც მოხვდება ხოლმე და სწორედ ასე იყო “რეალთან” მატჩში.

 

ვიდეოში ნახავთ როგორ “ახრჩობენ” კატალონიელები მადრიდელებს. ბრწყინვალედ გათამაშებული კვადრატები, კედლები… ყოველმა ფეხბურთელმა იცის ვინ იმყოფება მის უკან, წინ, გვერდებზე, ამიტომაც გამოსავალს იოლად პოულობს. დღევანდელი “ბარსელონა” მხოლოდ საფეხბურთო გუნდი არაა, ის “ცოცხალი ორგანიზმია”, რომელიც ერთი სასუნთქი მილით სუნთქავს, ერთი გონებით ფიქრობს და ერთი ხელის მოსმით აკეთებს ყველაფერს. მინდა აღვნიშნო ვალდესის კარგი თამაში, მიუხედავად იმისა, რომ პირველ წუთებში მან მეტოქეს “საგოლე გადაცემა” გაუკეთა. იმ მომენტში მას ხელს არავინ უშლიდა, მაგრამ მაინც ვერ გააკეთა გამიზნული გადაცემა. ვიქტორი მთელი თამაშის განმავლობაში ათამაშებდა ბურთს მცველებთან, რითაც იგი ფსიქოლოგიური წნეხიდან გამოსვლას ცდილობდა და ბრწყინვალედაც გამოუვიდა ეს. ანდრეს ინიესტა, ჩავი ერნანდესი და ლეო მესი ხომ საერთოდ განსაცვიფრებელნი იყვნენ… მათთვის ცნობილია მოედნის თითოეულ გოჯზე განვითარებული მოვლენა და აკონტროლებენ სიტუაციას ყოველ წამში.

 

ასევე გაქვთ შესაძლებლობა ნახოთ რას უშვებიან მადრიდელებს კატალონიელები, როდესაც 3 “თეთრი” კაცის ირგვლივ 6კაციან კედელს ააშენებენ და არ აძლევენ საშუალებას ბურთის გათამაშებისა, რასაც საბოლოოდ შედეგი გამოაქვს… ბრწყინვალე ართმევა, შეტევის სწრაფი გაგრძელება, დანი ალვესის ჩაწოდება და სესკ ფაბრეგასის თავური დარტყმა, ანგარიში 1:3. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” შეხვედრა 4 მცველით დაიწყეს: ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი, თუმცა დაახლოებით 10 წუთის შემდეგ სცენარი შეიცვალა. დანი ალვესი წმინდა წყლის ვინგერი გახდა, პუიოლმა დანის დასაზღვევად მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, აბიდალი მშობლიურ მხარეს დარჩა და ცენტრი ხერარდ პიკეს დაეთმო, მაგრამ შეხედეთ ამ დროს ბუსკეტსის მოძრაობას… ყოველ მადრიდულ იერიშზე ის მცველების უკან არის და არ აძლევს საშუალებას მეტოქე ფეხბურთელებს შეტევა განახორციელონ და ერთ-ერთ ასეთ მომენტში ოსტატურად აცლის კაკას ბურთს ფეხებიდან… ყველაფერი შესანიშნავია… გუნდი ერთსულოვანია… საოცარია, ნუთუ ასეთი რამ ოდესმე ვინმეს უნახავს? არა, არამგონია… და რატომ? იმიტომ, რომ მთავარი არ არის ვარსკვლავების ყიდვა მილიონებად… ალბათ შესაფერისი იქნება: “შეუჩვეველ ჭირს, შეჩვეული ჭირი ჯობიაო…”. იმედია, უმრავლესობა მაინც მიხვდა რას ნიშნავდა ეს. “კანტერა” უპირველეს ყოვლისა და შემდეგ სხვა დანარჩენი…

 

იმედი მაქვს, ყველაფერი გასაგებად ვთქვი, რადგან სწორედ ამ კრიტერიუმების წყალობით არის კატალონიის “ბარსელონა” მსოფლიოში პირველი გუნდი.

Visca El Barca, Visca Catalynia!

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=O2yUxXieLW0]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში