ზაფხულია. უკეთეს შემთხვევაში საფეხბურთო სამყაროში ეს თვეები დიდი სანაკრებო ტურნირებით აღინიშნება, თუმცა, ამჟამად ასე არ არის, ამიტომ, ტრანსფერების, ჭორებისა და დიდი სურვილების თვე გამოდის.
სანამ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები მოვლენ, ან, წავლენ, მანამდე კარგი იქნება თუ კლუბის ისტორიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ტრანსფერს გავიხსენებთ.
აგერ, კესიე უკვე მოვიდა, რაფინია გზაშიაო ამბობენ და ლევანდოვსკი ბარგს ალაგებს.
დავიწყოთ!
სამი ყველაზე დიდი ტრანსფერი:
იოჰან კრუიფი
ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი ტრანსფერი იყო, რადგან, როცა კრუიფი „ბარსაში“ გადმოვიდა ის უკვე იყო მეგავარსკვლავი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, თანაც სულ რაღაც 26 წლის. საუკეთესოთა სია გრძელი ნამდვილად არ ყოფილა, მასზე მაღლა მხოლოდ პელე იდგა, დი სტეფანოსთან მიმართებით დიდი მსჯელობა იყო გამართული და საკუთარ ეპოქაში კაიზერ ფრანცთან იბრძოდა პირველობისთვის.
„ბარსამ“ იყიდა ფეხბურთელი, რომელმაც სამჯერ ზედიზედ მოიგო ჩემპიონთა თასი, სამჯერ მოიგო ოქროს ბურთი, კლუბს რომ მისთვის ხელი შეეწყო კაცმა არ იცის რამდენი ოქროს ბურთით დაასრულებდა კარიერას. თუმცა, „ბარსა“ მაშინ ძლიერი გუნდი ნამდვილად არ ყოფილა. ამიტომ, იოჰანმა ლა ლიგა მხოლოდ სადებიუტო სეზონში მოიგო. ეს დიდი ამბავი იყო. გადმოვიდა თუ არა ჩემპიონი გახდა. მომდევნო წლებში თასიც მიაყოლა. ეგ იყო და ეგ.
რაც მთავარია, კრუიფმა მოიტანა ფილოსოფია. ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს მოხდა ეს ამბავი, მწვრთნელობის პერიოდში კი ყველაფერი თავის ჭკუაზე დაატრიალა.
ასეთ მწვერვალზე მყოფი ფეხბურთელი „ბარსას“ აღარ უყიდია.
დიეგო მარადონა
ჯერ კიდევ 17 წლისა როცა ნახეს ხალხი მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებულთან ჰქონდათ საქმე. 18 წლისაზე ამბობდნენ, რომ პელეზე დიდი გახდებოდა, უკვე ეძახდნენ საფეხბურთო მესიას, მაგრამ 18 წლის დიეგო მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს, ატირეს მესია. 78 წლის მუნდილაზე დიეგო ვერ წავიდა, კრუიფი კი არ წავიდა. არადა, საინტერესო იქნებოდა ფინალში მათი დაპირისპირების ხილვა, მათი ასაკის გამო ასეთი შესაძლებლობა მსოფლიოს აღარ ჰქონია.
ფინალი არგენტინამ მოიგო. მას მერე ნიდერლანდელთაგან ყველაზე ხშირად ნათქვამი სიტყვებია, – „კრუიფი რომ იქ ყოფილიყო“..
გაბრაზებულმა დიეგომ კი ისეთი რაღაცების კეთება დაიწყო, რაც მანამდე არავის ჰქონია ნანახი. „არგენტინოს ხუნიორსში“ და „ბოკაში“ შეუჩერებელი იყო. ისიც კი დაწერა ბიოგრაფიულ წიგნში ასეთ კარგ ფორმაში არასდროს ვყოფილვარო. (გადაამეტა). მომდევნო მუნდილაზე მთავარ იმედებს მასზე ამყარებდნენ, (პლატინისთან, ზიკოსთან და ყიფიანთან ერთად). ჩვენიანი ვერ წავიდა, „ბერნაბეუზე“ მომხდარი ამბის გამო. მოტეხილი ფეხი მოირჩინა, მაგრამ არ გამოვიდა, არადა.. ბრაზილიასთან ელოდა ჯახი. ხალხს კი უკვე ნანახი ჰქონდა, რომ ყიფიანი ზიკოს არაფრით ჩამორჩებოდა.
დიეგომ კი ორი სახე გვაჩვენა, ის ორი სახე, რომელიც მთელი კარიერის მანძილზე თან დაჰყვებოდა, ორი სახე, რომელსაც კაპადია თავის ფილმში ასე ყოფს, – ერთი იყო დიეგო, მორიდებული, უნიჭიერესი და თავმდაბალი ბიჭი, მეორე კი იყო მარადონა, – ღმერთკაცი, რომელიც მუდმივად იბრძოდა საკუთარ დემონებთან.
დიეგომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე ფანტასტიკურად ითამაშა. მაშინ უკვე გადაწყდა მისი ყიდვა და სატრანსფერო რეკორდიც ყველა შემთხვევაში მოიხსნებოდა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჯერ იტალიელმა ყასაბმა ურტყა, თან ისე ურტყა, რომ მუდმივად მოტეხილობის ზღვარზე იყო, (დღეს ფეხბურთს ასე არავინ თამაშობს), მერე კი ბრაზილიის ჯერი მოვიდა, როცა თავად წავიდა თავის ცნობილი წიხლით და გააწითლეს.
ორი სახე დიეგომ ყველგან აჩვენა სადაც კი უთამაშია. მათ შორის „ბარსაშიც“. ხან იყო ღმერთკაცი, რომელსაც „ბერნაბეუც“ კი ტაშს უკრავდა, იქნევდა წიხლებს, დადიოდა ღამის კლუბებში, იყნოსავდა კოკაინს, ხანაც იყო თავმდაბალი ბიჭი, რომელიც ძალიან ბევრს ვარჯიშობდა და ცდილობდა მოედანზე საუკეთესო ყოფილიყო.
საფეხბურთო მესია. დიეგო დაიბადა იმისათვის, რომ მარადონა გამხდარიყო.
„ბარსაში“ მხოლოდ ორი წელი დაჰყო, თუმცა, დასამახსოვრებელი ბევრი დატოვა.
რონალდო
კიდევ ერთი სატრანსფერო რეკორდი. ოქროს ბიჭუნა ბრაზილიიდან, უკვე მსოფლიო ჩემპიონი, პელეს მემკვიდრე! მოლოდინი ძალიან დიდი იყო, უამრავი ხალხი დახვდა აეროპორტში, სასტუმროსთან, მიაცილეს სტადიონთან. მაშინ რომ სოციალური ქსელები ყოფილიყო ყველგან რონალდოს ფოტო იქნებოდა „ბარსას“ მაისურში, ფეისბუქი და ტვიტერი არა, მაგრამ გაზეთები იყო და მთავარ გვერდზე ყველგან „კიჭა“ ეხატა.
ის გზა გაიარა, რაც რომარიომ, მაგრამ, რონალდოსგან უფრო მეტს ელოდნენ. ჰოდა, მიუხედავად ასეთი მოლოდინისა, მიუხედავად ასეთი წნეხისა, იმედები გაამართლა და შეიძლება ითქვას, რომ გადააჭარბა კიდეც. ასეთი შედეგიანი ფორვარდი „ბარსას“ ალკანტარას შემდეგ არ ჰყოლია. ასეთი დრიბლინგი, ასეთი მოძრაობები საერთოდ არავისგან უნახავთ, მათ შორის, არც რომარიოსგან.
მოგვიანებით, რონალდინიომ დააბრუნა ეს შოუ „კამპ ნოუზე“.
ტოპ 3 ტრანსფერი – ვინც ყველაზე მეტად გაამართლა
რივალდო
„ბარსამ“ იყიდა მას შემდეგ, რაც რონალდო გაყიდეს. ორი ფეხბურთელით სცადეს მისი ჩანაცვლება, ორი ბრაზილიელით, ერთი რივალდო იყო, მეორე სონი ანდერსონი. სხვათა შორის, სონი ცუდი არ ყოფილა, ვერ ვიტყვი, რომ ტრანსფერი ჩავარდა, უბრალოდ ვან გაალს არ მოსწონდა და კლუივერტი ამჯობინა.
რივალდო კი ლეგენდა გახდა. უდიდესი ლეგენდა!
