გუშინ, ლეო მესიმ ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ დრამატულ ბრძოლაში გამარჯვება ლუი ვან გაალის თვალწინ, ხუან რომან რიკელმეს ჟესტით აღნიშნა.
იმისთვის, რომ ამ აღნიშვნის ისტორია გავიგოთ, 20 წლით უკან უნდა გავიხედოთ. მაშინ მესი “ლა მასიაში” იყო, ვან გაალი კი “ბარსელონას” წვრთნიდა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ის ლეგენდარული მწვრთნელია, მაგრამ ლუის სამწვრთნელო უნარები ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებთან.
ვან გაალმა “ბარსაში” პირველი მოღვაწეობის დროს, 3 წელში 2 ლა ლიგა მოიგო და პირველ სეზონში შიდა დუბლი შეასრულა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ზედიზედ ორჯერ ჩარჩენა პრობლემა იყო. გარდა ამისა, ნიდერლანდელს კლუბის საუკეთესო ფეხბურთელ რივალდოსთან საჯარო კონფლიქტი ჰქონდა.
1999-2000 წლების სეზონის უტიტულოდ დასრულების შემდეგ ვან გაალმა კლუბი დატოვა.
2002 წელი და ვან გაალის დაბრუნება
ვან გაალის წასვლის შემდეგ “ბარსელონას” მომდევნო 2 სეზონი საშინელება იყო. კატალონიელთა ახალმა პრეზიდენტმა ჟოან გასპარმა არასდროს იცოდა, კლუბი როგორ ემართა. გასპარი აღიარებს, რომ “ბარსას” ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია. გუნდმა ზედიზედ ორჯერ ლა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა.
2002 წლის ზაფხულში გასპარმა გადაწყვიტა, კლუბში ნაცნობი მწვრთნელი მოეყვანა და ვან გაალი დააბრუნა.
დაბრუნების შემდეგ ნიდერლანდელის პირველი გადაწყვეტილება რივალდოს მოშორება იყო. ბრაზილიელს მსოფლიო ჩემპიონატი ახალი მოგებული ჰქონდა, მაგრამ ვან გაალს გუნდში მისი ყოლა არ სურდა.
რიკელმეს პერიოდი ბარსაში
რივალდოს წასვლის შემდეგ გასპარზე წნეხი იყო – გუნდს მისი შემცვლელი უნდა შეეძინა. კატალონიურმა გრანდმა ვარსკვლავური ტრანსფერი განახორციელა და “ბოკა ხუნიორსის” არგენტინელი ტალანტი, ხუან რომან რიკელმე დაიმატა.
რიკელმე გოლებს სპეციფიკური ჟესტით აღნიშნავდა, რომელსაც იტალიური პერსონაჟის სახელი ‘Topo Gigio’ ჰქვია.
მიუხედავად ვარსკვლავური ტრანსფერისა, ვან გაალმა საჯაროდ თქვა, რომ ეს კლუბის არჩევანი იყო და მას რიკელმეს მოყვანა არ მოუთხოვია. ევროპაში სადებიუტო სეზონის მქონე ფეხბურთელისთვის ეს კარგი მისალმება ნამდვილად არ ყოფილა.
როცა სეზონი დაიწყო, ვან გაალი რიკელმეს ფლანგზე დაყენებას ცდილობდა, მაგრამ არგენტინელი საკმაოდ სწრაფი არ იყო, რომ ამ პოზიციაზე ეთამაშა. მალევე, რიკელმემ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მცირე სათამაშო დრო ეძლეოდა.
ვან გაალის მეორე მოსვლა ნამდვილი ქაოსი იყო: ფეხბურთელებთან ჩხუბი, თასზე მე-3 ლიგის გუნდთან წაგება… ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ გუნდი ლა ლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფებოდა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულით უსწრებდა.
ვან გაალი და გასპარი წავიდნენ, შემდეგ ზაფხულში კი პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა აირჩიეს. მან რონალდინიო შეიძინა, რომელმაც რიკელმესგან “ბარსელონას” 10-ნომრიანი მაისური გადაიბარა.
რიკელმემ “ბარსა” მოსვლიდან 1 წელიწადში დატოვა. არგენტინელი თავდაპირველად “ვილიარეალში” იჯარით წავიდა, შემდეგ კი “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” ფეხბურთელი გამოისყიდა. მან “ვილიარეალსა” და “ბოკაში” შესანიშნავი წლები გაატარა.
ამ დროს ახალგაზრდა ლეო მესი “ლა მასიიდან” რიკელმეს, სავიოლასა და ვან გაალს თვალს ადევნებდა. წლების შემდეგ მესიმ რონალდინიოსგან 10-ნომრიანი მაისური გადაიბარა.
გუშინ “ლა პულგას” შანსი მიეცა, თავისი კუმირის, რიკელმეს გამო ვან გაალისთვის პასუხი გაეცა – მწვრთნელისთვის, რომელმაც რიკელმეს “ბარსელონური” კარიერა დაანგრია.
კვარაცხელია😂😂😂 კვარაცხელია მაგ დროს პამპერსებით დარბოდა ან კიდე გეგმაშიც არ იყო😂😂😂
ვან გაალმა იმდენი ილაპარაკა მესი მოედანზე დასეირნობსო რო ლეოსაც ამოუყვანა ყელში, ხოდა რაც მოაგონდა ის აჩვენა.
ვიღაცის სტილში გააკუებს და ახლა ის იქნება მისი კუმირი თუ რა პონტია? აბა აიმარი ვინ ჩემი დურბინდია
რიკელმე კი არა,კვარაცხელოას სტილში აღნიშნა.