ფერმინ ლოპესი ამ კვირაში სატრანსფერო სუფრის მთავარი ფიგურა გახდა, მას შემდეგ რაც “ჩელსიმ” დაინტერესება გამოხატა. “ბარსელონამ” ზაფხულში არაერთი მოთამაშე გამოფინა ბაზარზე, მაგრამ განსხვავებით რონალდ არაუხოს, ანდრეას კრისტენსენისა და მარკ კასადოსგან, ლოპესს რეალური შესაძლებლობა აქვს, რომ პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.
ლონდონური კლუბი მზად არის “ბარსელონას” მოთხოვნილ თანხას – დაახლოებით 70 მილიონ ევროს – მიუახლოვდეს და ფეხბურთელს ხელფასის გაორმაგება ან სამჯერ გაზრდა შესთავაზოს. საუბარია წლიურად 15 მილიონ ევროზე. გარდა ამისა, “ჩელსიში” მას უფრო დიდი როლი ექნება, ვიდრე კატალონიაში აქვს.
კლუბის ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი ტრანსფერს ძალით არ მოახდენენ, თუმცა თუ ლოპესი თვითონ მოითხოვს წასვლას, სპორტული დირექტორი დეკუ მზად არის “ჩელსისთან” მოლაპარაკებისთვის. ამ გარიგებას “ბარსელონასთვის” დიდი ფინანსური შვება მოაქვს ხელფასების ლიმიტის მხრივ, თუმცა ეს წინააღმდეგობაში მოდის მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის სურვილთან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასახდელში ერთ-ერთმა თანაგუნდელმა ლოპესის გაყიდვაც კი მოითხოვა.
გადაწყვეტილების ვადა დღეს იწურება
Mundo Deportivo-ს ცნობით, ფერმინ ლოპესმა ასეთი მასშტაბური შეთავაზება სერიოზულად შეისწავლა და კლუბმა მას 48 საათიანი ვადა მისცა, რომელიც დღეს იწურება. თუ ფეხბურთელი თანხმობას განაცხადებს, “ჩელსი” ოფიციალურ წინადადებას გააკეთებს, თუმცა ჟურნალისტ გიელემ ბალაგეს ინფორმაციით, ლონდონელების შეთავაზება შესაძლოა €50 მილიონს არ გასცდეს და “ბარსელონას” მოთხოვნილ თანხას ვერ მიუახლოვდეს.
ლოპესი ბარსელონაში დარჩენისკენ იხრება
Sport-ის ცნობით, მიუხედავად სერიოზული წონის მქონე შეთავაზებისა, ლოპესი უფრო მეტად “ბარსელონაში” დარჩენისკენ იხრება. მისი სიტყვებით: “მე აქ მინდა ყოფნა” – ეს ფრაზა ახლობლებს უკვე უთხრა. მიუხედავად ამისა, ის ჯერ კიდევ აფასებს ყველა შესაძლებლობას, თუმცა საბოლოო პასუხი დღესვე უნდა გახდეს ცნობილი.