რივალდო აღმოჩნდა ძალიან მებრძოლი, ძალიან ერთგული და წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელი. რივალდო აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც მარტო ახერხებდა მატჩების მოგებას, და რაც ყველაზე მთავარია, ამას ახერხებდა ცენტრალურ მატჩებში.
მოგებას, გადარჩენას.. „ბარსა“ მაშინ ხშირად იყო გადასარჩენი და რივალდო იყო კაცი, რომელიც ამას მუდმივად აკეთებდა.
მისგან ბევრს ელოდნენ, მაგრამ ის რაც მან გააკეთა, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა.
საუკეთესო მატჩი უდავოდ „ვალენსიასთან“ ჰქონდა.
ასევე,
„რეალთან“ „ბერნაბეუზე“.
„მილანთან“ „სან სიროზე“.
„მანჩესტერთან“ „კამპ ნოუზე“.
მატჩები სადაც მარტო თამაშობდა.
რონალდინიო
მოლოდინი დიდი იყო. მემკვიდრეობაც ძალიან დიდი იყო. რომარიომ, რონალდომ და რივალდომ წარუშლელი კვალი დატოვეს. კიდევ იყვნენ ბრაზილიელები, რომელთა წაშლაც მეტნაკლებად შესაძლებელია, მაგალითად, ჯოვანი და სონი ანდერსონი, მაგრამ ცუდი არცერთი არ ყოფილა. ჯოვანიმ კოუტინიოს ნამდვილად აჯობა.
რონალდინიო უკვე იყო მსოფლიო ჩემპიონი, თანაც, ძალიან კარგად ითამაშა. მისი გამოჩენაც ვარსკვლავური იყო ბრაზილიის ნაკრებში და მაშინვე მიიქცია „ბარსას“ ყურადღება, მაგრამ პსჟ-ს გაატანეს, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ არასტაბილური იყო. საფრანგეთში კი მთელმა მსოფლიომ გაიგო რა იყო ამ არასტაბილურობის მიზეზი, თურმე, რომარიოს ჯიშისა ყოფილა.
ქალები, სამბა, სასმელი და კაცმა არ იცის კიდევ რა.
ასე რომ, რისკი იყო, თანაც ძალიან დიდი. მაგრამ, ხუთიდან, დაუვიწყარი სამი წელი მივიღეთ. რონალდინიოს სადებიუტო სეზონი ძალიან დაუფასებელია, რეალურად, პირველივე წელს დაიწყო ჯადოქრობა. სეზონის პირველ ნახევარში იყო ძალიან კარგი, მაგრამ კლუბი ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ, ზამთარში ედგარ დავიდსი მოვიდა, „ბარსა“ 4-3-3-ზე გადაეწყო, რონი ფლანგზე აღმოჩნდა და ბოლომდე გაიხსნა.
ზღაპრული იყო. წარმოუდგენლად მაგარი!
მომდევნო სეზონი კიდევ უფრო მაგარი ჰქონდა, ოღონდ შედეგიანობას მოუკლო, ეტო’ოსა და ჟიულიზე თამაშობდა, იშვიათად გაჰქონდა, მაგრამ თუ გაჰქონდა იყო ბრწყინვალე! – „მილანთან“ „კამპ ნოუზე“, „ჩელსისთან“ „სტემფორდ ბრიჯზე“, „რეალთან“ ჯარიმა „ბერნაბეუზე“, „ვალენსიასთან“ შორეული გასროლა „მესტალიაზე“ და ა.შ.
მესამე სეზონი იყო კულმინაცია. ამ დროს ისიც ითქვა კარიერის ბოლოს, შესაძლოა ყველაზე მაღლა დადგესო. მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში მაყურებელმა დარეკა და იკითხა, – რაღა უნდა გააკეთოს ამ კაცმა, რომ მარადონაზე მაღლა დადგესო, ჰოდა, ლოგიკური პასუხიც მიიღო, – მოიგოს მუნდიალი, თან ისე რომ საუკეთესო იყოსო.
მოჰყვა მესამე სეზონს მუნდიალი. უნდა ინატროს ფეხბურთელმა რომ პიკში შეხვდეს ამ ტურნირს. შეხვდა პიკში და დაიწყო დაღმასვლა. რონიმ ისე იზეიმა ჩემპიონთა ლიგის მოგება, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არაფერს აღარ ჰგავდა. რონალდოც უკეთესი იყო და კაკაც. ზიდანზე ხომ საუბარი ზედმეტია..
