workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ვალენსია | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ვალენსია | მატჩისწინა მიმოხილვა

ევროპა ლიგიდან გამოვარდნას ერთი დადებითი მხარე აქვს – “ბარსელონას” კალენდარი შეუმსუბუქდება. დღეს “ბარსას” დატვირთული კალენდრის ბოლო შეხვედრა აქვს, რომლის შემდეგაც ჩავის გუნდს ცოტათი ამოსუნთქვის საშუალება ექნება.

ლა ლიგის წინა ტურში წაგების შემდეგ დღეს “ბლაუგრანას” გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიასთან” აუცილებლად მოგება ჭირდება.

სათამაშო ფორმა

ევროპა ლიგასა და ლა ლიგაში ზედიზედ 2 თამაში წაგების შემდეგ “ბარსელონას” ხასიათის გამოკეთება ჭირდებოდა. ამისთვის საუკეთესო ვარიანტი “სანტიაგო ბერნაბეუზე” თამაშია და კატალონიელებმა ეს შანსი გამოიყენეს.

დღევანდელ შეხვედრას “ბარსა” კარგ ხასიათზე, მაგრამ გადაღლილი და საკადრო პრობლემებით დამძიმებული ხვდება.

“ვალენსიას” ძალიან ცუდი სეზონი აქვს. ლა ლიგაში ზედიზედ 5 თამაშის წაგების შემდეგ “ღამურები” გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ და იქიდან ბოლო ტურში მოგების შემდეგაც ვერ ამოვიდნენ.

“ვალენსიას” სტუმრად 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. აქედან გუნდმა ბოლო 5 წააგო, უკანასკნელი 4 კი ისე, რომ გოლიც კი ვერ გაიტანა. ჩვენი დღევანდელი მეტოქის რიგებში ერთადერთი ნათელი წერტილი გიორგი მამარდაშვილია.

დანაკლისი

“ბარსელონას” ტრავმირებული დემბელეს, პედრისა და ლევანდოვსკის გარდა დისკვალიფიცირებული გავიც არ ეყოლება. სათადარიგოთა სკამზე ვერ ვიხილავთ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს, რომელიც ასევე დისკვალიფიცირებულია.

დანაკლისის გარეშე არც “ვალენსიაა”. სტუმრებს ხოსე გაია, გაბრიელ პაულისტა, მარკოს ანდრე, ედინსონ კავანი და “ბარსელონადან” განათხოვრებული ნიკო გონსალესი არ ეყოლებათ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდების დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს. “ბარსელონა” “ვალენსიაზე” მეტჯერ მხოლოდ “რეალ მადრიდს”, “ატლეტიკოსა” და “ბილბაოს” შეხვედრია.

“ღამურებთან” გამართულ 227 მატჩში “ბარსას” 110 მოგება, 57 ფრე და 60 წაგება, 440 გატანილი და 336 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

ბოლო დროს “ბლაუგრანა” მეტოქეს სტაბილურად უგებს. ბოლო 4 დაპირისპირება კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.

საკუთარ კედლებში გამართული 111 შეხვედრიდან “ბარსამ” 67 მოიგო, 28 ფრედ დაასრულა და 16 დათმო.

“კამპ ნოუზე” “ვალენსიასთან” გამართულ ბოლო 7 მატჩში “ბარსელონას” 5 მოგება და 2 ფრე აქვს.

არბიტრი

შეხვედრას ხავიერ ალბეროლა როხასი განსჯის.

როხასი 31 წლისაა. მან მსაჯობა 2013 წელს დაიწყო. 2015 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2017  წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში ალბეროლა როხასი თამაშში საშუალოდ 25.3 ჯარიმასა და 0.31 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.64 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს უჩვენებს. როხასის მიერ განსჯილი თამაშების 48%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 23%-ში – სტუმრები.

ხავიერ ალბეროლა როხასის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ვალენსიას” თამაშებში:

ბარსელონა ვალენსია
თამაში 6 9
მოგება 4 4
ფრე 2 2
წაგება 0 3
მოგების % 67% 44%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 1 4
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 1 2
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 0 2
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 0 1

გამორჩეული ფეხბურთელები

დღევანდელი თამაშისთვის ორი ფეხბურთელი უნდა გამოვარჩიოთ.

პირველი ფერან ტორესია. “ბარსას” ესპანელი შემტევი “ვალენსიას” სკოლის აღზრდილია. “ღამურების” აკადემიაში ის 11 წლის განმავლობაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ჯერ “ვალენსიას” მეორე, შემდეგ კი პირველ გუნდში დაწინაურდა, სადაც 3 წელი გაატარა. სწორედ “ვალენსიადან” გადავიდა ტორესი “მანჩესტერ სიტიში”.

ფერან ტორესს “ვალენსიას” მაისურით ჩატარებულ 97 თამაშში 9 გოლი და 12 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. “ღამურების” წინააღმდეგ მან სულ 2-ჯერ ითამაშა, ორივეჯერ “ბარსელონას” მაისურით, ორივეჯერ “მესტალიაზე” და ორივე შეხვედრა მოიგო.

მეორე ფეხბურთელი კი, რა თქმა უნდა, ვალენსიელთა ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილია. “ბარსელონა” გიორგის ფავორიტი გუნდია და რა თქმა უნდა, “ბარსასთან” დაპირისპირება მისთვის განსაკუთრებული იქნება.

