დღეს “ბარსელონა” ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. კატალონიური კლუბის 23 ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმების გასავლელად უკვე გამოცხადდა.
წინასასეზონო მზადების პირველ დღეს გუნდის ბაზაზე ვიხილეთ ფრანსიშკუ ტრინკაუც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ვულვზი” კატალონიურ კლუბს 6 მილიონ ევროს გადაუხდის. ამ ინფორმაციას BBC-ზე დაყრდნობით Sport ავრცელებს.
გასულ ზაფხულში ტრინკაუს “ვულვზში” განათხოვრების დროს “ბარსელონამ” აშკარად ჭკვიანურად იმოქმედა. გარდა იმისა, რომ კატალონიელებმა ფეხბურთელის ხელფასის გადახდა სრულად ინგლისურ გუნდს დააკისრეს, მათ ტრანსფერიდან მოგების ნახვაც გაინაღდეს. იმ შემთხვევაში, თუ “ვულვზი” ტრინკაუს გამოსყიდვას გადაწყვეტდა, ამ გუნდს 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევდა, ხოლო გამოსყიდვაზე უარის შემთხვევაში ინგლისელები “ბარსას” 6 მილიონს გადაუხდიდნენ. სწორედ ამ თანხას მიიღებს “ბლაუგრანა”, რადგან “მგლებმა” პორტუგალიელის შეძენაზე უარი თქვეს.
ახლა “ბარსელონას” ტრინკაუს ტრანსფერზე მუშაობა ისევ მოუწევს. ფეხბურთელის მომდევნო გუნდად ლისაბონის “სპორტინგი” სახელდება, რომელთანაც “ბარსა” მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
გასულ სეზონში ტრინკაუმ “ვულვზის” მაისურით 30 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ეს, რომ იყიდა იმ ავად სახსენებელმა 31 მილიონად, იაფი მეგონა. დღეს კი ეს თანხა ასტრონომიულად მიმაჩნია ამ გაჭირვების გამო.
ნუ ზარალი მაინც არ მიგვიღია ამისგან. გაასხვისონ თუ ვერ მოაწონა თავი ჩავის.
ჯერ დააცადონ, ნახონ პრესეზონზე როგორია და მერე გადაწყვიტონ დარჩება თუ არა