მეოთხე სეზონი იყო შედეგიანი, მაგრამ ჯადო გაქრა. ცენტრალურ მატჩებში რონი აღარ იყო ისეთი, როგორიც გვახსოვდა.
მეხუთე სეზონი იყო კატასტროფა, თუმცა, სეზონის გამხსნელი და ბოლო გოლი მაინც ჯადოსნური გამოვიდა. სხვაგვარად არ შეეძლო.
ის რაც ამ კაცმა მოიტანა, სტატისტიკაში ვერ აისახება.
სტოიჩკოვი
სტოიჩკოვი და არა რომარიო. ალბათ იმიტომ, რომ გაცილებით ნაკლებს ელოდნენ და მაგრად გაამართლა. შესძინა „ბარსას“ რაღაც ისეთი, რაც ხშირად აკლდა ხოლმე, – ბრძოლისუნარიანობა. შეუპოვარი და ჯიუტი იყო, შემთხვევითი არ არის, რომ კრუიფის „ბარსამ“ ორჯერ ბოლო ტურში მოიპოვა ჩემპიონობა, ბოლომდე სდია ხან „რეალს“, ხან „დეპორს“ და ოქრომდე მივიდა.
მოუხდა ხრისტოს ხასიათი „ბარსაში“ თავმოყრილ ბასკებს და დაუვიწყარი დუეტიც შექმნა ბრაზილიელ რომარიოსთან, საერთოდ, ვინმე იფიქრებდა, რომ ბულგარულ-ბრაზილიური დუეტი სადმე, რომელიმე სფეროში იმუშავებდა? ფეხბურთში იმუშავა.
ლეგიონერებზე ლიმიტის გამო კრუიფს მძიმე არჩევანის გაკეთება უწევდა ხოლმე, მაგრამ შემცირებაში თითქმის არასდროს ყვებოდა სტოიჩკოვი. გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის თამაშობდა.
შეიძლებოდა დაესვენა ლაუდრუპს, მერე კუმანს, იშვიათად, მაგრამ რომარიოც დამჯდარა ამ პრობლემის გამო, მაგრამ, სტოიჩკოვი ხელშეუხებელი იყო.
„ოქროს ბურთიც“ ერგო. თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ მხოლოდ ევროპელებს აძლევდნენ. რომ არა ეს უაზრო წესი, ოქროს ბურთი რომარიოს ჩაბარდებოდა.
ტოპ 3 იმედგაცრუება
სამეულში ვერ ნახავთ დემბელეს, გასაგებ მიზეზთა გამო. „დამბოს“ დიდი არაფერი გაუკეთებია „დორტმუნდში“, რომ განსაკუთრებული იმედებით დავხვედროდით. აქ სულ სხვა ამბავია, აქ უკვე შემდგარ ვარსკვლავებზე და ხანდახან ლეგენდებზეც კი გვაქვს საუბარი.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი
პეპს ჩრდილი ვერ მიადგება, მაგრამ ჰქონდა თავის ახირებები. ერთ-ერთმა ეტო’ო იმსხვერპლა. „ბარსას“ ლეგენდარული ცხრიანი, მადრიდის „რეალის“ კოშმარი!
პეპს არ გამოსდის ცხრიანებთან ურთიერთობა. ხანდახან საერთოდ არ იყენებს ხოლმე. ახლა მთელი მსოფლიო ელის ჰოლანდთან რა და როგორ წავა. გატყდება ეს ნავსი თუ ვერა..
იმაზეც წუწუნებდა მეორე სართულზე მაგრად გვიჭირსო, ბოლო წუთებზე პიკეს უშვებდა ხოლმე შეტევაში, ჰოდა, მოიყვანა იმ დროს საუკეთესო ფორვარდად წოდებული იბრაჰიმოვიჩი. „ინტერში“ ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა, საოცარი გოლები შეყარა და დიდი ამბით მოვიდა. პრესკონფერენციაზე თქვა ჩემპიონატში თუ 25 გოლი გავიტანე წარმატებად ჩავთვლიო.
ოცდახუთიო..
ეტო’ომ ბოლო სეზონში 30-ზე მეტი შეაგდო.