მამარდას “ბლაუგრანას” წინააღმდეგ 2-ჯერ უთამაშია. მან ორივე შეხვედრა წააგო და 5 გოლი გაუშვა. დღეს კი მას “კამპ ნოუზე” პირველად ვიხილავთ.

“ბარსას” შეტევაში არსებული დიდი დანაკლისისა და გიორგის ძალიან კარგი ფორმის გათვალისწინებით დღეს მასპინძლებს გოლების გატანა უნდა გაუჭირდეთ. ბოლო მატჩებში რომ “ვალენსია” არ ნადგურდებოდა და საბრძოლო ანგარიშებით აგებდა, ეს სწორედ ქართველი მეკარის დამსახურება იყო.

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “ვალენსიასთან” ბოლო 4 თამაში მოგებული აქვს;
  • “ბარსელონას” “ვალენსიასთან” 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ვალენსია” “ბარსელონასთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან რვაში გოლი ორივე კარში გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები ოთხზე მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონასა” და “ვალენსიას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 11 ან მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “კამპ ნოუზე” მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული და ისიც თერთმეტმეტრიანი დარტყმით;
  • “ბარსელონა” ბოლო 17 თამაშიდან 16-ში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშში მსაჯები 4 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 11 ან მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ვალენსიას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “ვალენსია” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნის საშუალებას მეტოქეს აძლევდა;
  • “ვალენსიას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.53 ანიჭებენ, რაც მოგების 65%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 76%-ს იგებს;
  • ტოტალიზატორები “ვალენსიას” მოგებას კოეფიციენტს 5.75 ანიჭებენ, რაც მოგების 17%-იან შანსს უდრის, “ვალენსია” კი ასეთი თამაშების მხოლოდ 1%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ჩვენ ველით “ვალენსიას”, რომელიც კარგ დაცვას ითამაშებს. ისინი ძალიან აგრესიულები და ინტენსიურები არიან. ვიმედოვნებთ, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ვიდომინირებთ და საგოლე შანსებს შევქმნით.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ფატი, ტორესი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ტორესი, რობერტო.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ტორესი, ფატი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ფატი, ტორესი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-0
  • Sportsmole: 2-0
  • Sportskeeda: 2-0
  • 90min: 4-1
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 05 მარ 2023, 15:44
    #3

    მამარდასთან დიდი ბოდიში, მაგრამ დიდი პატივისცემის მიუხედავად მოუწევს დღეს კარიდან 2-3 ბურთის გამოტანა.

    ციტატა: Don_Andresito
    იმედია კესის ან რობერტოს არ დააყენებს შეტევში 4-4-2 ის ხათრით და 3 შემტევით შეუტევს. მართალია სამივე ოფიციალური ფარჩჩაკია შეტევაში მარა იქნებ რამე გამოუვიდეთ. ერთ ერთს მაინც. რა წყევლაა პროსტა, 100 მილიონზე მეტი გავისროლეთ ტორესი რაფინიაში, აქეთ კიდე ვითომ ვარსკვლავბიჭუნა ფატი, სამივე ერთად არ უდრის საშუალო დონის შემტევს. დეპაი გავუშვით და კი დაფრინავს სადაცაა. უკვე 3 გოლი აქვს ბოლო 2-3 თამაშში, მაგდენ გოლს ესენი მთელი სეზონი ვერ გაიტანენ. მგონი ჯობია ისევ ახალგაზრდა ვათამაშოთ რომელიმე, ეს პედროლა ვიცი რომელიცაა, დიდი არაფერი, აი ალარკონი მომეწონა წინა თამაშში ასე თუ ისე, სწრაფია შედარებით.


    დეპაიმ გუშინ 2 ბურთი გაიტანა თავიდანვე და სულ გაუმარტივა ატლეტიკოს ბურთების წვიმის მოწყობა.

  • C.PC5
    schedule 05 მარ 2023, 13:22
    #2

    რთულ თამაშს ველოდები მე პირადად, გასავარდნ ზონაშია ვალენსია, ვერც თამაშობს ვერაფერს მაგრამ ესეთ დაპირისპირებებში იკრებენ მაგ დონის გუნდები ძალებს და თამაშობენ ბოლომდე, თან მამარდაც მაგარ სეზონს ატარებს და ამ ბრუციანებს ხო საერთოდ ცალი ხელით გააჩერებს🙂

  • Don_Andresito
    schedule 05 მარ 2023, 12:28
    #1

    იმედია კესის ან რობერტოს არ დააყენებს შეტევში 4-4-2 ის ხათრით და 3 შემტევით შეუტევს. მართალია სამივე ოფიციალური ფარჩჩაკია შეტევაში მარა იქნებ რამე გამოუვიდეთ. ერთ ერთს მაინც. რა წყევლაა პროსტა, 100 მილიონზე მეტი გავისროლეთ ტორესი რაფინიაში, აქეთ კიდე ვითომ ვარსკვლავბიჭუნა ფატი, სამივე ერთად არ უდრის საშუალო დონის შემტევს. დეპაი გავუშვით და კი დაფრინავს სადაცაა. უკვე 3 გოლი აქვს ბოლო 2-3 თამაშში, მაგდენ გოლს ესენი მთელი სეზონი ვერ გაიტანენ. მგონი ჯობია ისევ ახალგაზრდა ვათამაშოთ რომელიმე, ეს პედროლა ვიცი რომელიცაა, დიდი არაფერი, აი ალარკონი მომეწონა წინა თამაშში ასე თუ ისე, სწრაფია შედარებით.