ბარსელონა-ლიონი | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ლიონი | მატჩისწინა მიმოხილვა

“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ მატჩისწინა მიმოხილვა მივუძღვნათ. ჩვენი გოგონები ხომ ზედიზედ მეორედ არიან იქ, სად მოხვედრასაც კაცები 2015 წლის შემდეგ ვერ ახერხებენ.

დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. კლუბებს შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი “ბარსელონა” ისტორიაში საუკეთესო “ლიონს” დაუპირისპირდება.

2021/22 წლების სეზონი ქალთა ფეხბურთში გარდამტეხ სეზონადაა მიჩნეული და ამ სეზონის ტრიუმფით დასრულება როგორც “ბარსელონასთვის”, ასევე “ლიონისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დღეს გაეცემა პასუხი კითხვას – შეიცვალა თუ არა ქალთა ფეხბურთში ძალების გადანაწილება. რამდენიმე წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს – კლუბები, რომლებიც კაცებში გრანდები არიან, ქალთა ფეხბურთშიც ძლიერდებიან, ისტორიული გრანდები “ლიონი”, “აინტრახტი” და “ვოლფსბურგი” კი თითქოს პოზიციებს თმობენ. “ბარსა” “ვოლფსბურგს” რომ აღემატება, ეს ნახევარფინალშიც გამოჩნდა, დღეს კი ვნახავთ, იგივე ხდება თუ არა “ლიონთან” მიმართებაშიც. ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ შეხვედრის გამოკვეთილი ფავორიტი “ბარსელონაა”.

ქალების ჩემპიონთა ლიგა

წელს ქალების ჩემპიონთა ლიგა 20 წლის გახდა. პირველ ფინალში ფრანკფურტის “აინტრახტმა” შვედური “უმეა” 2-0 დაამარცხა. “აინტრახტმა” ეს ტურნირი კიდევ 3-ჯერ მოიგო და 2017 წლამდე 4 თასით ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდიც იყო, მაგრამ ახლა ამ სტატუსს დღევანდელი ფინალისტი “ლიონი” ატარებს, რომელსაც ტიტული 7-ჯერ მოუგია. 2-2 თასი აქვთ ვოლფსბურგს”, “უმეასა” და გერმანულ “ტურბინე პოტსდამს”, ხოლო თითო “არსენალს”, “ბარსელონასა” და “დუისბურგს”.

როგორც ხედავთ, კლუბებს შორის “ლიონი” დომინირებს, მაგრამ ქვეყნებს შორის გერმანია. 4 გერმანულ გუნდს ჩემპიონთა ლიგა ჯამში 9-ჯერ მოუგია. შემდეგ მოდის საფრანგეთი 7 ტიტულით, შვედეთი 2, ხოლო ინგლისი და ესპანეთი თითო გამარჯვებით.

ფინალში ყველაზე მეტჯერ “ლიონი” ყოფილა. 7 მოგების გარდა ფრანგებს 2 წაგებაც აქვთ. დღეს ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეათედ ითამაშებს. გადამწყვეტ მატჩში ყველაზე მეტი, 3-3 წაგება “უმეასა” და “ვოლფსბურგს” აქვთ.

მხოლოდ ორი გუნდი არსებობს, რომლებსაც ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშიათ და არ წაუგიათ – “არსენალი” და “დუისბურგი”.

ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი წაგება გერმანიას აქვს. ამ გუნდის წარმომადგენლებმა ვერცხლის მედლები 7-ჯერ აიღეს. შემდეგ მოდის შვედეთი 5 და საფრანგეთი 4 წაგებით.

ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტ გუნდს შვედეთიდან უთამაშია. ამ ქვეყანას 9 წარმომადგენელი ჰყოლია. შემდეგ მოდის ინგლისი (7), იტალია (6), გერმანია (6), ოკუპანტი (6) და ესპანეთი (6). საფრანგეთს, ნორვეგიასა და ნიდერლანდელებს 5-5 წარმომადგენელი ჰყოლიათ.

ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტჯერ არა რომელიმე გრანდი, არამედ ფარერების “კი” მოხვედრილა. ამ გუნდმა მონაწილეობა პირველ 17 გათამაშებაში მიიღო, შემდეგ 2 წელი ჩააგდო და მიმდინარე სეზონში დაბრუნდა. 18-ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე სხვა არცერთ გუნდს არ უთამაშია. თუმცა ამ გუნდს ამ ტურნირზე რაიმე წარმატებისთვის არასდროს მიუღწევია.

