“ბარსა” – როგორ იქმნებოდა უდიდესი გუნდი მსოფლიოში” – ასე ჰქვია გრემ ჰანტერის ავტორობით გამოცემულ წიგნს, რომელიც პეპ გვარდიოლას “ბარსელონას” ეძღვნება. ამჯერად წიგნს ვერა, მაგრამ სტატიას შემოგთავაზებთ ამავე სათაურით და არა პეპ გვარდიოლას, არამედ ლუის კორტესისა და ხონათან ხირალდესის “ბარსელონაზე”, ანუ “ბარსელონას” გოგონათა გუნდზე.
30 მარტს “კამპ ნოუზე” ქალების ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირებას 91 553 გულშემატკივარი დაესწრო. ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდიცაა, “ბარსელონას” რეკორდიც, “ელ კლასიკოს” რეკორდიც და ზოგადად ქალების ფეხბურთის რეკორდიც. მაგრამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ სიტუაცია სხვაგვარი იყო.
“ბარსელონას” ქალების გუნდი ახალ არენაზე, “იოჰან კრუიფის სტადიონზე” 2019 წელს გადავიდა. მანამდე გუნდი “მინიესტადიზე” თამაშობდა და დასწრება 500-1000 მაყურებელი იყო.
როდის იწყება “ბარსელონას” ქალების გუნდის ისტორია, ამის გადაჭრით თქმა რთულია. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ქალაქ ბარსელონაში ქალები ფეხბურთს თამაშობდნენ და ისინი “ბარსელონასთან” იყვნენ დაკავშირებულნი, თუმცა არა ოფიციალურად. 1988 წელს დაარსდა ესპანეთში ქალების პირველი ჩემპიონატი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ აღიარა. ჩემპიონატის ერთ-ერთ დამაარსებელი იყო Club Femení Barcelona, რომელსაც “ბარსა” აფინანსებდა, მაგრამ კლუბის ოფიციალური ნაწილი არ იყო. 2001 წელს შეიქმნა ესპანეთის ქალების სუპერლიგა, რომელშიც “ბარსელონა” ცუდი შედეგების გამო ვერ მოხვდა. ამ დროს ეს გუნდი “ბლაუგრანას” ოფიციალური ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო. 2002 წლის 26 ივნისს “ბარსელონამ” ქალების სექცია ოფიციალურად დააარსა და გუნდს Futbol Club Barcelona Femení უწოდა. პირველი წლები წარმატებული ნამდვილად არ ყოფილა. გუნდი ხან უმაღლეს დივიზიონში გამოდიოდა, ხანაც მეორეში. “ბარსელონას” ქალების გუნდი უმაღლეს ლიგაში საბოლოოდ 2008 წელს აღზევდა და მას შემდეგ იქ თამაშობს.
დღეს “ბარსელონას” ესპანური ქალების ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდია, თუმცა ამის მიზეზი არა ისტორიული მიღწევები, არამედ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმებია. ქვეყნის ჩემპიონი გუნდი პირველად 2012 წელს გახდა. იმავე წელს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა და ლონდონის “არსენალთან” 2 მატჩის ჯამში 0-7 განადგურდა.
ამ დროს ეს გუნდი ჯერ კიდევ სამოყვარულო იყო, თუმცა ჩემპიონატის ზედიზედ 4-ჯერ მოგების შემდეგ, 2015 წელს, კლუბმა გადაწყვიტა, რომ ქალების სექცია პროფესიონალურად ექცია. სწორედ ესაა “ბარსელონას” ქალების გუნდის ისტორიაში პირველი გარდამტეხი მომენტი.
2015 წელს “ბარსელონას” ქალების გუნდის სპორტული დირექტორი მარკელ სუბისარეტა გახდა, რომელიც აცხადებს:
2015-2022 წლებში “ბარსელონამ” ქალების გუნდების სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეცვალა. პირველი გუნდის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობა გაიზარდა, დაემატა ერთი ასისტენტი, მეკარეების მწვრთნელი, ანალისტი, გუნდის დელეგატი, ფორმების მენეჯერი, ექიმები, ფსიქოლოგები და ნუტრიციონისტები.
ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა აკადემიაში. 10 წლამდელთა გუნდიდან “ბარსა ბ-მდე” თითო ასაკობრივ გუნდს 2-2 მწვრთნელი, ასევე ფიზიოთერაპევტები, ექიმები, ფსიქოლოგები, ფიზმომზადების მწვრთნელები და მეთოდოლოგები დაემატნენ.
ქალების სექციას დაემატა რეგიონული და საერთაშორისო სკაუტინგის დეპარტამენტი, ასევე სპორტული მეცნიერების გუნდი.
დღეს ქალების სექციის საფეხბურთო მართვა, სკაუტინგი, სათამაშო მეთოდოლოგია, სპორტული მეცნიერება და აკადემია კაცების გუნდის მოდელის ანალოგიურია და ეს ორი სექცია ერთსა და იმავე ინფრასტრუქტურას იყენებს.
2015 წელს “ბარსელონას” ქალების გუნდის სტრუქტურა ასეთი იყო:

2022 წელს კი ასეთია:

2015 წელს, პროფესიონალური სექციის დაარსების შემდეგ “ბარსელონამ” გადაწყვიტა, რომ ფული არა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მოზიდვაში, არამედ აკადემიის გაძლიერებაში ჩაედო. კლუბში სჯეროდათ, რომ გუნდის მომავალს აკადემია შექმნიდა.
30 მარტის “კლასიკოში” მოედანზე “ბარსელონას” ქალების აკადემიის 10 აღზრდილი ვიხილეთ, სასტარტო შემადგენლობის 8 ფეხბურთელი კი პირველ გუნდში 2017 წლის შემდეგ გადმოვიდა. “ბარსა ბ-დან” გუნდში 4 ფეხბურთელი დაწინაურდა, კიდევ 5 კი პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობს.
სწორედ “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილებმა შემოაბრუნეს თამაშის ბედი “რეალთან” “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრის დროს. როდესაც გუნდი 1-2 მარცხდებოდა, ანგარიში აიტანა ბონმატიმ გაათანაბრა, ხოლო გუნდი წინ კლაუდია პინამ გაიყვანა.
აკადემიის გუნდების მიზანი არა მოგება, არამედ “ბარსელონას” სტილის შესისხლხორცება, უმაღლეს დონეზე ვარჯიშია. ასაკის მატებასთან ერთად კვირაში 3-4 ვარჯიში 5-6 ვარჯიშამდე იზრდება. თუმცა, ის ფაქტი, რომ მოგება მთავარი მიზანი არაა, არ ნიშნავს, რომ გუნდი ვერ იგებს. გოგონათა გუნდმა ბიჭების ლიგა მოიგო, 14 წლამდელთა გუნდი კი მიმდინარე სეზონში იმავე შედეგის მიღწევასთან ახლოსაა.
– მარკელ სუბისარეტა.
შედარებისთვის, მსოფლიოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი, “ბარსელონას” კაპიტანი ალექსია პუტელიასი პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ 21 წლის ასაკიდან თამაშობს.
“ბარსელონას” ქალების სექციის მომავალი მისი აკადემიაა და გასაკვირი არაა, რომ აკადემიის 5 გუნდის შვიდამდე გაზრდის ვარიანტი განიხილება.
სექციის განვითარების აუცილებლობაზე მარკელ სუბისარეტა საუბრობს:
ქალების სექციისადმი “ბარსელონას” სერიოზული მიდგომა მაშინ დადასტურდა, როდესაც “ლა მასიაში”, რომელიც 1979 წლიდან არსებობს, გოგონების მიღებაც დაიწყეს. ეს გასულ ზაფხულში მოხდა.
“ლა მასია” არის საერთო საცხოვრებელი “ბარსელონას” აკადემიის იმ აღსაზრდელებისთვის, რომლებიც ქალაქ ბარსელონას მიღმა ცხოვრობენ. დღეს ამ საცხოვრებელში 9 გოგონა ირიცხება. 8 მათგანი კატალონიიდანაა, ხოლო ერთი კუნძულ მალიორკადან.
საცხოვრებელი 106 სპორტსმენს იტევს. მათ შორის არიან ფეხბურთელები, კალათბურთელები, ხელბურთელები, ფუტსალის მოთამაშე და ჰოკეისტები, გოგონა კი მათ შორის მხოლოდ ცხრაა.
