“ბარსელონას” ნახევარმცველის, როდრის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. AS-ის ჟურნალისტის, ხავიერ მიგელის ინფორმაციით, ფეხბურთელი შესაძლოა მოედანზე თავდაპირველად ნავარაუდევზე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდეს.
როდრიმ ტრავმა 3 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე “ასტონ ვილასთან” მატჩში მიიღო. გამოკვლევებმა მარჯვენა ბარძაყის უკანა კუნთის დაზიანება დაადასტურა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს გამოჯანმრთელების კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია, თავდაპირველი ინფორმაციით, ნახევარმცველს დაახლოებით 4-5 კვირა უნდა გამოეტოვებინა.
აქამდე მისი დაბრუნება 8 დეკემბრისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე ყოფილი კლუბის, “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ მატჩისთვის იგეგმებოდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა.
AS-ის ცნობით, “ბარსელონაში” ახლა როდრის დაბრუნებას 2 დეკემბერს, “ატლეტიკოსთან” შეხვედრისთვის გეგმავენ. ეს მატჩი ესპანეთის სუპერ თასის გამო ლა ლიგის კალენდარში გადმოტანილი შეხვედრაა.
უფრო მეტიც, არსებობს შესაძლებლობა, რომ როდრიმ სამედიცინო ნებართვა რამდენიმე დღით ადრე მიიღოს და 29 ნოემბერს, “დეპორტივოსთან” მატჩის განაცხადშიც მოხვდეს. ასეთ შემთხვევაში, მას მცირე სათამაშო დრო დაეთმობა, რათა “ატლეტიკოსთან” დაპირისპირებამდე ფორმის აღდგენა დაიწყოს. არ არის გამორიცხული, 2 დეკემბერს როდრი უკვე ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ.
კარგი სიახლეებია დანი ოლმოსთან დაკავშირებითაც. ესპანელი ფეხბურთელი, რომელმაც 20 ოქტომბერს, პსჟ-სთან მატჩში მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთი დაიზიანა, გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა.
მოსალოდნელია, რომ ოლმო სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველივე შეხვედრაში, 22 ნოემბერს, “ვილიარეალის” წინააღმდეგ დაბრუნდება. ამგვარად, მისი რეაბილიტაცია თავდაპირველად განსაზღვრულ ერთთვიან ვადას დაემთხვევა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ჰანსი ფლიკი უახლოეს კვირებში ნახევარდაცვის ორივე მნიშვნელოვან ფეხბურთელს დაიბრუნებს. როდრის, სავარაუდოდ, მხოლოდ “ვილიარეალთან” და ჩემპიონთა ლიგაზე აზერბაიჯანულ “საბაჰთან” შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.
საბოლოო გადაწყვეტილება ორივე ფეხბურთელის დაბრუნების შესახებ მათი ფიზიკური მდგომარეობისა და სამედიცინო პერსონალის შეფასების საფუძველზე მიიღება.




forum კომენტარები (0)