ბარსელონა

ბარსელონას ქალთა გუნდი ესპანეთის მასშტაბით ყველა დროის საუკეთესო გუნდია. კატალონიელებს ყველაზე მეტჯერ აქვთ მოგებული ქვეყნის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი. თუმცა რეალურ წარმატებას “ბარსამ” პირველად 2019 წელს, გუნდისთვის პროფესიონალური სტატუსის მინიჭებიდან 4 წლის შემდეგ მიაღწია, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. 2 წლის შემდეგ კი კატალონიელებმა ეს ტურნირი მოიგეს და დღევანდელ ფინალს მოქმედი ჩემპიონების სტატუსით ხვდებიან.

ამჟამად “ბარსა” UEFA-ს რეიტინგში მეორე ადგილზეა და დღეს გამარჯვების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე მყოფ “ლიონს” ადგილს გაუცვლის.

“ბარსელონა” ერთადერთი ესპანური გუნდია, რომელსაც ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში უთამაშია.

ლიონი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ლიონი” ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდია. ფრანგებს ტურნირი სულ 7-ჯერ, ხოლო ზედიზედ 5-ჯერ (2016-2020) აქვთ მოგებული.

“ლიონი” ყველაზე მეტჯერ (9) გასულ ფინალში და ასევე ყველაზე მეტჯერ (10) ნახევარფინალში. ამ გუნდს ეკუთვნის რეკორდები ჩატარებულ მატჩებში (116), მოგებებში (92) და გატანილ გოლებში (422).

“ლიონის” ნორვეგიელი თავდამსხმელი ადა ჰეგერბერგი, 58 გოლით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მოქმედ ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზეა ასევე “ლიონის” მოთამაშე ეჟენი ლე სომერი.

გასაკვირი არაა, რომ “ლიონი” საუკეთესო გუნდია საფრანგეთშიც. 2007-2020 წლებში ამ გუნდმა ჩემპიონატი ზედიზედ 14-ჯერ მოიგო, თუმცა წინა სეზონში პირველობა “პარი სენ-ჟერმენს” დაუთმო.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონამ” მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოიგო ერთის გარდა. კატალონიელებმა ნახევარფინალის განმეორებით მატჩში “ვოლფსბურგთან” წააგეს.  დანარჩენი 43 მატჩი კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა.

მთლად ასე არა, მაგრამ საქმეები კარგად მისდის “ლიონსაც”. საფრანგეთის ჩემპიონატის ზედიზედ 14-ჯერ მოგების შემდეგ, წინა სეზონში, “ლიონმა” პირველობა “პარი სენ-ჟერმენს” დაუთმო, მაგრამ ახლა ჩემპიონობას იბრუნებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე “ლიონი” მხოლოდ 2 ქულა აქვს დაკარგული, მეორე ადგილზე მყოფ პსჟ-ს კი 5 ქულით უსწრებს. ბოლოსწინა ტურში “ლიონი” სწორედ პარიზულ გუნდს ეწვევა და არწაგების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს, თუმცა რომც წააგოს, ბოლო ტურში სუსტ მეტოქესთან საკუთარ კედლებში ქულაც ეყოფა.

მიმდინარე სეზონში “ლიონმა” ერთი ტურნირი უკვე დათმო. საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში პსჟ-სთან 0-3 განადგურდა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 34 თამაშში “ლიონს” 30 მოგება, 1 ფრე და 3 წაგება აქვს.

გზა ფინალამდე

“ბარსელონა” ფინალამდე მარტივად მივიდა. კატალონიელებმა პირველი 9 თამაში მოიგეს. ჯგუფურ ეტაპზე “ბლაუგრანას” მეტოქე “არსენალი”, “ჰოფენჰაიმი” და “კიოგე” იყვნენ. 1/4 ფინალში “ბარსამ” “რეალს” ორივე თამაში მოუგო, ნახევარფინალში “ვოლფსბურგს” შინ 5-1 სძლია, სტუმრად კი თავად დამარცხდა, 0-2. ამ 10 მატჩში კატალონიელებმა 37 გოლი გაიტანეს და 8 გაუშვეს.

“ლიონი” ჯგუფში “ბაიერნთან”, “ბენფიკასთან” და “ჰეკენთან” ერთად მოხვდა. ფრანგებმა მიუნხენში წააგეს, მაგრამ ჯგუფი მაინც პირველ ადგილზე დაასრულეს. “ლიონმა” ერთი თამაში წააგო 1/4 ფინალშიც, მაგრამ “იუვესთან” სტუმრად 1-2 მარცხს საკუთარ კედლებში 3-1 მოგება მოაყოლა, ორი შეხვედრის ჯამში კი 4-3 მოიგო. ნახევარფინალში “ლიონმა” პსჟ-ს ორივე თამაში მოუგო – შინ 3-2 და სტუმრად 2-1.

დანაკლისი

“ბარსელონას” დანაკლისი არ აქვს. გუნდს დაუბრუნდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიეკე მარტენსი, მაგრამ ნიდერლანდელს დიდი დრო გაუცდა და სავარაუდოდ დღეს მას სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ.

