ინტერვიუ ლეო მესისთან

ინტერვიუ ლეო მესისთან

რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა ლიონელ მესის ინტერვიუ, რომელიც მან წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, ხორხე ვალდანოს მისცა.

“ბარსელონას” ლეგენდა საუბრობს მის ბავშვობაზე, “ბარსაში” გადმოსვლაზე, პეპ გვარდიოლაზე, ლუის ენრიკეზე, ოჯახზე და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე.

რაც თავის მახსოვს, ბურთთან ერთად ვიზრდებოდი. ფეხბურთს ყოველთვის ვთამაშობდი, ძმებთან, ბიძაშვილებთან… უფროს ადამიანებთან, მეზობლებთან. ფეხბურთის თამაში მიყვარდა.

ძმებთან ერთად თამაში მინდოდა, მაგრამ ამის უფლებას არ მაძლევდნენ, რის გამოც ძალიან ვბრაზდებოდი. უთანხმოება ამის გამო მქონდა ხოლმე. ჩემი ბავშვობა დროის ქუჩაში გატარება იყო. დღეს ეს ძალიან რთულია. ადრე ფეხბურთი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

სკოლაში ზარმაცი ვიყავი, თუმცა კარგად ვიქცეოდი. ფეხბურთის თამაშის აკრძალვით მსჯიდნენ, რის გამოც იძულებული ვიყავი, უკეთ მესწავლა.
როდესაც 7 ან 8 წლის ვიყავი, “ნიუელსის” თამაშების ყურება დავიწყე. შემდეგ ამ გუნდში თამაშიც და იქ 12 წლამდე გავჩერდი.
არგენტინაში მკურნალობა 11 წლის ასაკში დავიწყე. ეს ძალიან ძვირი იყო, მაგრამ მამა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გადაეხადა. რთული სიტუაცია იყო.
ქუჩამ ბევრი რამ მასწავლა. არგენტინა პატარა ასაკში დავტოვე, მაგრამ მანამდე ბევრი რამ ვისწავლე.
“რივერ პლეიტში” სინჯებზე ვიყავი. მათ მითხრეს, დავბრუნებულიყავი, რომ მზად იყვნენ, ჩემი მკურნალობა დაეფინანსებინათ, თუმცა “ნიუელსისგან” ნებართვა მჭირდებოდა. არც კი მიცდია, რადგან ვიცოდი, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა.
“ბარსელონაში” სინჯებზე 15 დღის განმავლობაში ვიყავი. “ბარსაში” ყოფნა შესანიშნავი იყო. ტანსაცმელი და ბუცები მომცეს. ვარჯიშის დაწყების წინ ბურთს გაძლევენ იმისათვის, რომ თავად გახურდე. ასეთი რამ მანამდე არასდროს მენახა და შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი.
როგორც პიროვნული, ასევე საფეხბურთო კუთხით ბარსელონაში ჩასვლა ძალიან დიდი ცვლილება იყო. არგენტინაში ყოფნის დროს ძირითადად დავრბოდი, მაგრამ ბურთით ყოფნა იშვიათად მიწევდა. “ბარსელონაში” კი ყველა ვარჯიში ბურთით ტარდებოდა.
ადაპტაცია “ბარსაში”? გასახდელ ოთახში პრობლემები მქონდა, მაგრამ როდესაც მოედანზე გავდიოდი, ყველა პრობლემა ქრებოდა. მენატრებოდა ქუჩაში გასვლა და ისე თამაში, როგორც ამას არგენტინაში ვაკეთებდი.
დღეს 10-11 წლის ბავშვებისთვის რთულია, ქუჩაში ფეხბურთი ითამაშონ, რისი მიზეზიც უსაფრთხოების ნაკლებობაა. გარდა ამისა დღევანდელ ბავშვებს ბევრი რამ აქვთ, მაგალითად Playstation, iPad და ა.შ.
ვფიქრობ, ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. დღეს გაცილებით რთულია, განსხვავებული ფეხბურთელი ნახო, რომელიც სხვებს არ ჰგავს. მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა ასაკიდანვე ყველა ერთნაირად თამაშობს. ეს პრობლემაა.
ფეხბურთი უფრო და უფრო ტაქტიკური ხდება. დღეს ვხედავთ, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია, ნებისმიერ მეტოქეს პრობლემები შეუქმნას იმის მიუხედავად, რომ მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყავს, თუმცა ტაქტიკურად გამართულად თამაშობს. მაგრამ ასეთ დროს განსაკუთრებული ფეხბურთელების ნახვა რთულია.
“ბარსელონაში” პირველი წელი ძალიან რთული მქონდა. 6 თვე თამაშის საშუალება არ მეძლეოდა, შემდეგ კი ტრავმა მივიღე.