ვერ გაიტანა. ვერც ითამაშა. მუდმივად ამოვარდნილი იყო. ლიდერობა სურდა, ეს აუცილებლად უნდა გაეთვალათ, არ შეიძლება ასეთი ლიდერის მოყვანა იქ, სადაც მესი თამაშობს. არ გამოვა ეს ამბავი.
ყველაფერი ნახევარფინალში გამოვლინდა. მილანში ყველაზე ცუდი იყო. „კამპ ნოუზე“ კი გადამწყვეტ მომენტში მესის პასი არ მისცა, გვარდიოლამ თავში ხელები შემოირტყა და მანდ დამთავრდა.
ზედმეტად დიდი ეგო იყო იმისათვის, რომ ერთი რიგითი წევრი გამხდარიყო.
კოუტინიო
გაამართლებს „ბარსაში“?
რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში. „ინტერში“ გვახსოვს მარცხენა ფლანგზე, „ლივერპულშიც“ გვახსოვს მარცხნივ, კლოპის ეპოქაში.
როჯერსთან რვიანზე თამაშობდა და იყო ძალიან მაგარი!
მისი მთავარი პოზიცია კი ათიანზე იყო. თავისუფლად შეგვიძლია უნივერსალი ვუწოდოთ, თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში ეს არავის უკვირს.
დრიბლინგი, პასი, დარტყმა.. თან რა დარტყმა?! როგორ აკლია „ბარსას“ შორიდან დარტყმა.
მოედნის ხედვა, ტექნიკა, რატომ ვერ უნდა გაამართლოს ვითომ? გააგრძელებს დიდი ბრაზილიელების ტრადიციას.
აი, ასეთი მოლოდინი იყო.
რაღაც უბედურება მივიღეთ.
სად გაიპარა შეცდომა? იქნებ მაშინ, როცა ვალვერდემ მარჯვენა ნახევარმცველად დააყენა?
ან, მაშინ, როცა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ ჰქონდა და ტონუსიდან ამოვარდა?
იქნებ, მესიმ დააკომპლექსა? თავი ვარსკვლავი ეგონა და ნახა, რომ თურმე ძალიან პატარა ყოფილა.
რავიცი, ასეთ ჩავარდნას არ ველოდი.
ვიცოდი, რომ დემბელე იმედს გაგვიცრუებდა, ვიცოდი, რომ გრიზმანი ვერ ითამაშებდა, მაგრამ კოუტინიოსგან ასეთ უბედურებას არ ველოდი.
ტიერი ანრი
ოპა..
რა უნდა ანრის აქ?
როგორც ლაპორტამ თქვა მისი გაცილების შემდეგ, – მადლიერი ვარ, თუმცა, უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მისგან უფრო მეტს ველოდითო.
ნამდვილად ასეა. ვიყიდეთ თანამედროვე ფეხბურთის უდიდესი ლეგენდა. პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. (ყველაზე ბევრი ვერსიით).
ადამიანი გოლი!
ადამიანი ელეგანტურობა!
გაგორებული დარტყმა შორეულ კუთხეში და მუხლებზე გასრიალება!
აი, ამას ველოდით და რაღაც სხვა მივიღეთ.
საწყის ტურებში ექვსჯერ გაარტყა ბურთი ძელს. არ წაუვიდა. არადა, ეტო’ოს ტრავმა ჰქონდა და დროც საკმარისად მიიღო. მერე თავადაც მიიღო დაზიანება და სადებიუტო სეზონი ჩააგდო. ჰქონდა კარგი მატჩები, მაგრამ იმის ნახევარიც არ იყო, რაც „არსენალში“.
სადღაც ინგლისში კი ფერგიუსონმა თქვა, – „ვენგერი მიხვდა, რომ ანრის დრო წავიდა და ამიტომ შეეგუა მის გაშვებასო“, – ცუდად ჩამაფიქრა ამ სიტყვამ, მახსოვს.
მეორე სეზონი იყო ძალიან კარგი. ალბათ ეს იყო სეზონი, როცა მივხვდით, რომ ცოტა სახეშეცვლილ ანრის უნდა შევგუებოდით. ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც „ჰაიბერიზე“ გვახსოვდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი.
ძველი ანრი მხოლოდ „ბერნაბეუზე“ ვნახეთ.
უჰ, რა იყო..
ღირდა. მხოლოდ ამ მატჩად ღირდა ეს ტრანსფერი.