“ლიონს” გამოცდილი გერმანელი ნახევარმცველი ჯენიფერ მაროჟანი არ ეყოლება, მაგრამ მთავარი ამბავი ისაა, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ადა ჰეგერბერგი დაუბრუნდა და დღეს მას ძირითადში ვიხილავთ.

გამორჩეული ფეხბურთელები

“ბარსელონას” უფრო ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს. ალექსია პუტელიასი, ჯენი ერმოსო და კაროლინ ჰანსენი მეტოქის კართან საფრთხის შექმნაზე ზრუნავენ, მათ ზურგს პატრი გიხარო უმაგრებს, რომელსაც კაცების გუნდში იმავე პოზიციაზე მოთამაშე სერხიო ბუსკეტსს ადარებენ ხოლმე. დაცვის ცენტრში მაპი ლეონისა და პსჟ-დან გადმოსული ირენე პარედესის დუეტს ვხედავთ, კარში კი “ბარსას” ესპანეთის ნაკრების პირველი ნომერი სანდრა პანიოსი უდგას.

“ლიონის” შემადგენლობაში რაოდენობრივად ნაკლები ვარსკვლავი თამაშობს, მაგრამ ვისზეც ვარსკვლავი ითქმის, მათი შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ადა ჰეგერბერგს ჩემპიონთა ლიგაზე 59 თამაშში 58 გოლი აქვს გატანილი; ახალგაზრდა დამარის ეგუროლას დამატების შემდეგ მიმდინარე სეზონში “ლიონის” ნახევარდაცვა ახლებურად გამოიყურება; კაპიტანი ვენდი რენარი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე 100 თამაში ჩაუტარებია; კარში კი ფრანგებს ბევრის აზრით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე, წინა სეზონში “პარი სენ-ჟერმენში” მოთამაშე კრისტიანა ენდლერი ჰყავთ. “ლიონის” შემადგენლობაში დღემდე სამივე ის ფეხბურთელი ირიცხება, რომლებსაც ქალთა ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ მოუგიათ – მეკარე სარა ბუადი, მცველი ვენდი რენარი და თავდამსხმელი ეჟენი ლე სომერი. გამოცდილების მხრივ უპირატესობა აშკარად ფრანგების მხარესაა.

მწვრთნელები

“ბარსელონას” მწვრთნელს გამოცდილს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ხონათან ხირალდესი 2019 წელს “ბარსას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ დაინიშნა, მთავარ მწვრთნელად კი ის პირველ სეზონს ატარებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიმდინარე სეზონში “ბარსა” უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე შარშან.

დაახლოებით იგივე სიტუაციაშია “ლიონის” დამრიგებელი სონია ბომპასტორი. ის “ლიონში” 6 წლის განმავლობაში თამაშობდა, 2013 წლიდან “ლიონის” აკადემიაში მუშაობდა, გასულ ზაფხულში კი, ჩაგდებული სეზონის შემდეგ, ფრანგებმა მთავარი მწვრთნელის გამოცვლა გადაწყვიტეს და ამ პოზიციაზე სწორედ ბომპასტორი დანიშნეს, რომელმაც გუნდის შედეგები გააუმჯობესა.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს აქამდე 4-ჯერ უთამაშიათ და ოთხივე შეხვედრა “ლიონის” გამარჯვებით დასრულდა.

პირველი დაპირისპირებები 2018 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში შედგა. “ლიონი” გამოკვეთილი ფავორიტი იყო, მაგრამ “ბარსამ” ორივე მატჩში იბრძოლა. ფრანგებმა საკუთარ მოედანზე 2-1, ხოლო სტუმრად 1-0 მოიგეს.

ერთი წლის შემდეგ გუნდები ერთმანეთს უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეხვდნენ და “ბარსა” ამჯერად უშანსოდ იყო. ადა ჰეგერბერგმა პირველივე ტაიმში ჰეთ თრიქი შეასრულა, მისი გუნდი კი შესვენებაზე ოთხბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში “ბარსამ” ერთი ბურთი გაქვითა და შეხვედრა 4-1 დასრულდა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში გუნდები ერთმანეთს ამერიკაში, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ამხანაგურ ტურნირზე დაუპირისპირდნენ. თამაშით “ბარსამ” მეტოქეს აჯობა, მაგრამ გამარჯვება მაინც “ლიონს” დარჩა – 3-2. “ბლაუგრანას” მხრიდან ორივე გოლი მარიონა კალდენტეიმ გაიტანა, რომელსაც, სავარაუდოდ, დღესაც ძირითადში ვიხილავთ.

