workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხეტაფე-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ხეტაფე-ბარსელონა | მატჩისწინა მიმოხილვა

ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 13 აგვისტოს “ბარსელონამ” ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა. თამაშის დღეს ჯერ კიდევ არ ვიცოდით, ვის ექნებოდა “რაიო ვალიეკანოს” წინააღმდეგ მოედანზე გასვლის უფლება, რადგან ფეხბურთელების ნაწილის რეგისტრაციის საკითხი მოგვარებული არ იყო.

გავიდა 365 დღე, ისევ 13 აგვისტო, ისევ ლა ლიგის პირველი ტური და ისევ არ ვიცით, ვისი დარეგისტრირება მოესწრება თამაშის დაწყებამდე. შესაბამისად ჯერ არც განაცხადი გვაქვს.

კარგი ამბავი ისაა, რომ “ბარსამ” ლა ლიგაში უკვე დაარეგისტრირა ილქაი გიუნდოგანი, რონალდ არაუხო, ორიოლ რომეუ, სერჟი რობერტო და აბდე ეზალზული, ანუ ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩავის ყველაზე მეტად ჭირდებოდა. დასარეგისტრირებელი დარჩა ალეხანდრო ბალდე, ინიაკი პენია, მარკოს ალონსო და ინიგო მარტინესი. ბალდეს ძველ კონტრაქტს ვადა ჯერ კიდევ არ გასვლია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ახალი ხელშეკრულების დარეგისტრირება საჩქარო არაა. ინიაკი პენია სათადარიგო მეკარეა და იმედია, დღევანდელ მატჩში მისი გამოყენება არც დაგვჭირდება. ინიგო მარტინესი ტრავმირებულია და არც მისი რეგისტრაციაა საჩქარო. მარკოს ალონსოს კი დასარეგისტრირებელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს და მოსალოდნელია, რომ კლუბი მას ბოლოს დაარეგისტრირებს, ან მანამდე გაყიდის.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს – “რეალ მადრიდმა” პირველივე ტურში დაამტკიცა, რომ ახალ სეზონს კარგ ფორმაში ხვდება და “ბილბაოსთან” სტუმრად 2-0 მოიგო, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად იმავეთი უნდა უპასუხოს “ბარსამ”.

სათამაშო ფორმა

ვინაიდან დღეს ორივე გუნდისთვის სეზონის პირველი ოფიციალური თამაშია, მათ სათამაშო ფორმაზე რაიმეს თქმა რთული იქნება. თუმცა მაინც ვეცადოთ.

“ბარსელონამ” წინასასეზონო მზადების დროს 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე ძლიერ მეტოქესთან. “არსენალთან” 3-5 მარცხის შემდეგ კატალონიელებმა სამივე დაპირისპირება მოიგეს – 3-0 “რეალ მადრიდთან”, 1-0 “მილანთან” და 4-2 “ტოტენჰემთან”. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო გუნდის შემტევების კარგი ფორმა (რობერტ ლევანდოვსკის გამოკლებით).

“ხეტაფეს” ასეთ ძლიერ მეტოქეებთან სპარინგის საშუალება არ ჰქონია. თუმცა მადრიდელებმა 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრეს. მათ “ბრედფორდი” (3-0), “ლეგანესი” (1-0), “ინდეპენდიენტე ვალიე” (2-1) და “ვიტესი” (4-1) დაამარცხეს, ხოლო “რეიმსთან” (0-1) და “გრანადასთან” (1-2) თავად დამარცხდნენ.

დანაკლისი

“ხეტაფე” სეზონის სტარტს მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. დღევანდელ მატჩში მადრიდელებს კარმონა, არამბარი, მილია და გასულ სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ენეს უნალი არ ეყოლებათ.

“ბარსელონას” არ ეყოლება ინიგო მარტინესი, ასევე სავარაუდოდ ინიაკი პენია და მარკოს ალონსო.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში უპირატესობა, რა თქმა უნდა, “ბარსელონას” აქვს. სულ გამართული 40 თამაშიდან კატალონიელებმა 28 მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 4 წააგეს. “ბლაუგრანამ” გაიტანა 87 და გაუშვა 30 გოლი.