ოჯახის წევრები განცალკევებულები ვიყავით. მამა მეკითხებოდა, ხომ არ მინდოდა, არგენტინაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ყველაზე რთული პერიოდი უკვე გავლილი მქონდა. რთული დრო იყო.

ვფიქრობდი, რომ ოჯახისგან შორს ყოფნა ჩემი ბრალი იყო, თუმცა ფეხბურთის თამაშის გარდა სხვა არაფერი მინდოდა.

“ბარსელონასთან” კონტრაქტი 14 წლის ასაკში გავაფორმე. პირველი წელი დაუჯერებელი იყო. მომდევნო წელს დამაწინაურეს. ორი წლის შემდეგ კი უკვე პირველ გუნდთან და “ბარსა ბ-სთან” ერთად ვვარჯიშობდი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
ძალიან ორგანიზებული ვარ, მიყვარს, როდესაც ყველაფერი წესრიგშია და ვღიზიანდები, როდესაც რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება.
გამპერის თასამდე რაიკარდის გუნდთან ერთად აზიაში წინასასეზონო მზადება მქონდა გავლილი. იმ დროს “ბარსაში” მარკესი, რონალდინიო და ეტო’ო თამაშობდნენ. გამპერის თასზე “იუვესთან” თამაშმა ყველაფერი შეცვალა. მას შემდეგ კლუბის ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა.
რონალდინიო, დეკუ, მოტა, სილვინიო, ჩავი, პუიოლი… მათ თავიდანვე მაგრძნობინეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი. ისინი ძალიან კარგად მეპყრობოდნენ. ადვილი არაა, ასეთ გუნდში მიხვდე და ადაპტაცია გაიარო.

მამას ვუთხარი, რამე უნდა გაგვეკეთებინა იმისათვის, რომ არგენტინელ ხალხს ჩემი “ბარსაში” ყოფნის შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა. ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ორი ამხანაგური თამაში ჩავატარე და უკვე მიცნობდნენ. მინდოდა, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა.

ნაკრებში თამაში 17-18 წლის ასაკში დავიწყე. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი მოვიგეთ. ოლიმპიურ ნაკრებში ძალიან კარგი ბიჭები თამაშობდნენ.