სტატისტიკა

  • მიმდინარე სეზონში გამართული 44 თამაშიდან “ბარსელონამ” 43 მოიგო;
  • ამ გუნდებს შორის გამართული 4 თამაშიდან ყველა “ლიონმა” მოიგო;
  • “ლიონის” თავდამსხმელი ადა ჰეგერბერგი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 58 გოლია;
  • “ბარსელონას” კაპიტანი ალექსია პუტელიასი, “ვოლფსბურგის” ტაბეა ვასმუთთან ერთად, 10 გოლით, მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.

კომენტარები მატჩის წინ

ხონათან ხირალდესი (“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი)

მიმდინარე სეზონში “ლიონმა” თამაში არაერთი ფორმაციით სცადა. სხვადასხვა ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციებზე მოსინჯეს, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო დროს გუნდის სასტარტო თერთმეტეული ჩამოყალიბდა. ამ გუნდმა იცის, თუ რა სურს. პსჟ-სთან ნახევარფინალში “ლიონმა” გამარჯვება დაიმსახურა. წინ კარგი, რთული და ძალიან კონკურენტუნარიანი თამაში გველის, თუმცა მას თავდაჯერებულები ვხვდებით.

სონია ბომპასტორი (“ლიონის” მთავარი მწვრთნელი)

ვიცით, რომ შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს. “ბარსელონას” ძალიან დიდ პატივს ვცემთ, რადგან ამ გუნდს ინდივიდუალურად და კოლექტიურად არაერთი კარგი თვისება აქვს. ვფიქრობ, დღეს საუკეთესო ფეხბურთს “ბარსელონა” თამაშობს. თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არაა. ჩვენც გვაქვს ის თვისებები, რომლებითაც ამ გუნდის დამარცხება შეგვიძლია. თავი საუკეთესო მხრივ უნდა წარმოვაჩინოთ, რადგან “ბარსელონამ” ბოლო დროს დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერია, თუმცა ამისთვის მზად ვართ.

ალექსია პუტელიას (“ბარსელონას” კაპიტანი)

ბავშვობის გუნდში თამაში ოცნების ახდენას ჰგავს. თითქოს ეს ჩემი რეალური ცხოვრება არაა, რადგან ყველაფერი იმაზე კარგად მიდის, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. წინ ჩემპიონთა ლიგის მორიგი ფინალი გველის. ეს მიზანი დავისახეთ მაშინ, როდესაც ტიტული პირველად მოვიგეთ, გულშემატკივრების თანდასწრებით ამის გაკეთება კი განსაკუთრებული გამოცდილება იქნება. მთელი ეს სეზონი ოცნებას ჰგავს.

ვენდი რენარი (“ლიონის” კაპიტანი)

“ბარსელონა” ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. ეს არის შესანიშნავი გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებით. ამ გუნდს უყვარს ბურთი ფლობა და გააჩნია საკუთარი ფილოსოფია. ქალები თუ კაცები, ახალგაზრდები თუ პროფესიონალები, ისინი ერთნაირ ფეხბურთს თამაშობენ. იმედი მაქვს, წინ დიდებული ფინალი გველის.

სავარაუდო შემადგენლობები

UEFA

ბარსელონა: პანიოსი, ტორეხონი, პარედესი, მაპი ლეონი, ოუაჰაბი, ლოსადა, გიხარო, პუტელიასი, ჰანსენი, ერმოსო, მარტენსი

ლიონი: ენდლერი, კარპენტერი, რენარი, მბოკი, ბაჩა, ანრი, ეგუროლა, ორანი, კასკარინო, ჰეგებერგერი, მაკარიო

Sportsmole

ბარსელონა: პანიოსი, ტორეხონი, პარედესი, მაპი ლეონი, როლფო, ბონმატი, გიხარო, პუტელიასი, ჰანსენი, კალდენტეი, ერმოსო

ლიონი: ენდლერი, კარპენტერი, რენარი, მბოკი, ბაჩა, ანრი, ეგუროლა, ორანი, კასკარინო, მაკარიო, ჰეგებერგრი

Sport

ბარსელონა (4-3-3): პანიოსი, ტორეხონი, პარედესი, მაპი ლეონი, როლფო, გიხარო, ბონმატი, პუტელიასი, ჰანსენი, ერმოსო, კალდენტეი

ლიონი (4-3-3): ენდლერი, კარპენტერი, რენარი, მბოკი, ბაჩა, მაკარიო, ანრი, ორანი, კასკარინო, ჰეგერბერგი, მალარი

პროგნოზი

  • Sportsmole: 2-1
  • Standard: 3-1
  • Sportskeeda: 3-2

ტრანსლაცია

თამაში 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟის ყურება DAZN-ის იუთუბ არხზე უფასოდ შეგიძლიათ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    21 მაი 2022, 18:33

    არ არ უნდა ბევრი ლაპარაკი, ბარსა აიღებს უპრობლემოდ.