workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არის ეს ლა მასიას ისტორიაში საუკეთესო თაობა?

არის ეს ლა მასიას ისტორიაში საუკეთესო თაობა?

როდესაც ლიონელ მესი, სესკ ფაბრეგასი და ჟერარ პიკე “ბარსელონას” ახალგაზრდულ აკადემიაში ერთად იზრდებოდნენ, მწვრთნელები მათ “დრიმ თიმს” (ოცნების გუნდს) უწოდებდნენ.

მიმდინარე სეზონში ჰანსი ფლიკის გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი “ლა მასიას” ოთხი აღზრდილი გახლავთ: ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, მარკ ბერნალი და ჩავი ესპარტი.

“ლა მასიაში” თითოეულ ასაკობრივ ჯგუფს იმ წლით მოიხსენიებენ, როდესაც მისი ფეხბურთელები დაიბადნენ. მესი, ფაბრეგასი და პიკე 1987 წლის ნაკადის ნაწილი იყვნენ. იამალი, კუბარსი, ბერნალი და ესპარტი კი 2007 წელს დაიბადნენ.

მათი მეტსახელი? “ოქროს თაობა”.

“ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემია მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პროდუქტიულია. კლუბისთვის მისი მნიშვნელობა სხვადასხვა ეტაპს გადიოდა. წარსულში “ბარსას” ზოგიერთი გუნდი საკუთარი აღზრდილების დაწინაურებას ხმაურიანი სახელების შეძენას ამჯობინებდა – თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ფლიკის ხელში აკადემიას ყურადღებას არ აქცევენ.

მას შემდეგ, რაც გერმანელი მწვრთნელი კლუბში 2024 წლის ივნისში მოვიდა, მან ოფიციალურ მატჩებში პირველ გუნდში დებიუტის საშუალება “მასიას” ცხრა აღზრდილს მისცა: ბერნალს, ესპარტს, სერჟი დომინგესს, ანდრეს კუენკას, ტონი ფერნანდესს, დანი როდრიგესს, ჟოფრე ტორენტსს, დრო ფერნანდესსა და ტომი მარკესს.

სანამ გუნდს ფლიკი ჩაიბარებდა, იამალს თავი უკვე დამკვიდრებული ჰქონდა, კუბარსიც იმავე გზას ადგა. ძირითადის მოთამაშეები იყვნენ ფერმინ ლოპესი, გავი და ალეხანდრო ბალდეც, ხოლო ერიკ გარსიამ ფლიკის ხელში ნამდვილი აღორძინება განიცადა. გარდა ამისა, მწვრთნელის პირველ ზაფხულში კლუბში დანი ოლმო დაბრუნდა.

შანსი მიეცათ პაუ ვიქტორსა და ჟერარ მარტინსაც. არცერთი მათგანი არ ითვლება “ლა მასიას” აღზრდილად, რადგან საფეხბურთო ფორმირების წლები სხვაგან გაატარეს, თუმცა ორივე მათგანი “ბარსა ატლეტიკიდან” დაწინაურდა – სარეზერვო გუნდიდან, რომელიც ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

მარტინის ჩაუთვლელადაც კი, რომელიც მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე ფლიკის ფავორიტ ვარიანტად ჩამოყალიბდა, “ბარსელონას” პირველ გუნდში “ლა მასიას” ცხრა აღზრდილია: გარსია, ფერმინი, გავი, იამალი, ოლმო, კუბარსი, ბერნალი, ბალდე და ესპარტი.

თითქმის 14 წლის წინ, “ლევანტესთან” სტუმრად გამართულ ლა ლიგის შეხვედრაში, “ბარსას” სასტარტოში აკადემიის 10 აღზრდილი გამოვიდა. როდესაც დანი ალვესმა მე-14 წუთზე ტრავმა მიიღო, ის კიდევ ერთმა აღზრდილმა – მარტინ მონტოიამ (დაბადებული 1991 წელს) შეცვალა და მოედანზე სრული თერთმეტეული შეიკრა.

იმ დღეს გუნდში იყვნენ მესი, ფაბრეგასი, პიკე და პედრო (1987). ასევე კარლეს პუიოლი (1978), ჩავი (1980), ვიქტორ ვალდესი (1982), ანდრეს ინიესტა (1984), სერხიო ბუსკეტსი (1988) და ჟორდი ალბა (1989).

