სანაკრებო ბატალიებიდან ფეხბურთელები ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაში დაბრუნდნენ. მესი, მასკერანო, სერხიო და აბიდალი არიან ის მოთამაშენი, რომლებმაც მატჩებში ყველა წუთი ითამაშეს.
გუნდს ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი დაუბრუნდა. ისინი დღეს საღამოს ვარჯიშს განაახლებენ და “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ შაბათს გასამართი მატჩისთვის მოემზადებიან. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელები არაჩვეულებრივ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფებიან, გარკვეულ ნაწილს დასვენების საშუალებაც მიეცათ – მხოლოდ ოთხმა მათგანმა დაჰყო მოედანზე მთელი 180 წუთი.
მესიმ და მასკერანომ ორი სრული მატჩი ჩაატარეს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში, ვენესუელისა და ნიგერიის წინააღმდეგ. გარდა თამაშებისა, ფეხბურთელებმა დიდი და დამღლელი გზა განვლეს კალკუტასა და ბანგლადეშამდე.
ბუსკეტსი არის “ბარსას” ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ნაკრების მაისურით 180 წუთის განმავლობაში ითამაშა, ჩილესა და ლიხტენშტეინის წინააღმდეგ. ერიკ აბიდალმაც ორივე შეხვედრა ჩაატარა საფრანგეთის ნაკრების მაისურით, ალბანეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ.
ხსენებული ოთხეულის შემდეგ, ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული წუთების მიხედვით, მოდის ალექსის სანჩესი. მან ჩილეს შემადგენლობაში 150 წუთი ითამაშა – სრული მატჩი ესპანეთის, ხოლო 50 წუთი მექსისკის წინააღმდეგ.
ვილიამ და ინიესტამ ესპანეთის შემადგენლობაში ერთი სრული, ხოლო ერთიც ნახევარი ტაიმი ითამაშეს. ჩავი ერნანდესმა მოედანზე 105 წუთი დაჰყო, თუმცა მეორე მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მისთვის, ვინაიდან ჩავიმ რაულის რეკორდი დაამხო, ნაკრებში ჩატარებული 103 მატჩის მიხედვით და გაიტანა ბრწყინვალე გოლი საჯარიმო დარტყმის შედეგად.
რაც შეეხება დანარჩენ ფეხბურთელებს: მხოლოდ ალვეშმა და კეიტამ ითამაშეს 90 წუთი თავიანთი ნაკრებების შემადგენლობაში. ფაბრეგასმა მხოლოდ 72 წუთი დაჰყო მოედანზე, ორი მატჩის ჯამში, სადაც ორი გოლის გატანა მოახერხა. პედრომ 45 წუთი ითამაშა, ხოლო ტიაგომ 35. ვალდესი და მონტოია ყველაზე ნაკლებად დაღლილები არიან, ვინაიდან არცერთ მათგანს ნაკრების შემადგენლობაში არ უთამაშიათ.