არგენტინის მხრიდან აღიარებას ყოველთვის ვგრძნობდი, მაგრამ იყო არგენტინის ნაწილი, რომელსაც ჩემში ეჭვი ეპარებოდა. ისინი ეჭვის თვალით უყურებდნენ ყველაფერს, რასაც გავაკეთებდი.
და ეროვნულ გუნდთან ერთად წარმატების დროც მოვიდა. ამას წინ იმედგაცრუების მრავალი წელი უძღოდა. სწორედ ამიტომ ვიტირე კოპა ამერიკის მოგების შემდეგ.
მოურინიოს “ჩელსისთან” თამაშები ბრძოლა იყო. მოედანი ცუდი… რთული თამაში გვქონდა. “ბარსას” ამ სტადიონზე ერთი წლის წინ უკვე ჰქონდა ნათამაშები. მეტოქე ძალიან ბევრს მირტყამდა.
გვარდიოლას ერა განსაკუთრებული პერიოდი იყო. იმ პერიოდში ყველაფერი მოხდა. გვარდიოლა მოვიდა, ბევრი რამ გვასწავლა და როგორც გუნდი, გაგვაუმჯობესა. მან ფეხბურთელების უნიკალურ თაობას მიაგნო. ეს შთამბეჭდავი იყო.
გვარდიოლასთან ერთად ნებისმიერ ადგილზე მივდიოდით და ვიცოდით, რომ უნდა მოგვეგო, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მეტოქე. ვიცოდით, რა უნდა გაგვაკეთებინა, როგორ უნდა გაგვეკეთებინა… ყველაფერი ვიცოდით. მტკივნეული წაგებებიც გვქონდა, მაგრამ ყოველთვის თავდაჯერებულები ვიყავით.
გვარდიოლა თამაშებისთვის ისე ემზადება, როგორც სხვა არავინ. მან ყველაფერი იცის.
ვწუხვარ, რომ გვარდიოლას ერა უფრო დიდხანს არ გაგრძელდა, მასთან ერთად მუშაობით მეტი სიამოვნება რომ ვერ მივიღე.
გვარდილასთან ერთად ყველაფერი უფრო გვიადვილდებოდა და ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივად ხდებოდა, რომ ვერც კი ვიზარებდით, თუ რას ვაკეთებდით. დრო გადის და ვხვდებით, რომ უნიკალურ რაღაცებს მივაღწიეთ.
გვარდიოლა საუკეთესო მწვრთნელია, ამაში ეჭვი არ მეპარება. ის განსაკუთრებულია.
პეპმა დამირეკა. ის საწვრთნელ ბაზაზე იყო, მე კი სახლში ვიყავი. მასთან მივედი და მითხრა, რომ “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე უნდა მეთამაშა. მან მითხრა: “ჩვენ გავაკეთებთ ამას და ამას…” იმ დღეს ანრის მიერ გატანილი გოლი ზუსტად იყო წინასწარ დაგეგმილი.
ყოველთვის მიყვარს, როდესაც ბურთი ფეხში მაქვს. მომწონდა, როდესაც ჩემ გვერდზე ჩავი, ინიესტა და ბუსკეტსი თამაშობდნენ. მათთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივი იყო.
ლუის ენრიკე გვარდიოლას ძალიან ჰგავს. გვარდიოლა განსაკუთრებულია, მაგრამ ლუის ენრიკე მას მომზადებისა და თამაშის წაკითხვით ძალიან ჰგავს. ის პოულობს სივრცეს იმისათვის, რომ მეტოქეს ზიანი მიაყენოს. მას იგივე ფილოსოფია აქვს.
დღევანდელი ესპანეთის ნაკრები ისაა, რაც ლუის ენრიკეს სურს. მის შესანიშნავ მუშაობას ყველა აფასებს.
ლუის ენრიკე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მასთან ერთად ბედნიერი ვიყავი.
მე და ლუის ენრიკეს კონფლიქტი გვქონდა, მაგრამ მოვაგვარეთ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. არასდროს არავის ვატყუებ. ძალიან ბევრჯერ შევმცდარვარ და კიდევ ბევრჯერ შევცდები. ყველანი ადამიანები ვართ.
იყო მესი, ამას ნეგატიური მხარეც აქვს. ზოგჯერ მინდა, რომ ცნობილი არ ვიყო. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ მიყვარს. თუმცა ამას მივეჩვიე.
სკალონის ყოველთვის განსაკუთრებული პიროვნული თვისებები ჰქონდა. ის ძალიან კარგი მწვრთნელია. მისი საუკეთესო თვისება ფეხბურთელებთან კომუნიკაცია და გუნდის მართვის უნარია.
სკალონი თავის საქმეში დარწმუნებულია და არ აქცევს ყურადღებას, რას ლაპარაკობენ სხვები. ფეხბურთელებისადმი მისი დამოკიდებულება გუნდს ისეთად აქცევს, როგორიც დღესაა.
ნაკრებში მარადონას მწვრთნელობა შთამბეჭდავი იყო. მსოფლიო ჩემპიონატზე გაჭირვებით მოვხვდით, მაგრამ ვფიქრობ, მთელი პროცესი ძალიან კარგი იყო, წარუმატებელი დასასრულის მიუხედავად. ეს კარგი დრო იყო მისთვისაც, ის ჩვენთან ყოფნით ყოველდღიურად სიამოვნებას იღებდა.
ბრაზილიას ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ამ გუნდში ნეი თამაშობს. მათ მსოფლიო ჩემპიონატისთვის კარგი გუნდი ჰყავთ.
ვფიქრობ, ტრავმების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთსაც ძალიან კარგი გუნდი ჰყავს.
ევროპულ გუნდებთან ბევრი თამაში არ გვაქვს ჩატარებული. ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ხალხის ეიფორიას არ უნდა ავყვეთ და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ფავორიტები ვართ. რეალისტები უნდა ვიყოთ და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიაროთ.
ესპანეთი არის ნაკრები, რომელსაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტილი აქვს. ისინი გაიძულებენ, ირბინონ, ბურთს არ გაძლევენ… ამ გუნდს ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავს. ესპანელები ერთ სტილში თამაშობენ იმის მიუხედავად, თუ ვინაა მათი მეტოქე.
ჩემთვის უსაფრთხო სივრცე ჩემი ოჯახი და შვილებია.
ანტონელას იმ დროიდან ვიცნობ, როდესაც 7 წლის ვიყავი. როდესაც ბარსელონაში ჩამოვედი, მასთან მუდმივად კონტაქტის საშუალება არ არსებობდა. ერთმანეთს კვირაში ერთხელ ვესაუბრებოდით, ძალიან მცირე ხნით, რადგან საუბარი ძვირი არ ყოფილიყო. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ანტონელა ჩემ თავშია.
ოჯახისგან რჩევებს ყოველთვის ვიღებ. ისინი თავიანთ აზრებს მიზიარებენ. როდესაც მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან ერთად ვიმყოფები, “ლეო მესი” არ ვარ, ერთი უბრალო ადამიანი ვარ. ჩემთვის წლის საუკეთესო მონაკვეთია, როდესაც ოჯახთან ერთად დასასვენებლად არგენტინაში მივდივარ. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ვისწავლე, როგორ უნდა მივიღო განსხვავებული რაღაცებისგან სიამოვნება. ეს ასაკისა და იმის გათვალისწინებით ხდება, რომ ჩემი კარიერა დასასრულს უახლოვდება. დღეს კლუბსა და ნაკრებში ყოველი დღის გატარებისგან უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • იმედა_ხავიესტა
    16 ნოე 2022, 19:04