“ბარსელონასა” და “ხეტაფეს” ბოლო შეხვედრები გოლების სიმრავლით ნამდვილად არ გამოირჩევა. უკანასკნელ 3 შეხვედრაში მხოლოდ 1 ბურთი გავიდა, როდესაც “ბარსამ” “კამპ ნოუზე” 1-0 მოიგო. ეს “ხეტაფესთან” გამართულ ბოლო 23 შეხვედრაში “ბარსელონას” ერთადერთი წაგებაა. მადრიდში გამართული ბოლო 2 დაპირისპირება კი უგოლოდ დასრულდა.

ბოლო დროს “ბლაუგრანას” “ხეტაფესთან” სტუმრად თამაში ძალიან უჭირს. უკვე ხსენებულ ორ უგოლო ფრემდე კატალონიელები “ალფონსო პერესზე” ანგარიშით 0-1 დამარცხდნენ. “ბარსამ” “ხეტაფეს” მადრიდში გოლი ბოლოს 4 წლის წინ გაუტანა.

საინტერესოა, რომ “ხეტაფემ” “ბარსელონას” ოთხივე თამაში მშრალად მოუგო და ოთხივე მადრიდში – 4-0 და 2-0 2007 წელს, 1-0 2011 წელს და 1-0 2020 წელს. თუ “ბარსა” ამ გუნდთან აგებს, გოლის გატანასაც ვერ ახერხებს.

არბიტრი

შეხვედრას სესარ სოტო გრადო განსჯის.

სოტო გრადო 43 წლისაა. მან მსაჯობა 2010 წელს დაიწყო. 2018 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2019 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში გრადო თამაშში საშუალოდ 27.3 ჯარიმასა და 0.41 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.2 ყვითელ და 0.25 წითელ ბარათს უჩვენებს. სოტო გრადოს მიერ განსჯილი თამაშების 58%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 20%-ში – სტუმრები.

სესარ სოტო გრადოს სტატისტიკა “ხეტაფესა” და “ბარსელონას” თამაშებში:

ხეტაფე ბარსელონა
თამაში 6 7
მოგება 2 3
ფრე 3 0
წაგება 1 4
მოგების % 33% 43%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 1 3
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 2 2
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 1 1
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 0

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “ხეტაფესთან” გამართულ ბოლო 23 თამაშში მხოლოდ 1 წაგება აქვს;
  • ამ გუნდებს შორის მადრიდში გამართულ ბოლო 3 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გავიდა და ისიც “ხეტაფემ” გაიტანა;
  • “ბარსელონას” “ხეტაფესთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში 3 მოგება და 2 ფრე აქვს;
  • “ბარსელონა” “ხეტაფესთან” გამართულ ბოლო 3 თამაშში კარის მშრალად შენახვას ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ხეტაფესა” და “ბარსელონას” ბოლო 10 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონას” მიერ ლა ლიგაში გამართულ ბოლო 5 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ტოტალიზატორები “ხეტაფეს” მოგებას კოეფიციენტს 6.5 ანიჭებენ, რაც მოგების 15%-იან შანსს უდრის, “ხეტაფე” კი ასეთი თამაშების 33%-ს იგებს.
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.53 ანიჭებენ, რაც მოგების 65%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 75%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

რთული მატჩი გველის. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. გუნდი გავაძლიერეთ და საკმაოდ კარგად გამოვიყურებით.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, გარსია, ბალდე, რომეუ, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, რაფინია, ლევანდოვსკი, პედრი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, გიუნდოგანი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, პედრი.

AS

ბარსელონა (4-4-2): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, რომეუ, დე იონგი, გიუნდოგანი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი.

პროგნოზი

  • WhoScored: 0-3
  • SportsMole: 0-1
  • Sportskeeda: 1-3
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 14 აგვ 2023, 18:34
    #1

    0-0 მაგარია.