ყველაფერი მოიგო. ის, რაც ლონდონში დააკლდა, ბარსელონაში აინაზღაურა.
მესამე სეზონი.. სკამზე გადასვეს და მორჩა.
უდიდესი ფორვარდი დავითრიეთ და მხოლოდ ერთი სეზონი წაგვადგა. თუმცა, ზლატანისგან და კოუტინიოსგან განსხვავებით, ანრის ყოველთვის დადებითაც გავიხსენებთ.
მადლობა ავტორს. თავიდანვე ეტყობოდა რომ ფეოლას სტატია იყო
ჩემი ასაკის ხალხს ემახსოვრება რო იმ დროს როცა კრუიფი მოედანზ მეფობდა, მისი ნახვა ასე მარტივი არ იყო. ჩვენს ტელევიზიაში ასეთ თამაშებს ყოველნაირად გვიმალავდნენ რო გული არ გაგვსკდომოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ყურებით. მაგრამ აი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებს და რა თქმა უნდა ოლიმპიადასაც სიამოვნებით გვანახებდნენ. კრუიფის თამაში 1974 წლის მუნდიალზე ვნახე და სამუდამოდ დამამახსოვრდა, ბარსელონას გულშემატკივარიც მის გამო გავხდი თუმცა არაფერი არ ვიცოდი არც ბარსელონის და არც ევროპის სხვა ჩემპიონატების შესახებ. ერთადერთი გამონათება იყო "ლელო" სადაც ბოლო გვერდზე თითო წინადადებით მიმოიხილებოდა სხვადასხვა ჩემპიონატები. ასე ვგულშემატკივრობდით გუნდს რომელსაც ფაქტიურად არ ვუყურებდით. დღეს ჩვენ ბედნიერები ვართ და მადლობა ღმერთს ამისთვის.
კოუ იყო უნივერსალი?დარტყმა ჰქონდა კი,ისეთი ნებისმიერი სუპერფეხბურთელი უარს არ იტყოდა,დანარჩენი?მე მაგალიAდ თავიდანვე ,ვიცოდი რომ ვერ გაქაჩავდა ბარსაში,ეგ კიარა იბრაც და ანრი. რომ ვერა ეგეც…აი დე იონგზე დარწმუნებული ვიყავი რომ დააკვდებოდა ბარსას,თუმცა…
ვილაზე დარწმუნებული ვიყავი და ეგეთი ფორვარდი დევიდის მერე აღარც გვყოლია,სუარესამდე.ვილა იყო სუპერი!!
ტიტი მესისი შემდეგ ჩემთვის საუკეთესოა. ბრაზილიელები ბარსაში თითქმის ყოველთვის იყვნენ და თან ისეთები რომლებმაც ეპოქა შექმნეს ჩემი აზრით სხვა ბევრ რამესთან ერთად ესეც აკლია ბარსას.
ამ სიიდან ზოგის თამაში არ მაქ ნანახი, ზოგმა გაამართლა, მაგრამ ერთი ვიცი კოუტინიოზე ყოველთვის დამწყდება გული 😭
არცერთი გამოგვიყენებია ბოლომდე, ყველა ადრე გავუშვით, ზოგი პიკში. 5 კიარა 8-10 ლიგის თასი უნდა გვქონდეს.
უდიდესი სიამოვნებით წავიკითხავდი ფეოლას სტატიას მესიზე. მესის დასაწყისი გექნება ნანახი მეგობარო, მთლიანი კარიერა. ყველა სტატიაზე მბურძგლავს, მესიზე რა მომივა წარმომიდგენია. იქნებ შენი ემოცია გაგვიზიარო <3
სასაცილო ამბავია მხოლოდ ბარსელონა და მისი კუანა კულეები მიცემდნენ მარადონას და რონალდოს გაყიდვის უფლებას მართველობას🤬 დრო გადის და მართველობის სტილი ამ გუნდში არ იცვლება. ამის ფონზე რა გასაკვირია მხოლოდ 5 ჩემპიონთა თასი?
მე ყველაზე კარგად რონალდინიოს ტრანსფერი მახსენდება, ერთი სიამოვნება იყო საწყის წლებშიც მისი ფეხბურთი. ალბათ ყველაზე ლაღი რაც მინახავს. მშვენიერი სტატიაა! ყოჩაღ ავტორს 👍