“ლა მასიას” აღსაზრდელები იღებენ საბაზისო განათლებას, მათ ასევე უტარდებათ სპორტული სემინარები, რომლებსაც მოიხსენიებენ, როგორც “უხილავი ვარჯიში”.
“ლა მასიას” მზარეულები კონსულტაციას კლუბის ნუტრიციონისტებთან გადიან და აკადემიის აღსაზრდელთა კვება ყოველკვირეულ რეჟიმში კონტროლდება.
სპორტსმენებს თავისუფალი დროის გაყვანა შეუძლიათ მაგიდის ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთის ან კალათბურთის თამაშით, სოციალურ სივრცეში ასევე არის დიდი ეკრანი, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენები ფეხბურთს, ჩოგბურთსა და ფორმულა ერთს უყურებენ ხოლმე.
დღეს ეს ყველაფერი ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტურია, მაგრამ პროფესიონალური სექციის დაარსების პირველ წლები ასე არ ყოფილა. 2015-2019 წლებში “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას ვერ ახერხებდა.
– აცხადებს მარკელ სუბისარეტა.
2019 წელს “ბარსელონა” პირველი ესპანური გუნდი გახდა, რომელიც ქალების ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდთან, “ლიონთან” უშანსოდ დამარცხდა – 1-4.
ამ წაგების შემდეგ გუნდში მიხვდნენ, რომ ფიზიკური მომზადების კუთხით მნიშვნელოვნად უნდა მოემატებინათ და სუბისარეტა ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით გატარებული სამუშაოთი კმაყოფილია.
ინგრიდ ენგენი “ბარსელონას” გასულ ზაფხულში საუკეთესო გერმანული გუნდიდან, “ვოლფსბურგიდან” შემოუერთდა. ახალგაზრდა ნორვეგიელი ნახევარმცველის თქმით ესპანურ გუნდში მას ყველაზე მეტად შეუბრალებელმა ვარჯიშებმა გააკვირვა.
ყოველ ვარჯიშზე უმაღლეს დონეზე უნდა იყო. არავინაა კმაყოფილი, თუ ცუდი ვარჯიში ჰქონდა. ყველაფერი სწრაფად ვითარდება. ეს ძალიან, ძალიან, ძალიან პროფესიონალური გუნდია. კმაყოფილები არ ვართ, თუ 80%-ით დავიხარჯეთ. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ბედნიერები ვერ ვიქნებით, თუ შესვენებაზე მხოლოდ 3-0 ვიგებთ.
აქ იმისთვის მოვედი, რომ როგორც ფეხბურთელი გავზრდილიყავი და აქაური ფეხბურთით უზომოდ მოხიბლული ვარ. ყოველ დღე უკეთესი ვხდები. თანაგუნდელებისგან ვსწავლობ. ასეთი გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე გუნდში აქამდე არასდროს ვყოფილვარ და არც ასეთ თავდაჯერებულ გუნდში.
ფრიდოლინა როლფო გამოცდილი შვედი ფეხბურთელია, რომელიც “ბარსას” ასევე “ვოლფსბურგიდან” გასულ ზაფხულში შეუერთდა.
ამ გუნდის ტექნიკური მხარე ვიცოდი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ტაქტიკური მხარე იმაზე უკეთესია, ვიდრე ველოდი. დონე ჩემ მოლოდინზე მაღალია.
“ბარსელონას” საუკეთესო მხარე მოგებებია. შეგრძნება, რომ არ შეიძლება, წააგო. ეს საუკეთესო გუნდია, რომელშიც მითამაშია.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა “ბარსელონას” გაიმეოროს “ლიონის” დომინირება, რაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 5-ჯერ მოგებას გულისხმობს, როლფო პასუხობს:
საფირმო მოკლე პასებით თამაში “ბარსელონას” მამაკაცებისა და ქალების გუნდებს საერთო აქვთ. საერთოა მუშაობის მეთოდოლოგიაც.
როდესაც პირველ გუნდში ან აკადემიაში მოსაყვან ფეხბურთელს ვესაუბრები, მათ ველაპარაკები საფეხბურთო სტილზე, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რაც მანამდე სმენიათ.
ჩვენ ვსაუბრობთ არა მოქმედებაზე, არამედ გაგებაზე. ჩვენი ენა არის ბურთის ფლობა, არა შეტევა ან დაცვა, არამედ პოზიციონირება, დროისა და სივრცის აღქმა.