    temuri32,
    მესი და ბარსა ყოველთვის განუყოფელი იქნება

  • temuri32
    16 ნოე 2022, 10:30

    ისე რა არი ცხოვრება მესი ბარსელონას აღარ ეკუთვნის მაგრამ მაინც მესის მიელაპარაკება ყველა ალბათ პსჟ არ სწერს ამდენს მესიზე რამდენსაც ბარსელონას გვერდები წერენ smile ისე საჩემპიონო შანსები არგენტინას ნაკლები აქვს და ამას მესიც ხვდება სამწუხაროა რომ მსოფლიო თასის გარეშე დაასრულებს კარიერას

  • პავლოვიჩი
    15 ნოე 2022, 18:47

    ჯადოქარი….

  • nika 54
    15 ნოე 2022, 16:40

    "მე ვარ ადამიანი, რომელიც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. არასდროს არავის ვატყუებ. ძალიან ბევრჯერ შევმცდარვარ და კიდევ ბევრჯერ შევცდები. ყველანი ადამიანები ვართ".
    "ძალიან ორგანიზებული ვარ, მიყვარს, როდესაც ყველაფერი წესრიგშია და ვღიზიანდები, როდესაც რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება".
    "ჩემთვის უსაფრთხო სივრცე ჩემი ოჯახი და შვილებია"
    აი ეს თვისებები ჩემთვისაც კანონია, ეტყობა კირჩხიბები ერთმანეთს ძალიან გვანან.

  • Iniesta8
    15 ნოე 2022, 13:19

    რეალისტები უნდა ვიყოთ: აქ დამბურძგლა სანამ გავიაზრებდი