990 წუთი გადანაწილებული 27 თამაშზე, 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა, სულ ესაა, რასაც 21 წლის ანსუ ფატიმ თავი “ბრაიტონში” გატარებულ ერთ სეზონში მოუყარა.
ტრავმებისა და არაპროდუქტიულობის გამო, “თოლიებს” ფატისთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანის სურვილი არ აქვთ, თავად ანსუ კი Mundo Deportivo-სთან საკუთარი კარიერის შესახებ თავდაჯერებით საუბრობს. ფატის თქმით, ის ახლა 100%-ით მზადაა და იმედი აქვს, რომ ფლიკის ფორმაციის “ბარსელონაში” თავის დამკვიდრების საშუალება მიეცემა.
კამპ ნოუზე ბოლო გოლი მე გავიტანე და დიდი იმედი მაქვს, რომ განახლებულზე პირველს კვლავ მე გავიტან. საბოლოოდ ჩემი სურვილი ამ კლუბში თამაში და იმის ჩვენება გახლდათ, რომ გუნდის დახმარება შემიძლია. პატივი იყო “ბრაიტონში” თამაში, მაგრამ ახლა სახლში დავბრუნდი ჩემს კლუბთან, ჩემს ოჯახთან. ნდობა ისაა, რაც ბედნიერებას მანიჭებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარ და დიდი ხანია, რაც ამ კლუბში ვარ, “ბარსელონაში” თამაში კი ყოველთვის ჩემი ცხოვრების ოცნება იყო.
ბოლო ორი სეზონი ჩემთვის იოლი არ ყოფილა, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია. 21 წლის ვარ და პროგრესი არ უნდა შევაჩერო. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ სიყვარულს დავიბრუნებ, რასაც “ბარსელონას” გულშემატკივრებისგან მანამდე ვიღებდი. ქუჩაში ხალხთან შეხვედრისას მხარდაჭერას და გამხნევებას ვიღებ, რაც მოტივაციით მავსებს და მაძლევს საშუალებას, რომ წინ ვიარო და კლუბისთვის საუკეთესო გავიღო.
ამ ეტაპზე 100%-ით მზად ვარ და ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. სპორტულ დარბაზში საათებს ვატარებ. ხალხი ამბობდა, რომ ანსუმ მორიგი ტრავმა მიიღო, თუმცა სინამდვილეში 2 წელი ტრავმიანობის გარეშე გავიარე. მე მხოლოდ მცირედი დაზიანება მქონდა და ხალხმა ეს ვერ დაივიწყა. წინა სეზონში შეხვედრა სულ არ გამომიტოვებია.
ფლიკს ერთხელ უკვე შევხვდი. ის ინგლისში იყო ჩამოსული. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გადავეხვიეთ. მას წარმატებებს ვუსურვებ. ფლიკი საუკეთესო კლუბშია მოსული და დარწმუნებული ვარ, რომ საქმეს თავს კარგად გაართმევს.
– თქვა ანსუ ფატიმ.
როგორც ჩანს, ანსუ იმედიანადაა განწყობილი და აპირებს, რომ “ბარსელონას” რიგებში თავი მორიგ ჯერზე დაიმკვიდროს, თუმცა რამდენად გამოუვა 21 წლის ფეხბურთელს ეს ყოველივე, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
ფერანსაც აღარ სჯობს ?? ფერანი უნდა გაიყიდოს და ეს დარჩეს აუცილებლად.