ჩვენი გუნდების თამაში ერთნაირია. თუ “ბარსას” გულშემატკივარი ტელევიზორს ჩართავს, ის თამაშის სტილით ვერ ამოიცნობს, კაცების გუნდი თამაშობს, თუ ქალების. ეს არის “ბარსა”. ეს მნიშვნელოვანია.
– მარკელ სუბისარეტა.
გასულ ზაფხულში “ბარსელონა” დატოვა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის კორტესმა, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში პირველად მოაგებინა. კატალონიელებმა დაახლოებით 100 მწვრთნელის შეთავაზება მიიღეს, მაგრამ მათ აქცენტი კორტესის 29 წლის თანაშემწეზე, ხონათან ხირალდესზე გააკეთეს, რომელსაც კლუბში ორნახევარი წელი ჰქონდა გატარებული და რომელიც “ბარსელონას” დნმ-ს უკვე იცნობდა.
რა თქმა უნდა, შედეგი ყოველთვის იდეალური არაა, მაგრამ ამის მიუხედავად მუშაობის პრინციპებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხდება.
ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და აღებული კურსის შეცვლა არ იგეგმება.
ახლა ყველაფერი მარტივია, რადგან ჩვენ ვიგებთ, მაგრამ 4 წლის წინ ჩვენ ვაგებდით. ჩვენ გვყავდა გიხარო, ბონმატი და პუტელიასი. ახლა ისინი ჩვენს სტილში თამაშობენ და საუკეთესო ნახევარმცველები არიან, რომლებიც შეიძლება ჩვენ გვყავდეს.
“ბარსელონას” თამაშის სტილი სხვა ბევრ რამესთან ერთად მოიცავს იმასაც, რომ სხვადასხვა სიტუაციას გუნდი სწრაფად მოერგოს.
გასული წლის დეკემბერში “ბარსელონა” “ემირეითსზე” “არსენალს” ეთამაშებოდა. თამაშამდე 2 საათით ადრე პატრი გიხაროს კორონავირუსი დაუდასტურდა, რამაც გუნდის გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა. ალექსია პუტელიასს საყრდენ ნახევარმცველად თამაში მოუხდა და მას ამის დიდი გამოცდილება არ ჰქონდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ის თამაში “ბარსამ” 4-0 მოიგო, ორი მატჩის ჯამში კი 8-1 იმარჯვა. ეს იმ “არსენალთან”, რომელმაც 2012 წელს “ბარსა” ორი მატჩის ჯამში 7-0 დაამარცხა.
“ბარსელონას” ქალების გუნდი არა უბრალოდ იგებს, არამედ იგებს ამ კლუბისთვის დამახასიათებელ სტილში, რაც ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდ ყურადღებას იქცევს.
ადრე “ბარსას” აკადემიის აღსაზრდელი ბიჭები ქალების გუნდის ვარჯიშებს არც კი იმჩნევდნენ, ახლა კი ისინი მოედანთან 20 წუთის განმავლობაში იცდიან იმისათვის, რომ გოგონებთან სურათები გადაიღონ. “კამპ ნოუზე” გასამართი “ელ კლასიკოს” წინ ქალების გუნდს ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი ეწვია, რომელიც ჩავი ერნანდესთან ერთად სტადიონზეც იმყოფებოდა. კაცების გუნდის ლეგენდებმა გოგონებს მხარდაჭერა თავიანთი ინსტაგრამიდანაც გამოუცხადეს.
მარკელ სუბისარეტა ამბობს:
“ბარსელონას” ქალების გუნდმა ისეთი ინტერესი გამოიწვია და “ელ კლასიკოს” ბილეთები ისე სწრაფად ამოიწურა, რომ კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ხონათან ხირალდესს რამდენიმე მეგობრისთვის უარის თქმაც კი მოუხდა. მისმა ბებიამ და პაპამ “კამპ ნოუზე” დასასწრებად ათასი კილომეტრი გაიარეს. კაცების მსგავსად ქალების ფეხბურთით ინტერესდებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც უბრალოდ კარგი ფეხბურთის ყურება უყვართ. ამ შეხვედრას მექსიკიდან და სამხრეთ კორეიდანაც კი ესწრებოდნენ.
ფიორელა დ’ანჯელო, 26 წლის კატალონიელი, რომელიც გუნდს 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ გულშემატკივრობს, “იოჰან კრუიფის სტადიონზე” გამართულ შეხვედრებს არ აცდენს.
ბილეთების ფასი 9 ევროდან იწყებოდა და პირველ 24 საათში შეძენის სურვილი კლუბის დაახლოებით 30 ათასმა წევრმა დააფიქსირა. თითო წევრს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვის უფლება ჰქონდა. ყველა ბილეთი 3 დღეში გაიყიდა, რამაც მსოფლიო რეკორდის მოლოდინი შექმნა.
თამაში ახლოვდებოდა, ყურადღების ცენტრში “ბარსელონა” იყო და ამ დროს “ბარსელონადან” “ლევანტეში” იჯარით გაშვებულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ჯოვანა კეირუშმა სკანდალური ღია წერილი გამოაქვეყნა.
ამ წერილთან დაკავშირებით “ბარსელონას” პოზიცია ასეთია:
მორალური შევიწროება, სამსახურებრივი შევიწროება და ფსიქოლოგიური ძალადობა სიმართლეს არ შეესაბამება. ჯოვანა იყო კოვიდინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რის გამოც კლუბიდან მას უთხრეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვერ გაემგზავრებოდა, რისი მიზეზიც ესპანეთის ხელისუფლების რეგულაციები იყო.
ფეხბურთელმა კლუბის ერთ კონკრეტულ დეპარტამენტს FIFA-ში უჩივლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ “ბარსელონა” სწორად მოიქცა. ეს საკითხი დახურული იყო.
“ელ კლასიკოს” დაწყებამდე ალექსია პუტელიასმა განაცხადა, რომ მას მოედანზე საკუთარი თავი ვერასდროს წარმოედგინა და რომ ეს საღამო მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
როდესაც პატარა გოგო ვიყავი, საკუთარი თავი “კამპ ნოუს” მინდორზე ვერ წარმომედგინა, რადგან იქ მხოლოდ კაცებს ვხედავდი. ვიცოდი, რომ ფეხბურთს ვითამაშებდი, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას “კამპ ნოუზე” გავაკეთებდი.
ეს საწყისი წერტილია. ჩვენ ბევრი გოგონასთვის ბევრ კარს გავაღებთ. ძალიან ამაყი ვარ იმის გამო, რომ “ბარსა” ამას აკეთებს.
ეს ბარსელონაში, კატალონიაში, ესპანეთსა და იმედი მაქვს მთელს მსოფლიოში ქალების ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდება, რადგან “ბარსა” საერთაშორისო გუნდია. ჩვენ მნიშვნელოვანი მესიჯი გავაჟღერეთ.
მომზადებულია The Athletic-ის მიხედვით
სხვათა შორის გრემ ჰანტერის 2013 წელს გამოცემული ეგ წიგნი მეც მაქვს. ყდაზე ლეოს სურათით ზურგით მდგომი, თავის ტრადიციული ჟესტით მაღლა აწეული ხელებით. ვერაფრით ვერ დავამთავრე თითქმის 500 გვერდიანი წიგნი.
Writer კაი იყო, ერთი ამოსუნთქვით იკითხებოდა. ზუსტადაა ახსნილი რა და როგორ გააკეთა სუბისარეტამ გუნდის აქამდე მოსაყვანად. ქალთა ფეხბურთისადმი ნელნელა იზრდება ყურადღება და ასეთ სიმაღლეზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ბარსასთვის❤️✊
აჰა ჩემი არ გჯეროდათ და ორშაბათობას მაინც გადახედეთ, white lions-განსაკუთრებით შენ, მესამე თერთმეტმეტრიანი იყო სრული აფსურდი, ბაციკაძემაც ზუსტად ის თქვა რაც მე.
მაგრები ხართ თქვე ოხრებო. მე ის 10 ნომერიც მომწონდა ეხლა პსჟეს რო მიაშურა. მოკლედ 2 ათიანი წაგვივიდა და ორივე პსჟში იმედი მაქვს მეორეც ჩაიკურკლავს ლიგაზე როგორც ერთს უკვე მოუვიდა