1987 წელს დაბადებულ ამ ოთხ ფეხბურთელს ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა, თუმცა მხოლოდ მესი და პედრო (რომელიც “ბარსას” 17 წლის ასაკში შეუერთდა მას შემდეგ, რაც კანარის კუნძულებზე “სან ისიდროში” გაიარა მომზადება, და ე.წ. “დრიმ თიმის” ნაწილად არ ითვლებოდა) დაწინაურდნენ პირდაპირ “ბარსას” პირველ გუნდში. პიკე ჯერ “მანჩესტერ იუნაიტედში” წავიდა, ფაბრეგასი – “არსენალში”.

სწორედ ეს ხდის ბერნალის, ესპარტის, კუბარსისა და იამალის – “ოქროს თაობის” – მიღწევებს კიდევ უფრო შთამბეჭდავს.

ჟაუმე მარსეტი Diario Sport-ის ჟურნალისტია. მანამდე ის 23 წლის განმავლობაში (2000-2023) მუშაობდა Barca TV-ში, სადაც ახალგაზრდულ ფეხბურთზე იყო სპეციალიზებული. მას ორივე თაობის თვალწინ გაზრდა აქვს ნანახი.

“1987 წლის თაობის ყურება ნამდვილი სიამოვნება იყო. პიკე განსაკუთრებით გამოირჩეოდა – არასდროს მინახავს მცველი, რომელსაც ამდენი გოლი გაეტანა. სესკი (ფაბრეგასი) თავდაპირველად უფრო ჩრდილში იყო, თუმცა მახსოვს, როგორ მითხრა მწვრთნელმა როდოლფო ბორელმა: ‘ფრანსესკ ფაბრეგასს თვალი ადევნე’.

მის ყურებას შევუდექი და გაოგნებული დავრჩი. გავიფიქრე, რომ ეს ბიჭი (პეპ) გვარდიოლას ჰგავდა, ოღონდ საგოლე ალღოთი. ის სანახაობრივი იყო. და მერე იყო კიდევ ერთი ბიჭი, სახელად ლეო მესი…

87 წლის თაობა სუფთა ტალანტის თვალსაზრისით უკეთესია, თუმცა 2007 წლის ნაკადი გაცილებით დაბალანსებული და ყოველმხრივ განვითარებულია. ბერნალი და ლამინი “ბარსას” საბავშვო ფეხბურთში საწყისი შვიდი წელი ერთად თამაშობდნენ, სანამ ლამინის დაწინაურება დაიწყებოდა.”

ალბერ პუჩი 2007 წლის თაობას 9-წლამდელთა და შემდეგ 12-წლამდელთა დონეზე წვრთნიდა, რა დროსაც მათ 7-კაციანი ფეხბურთიდან 11-კაციანზე რთული გარდამავალი ეტაპი გაიარეს.

იმ ეტაპზე, როგორც პუჩი ამბობს, იამალი და კუბარსი “შორს იყვნენ წინ წასულები”, ხოლო ბერნალი “ერთი თავით მაღლა იდგა ყველაზე”.

“ჩავი ესპარტი იმ წელს 6 ნომერზე (საყრდენ ნახევარმცველად) თამაშობდა და მისი ძალიან გვჯეროდა. ფლანგის მცველად გადაყვანა 16-წლამდელებში მოხდა. ეს იყო თაობა ძალიან დიდი სიღრმით. თამაშის თამასა ძალიან მაღალი იყო.”

იამალის დებიუტი “ბარსაში” 15 წლის ასაკში, 2023 წლის 29 აპრილს შედგა. მას უკან აღარც მოუხედავს. კუბარსის დებიუტი პირველ გუნდში მომდევნო იანვარში, მისი მე-17 დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე შედგა. ორ თვეზე ნაკლებ დროში ის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში “ნაპოლისთან” მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

“ის ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდში იყო. ვფიქრობდით, რომ გაუჭირდებოდა – მისი პირდაპირი ოპონენტი ვიქტორ ოსიმენი გახლდათ.

თუმცა მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაშისას – და არა მარჯვნივ, როგორც ჩვეულებრივ – მან ბურთით შესანიშნავი მოქმედებების სერია შეასრულა მიმართულების შეცვლით, დიაგონალური პასებით, დრიბლინგით… ამას არავინ ელოდა. მისმა სიმწიფემ გამაოცა.

ლამინს მაშინვე ეტყობოდა, რომ იცოდა, საკუთარი საფეხბურთო დონე სხვებზე მაღლა რომ იდგა, და ამას საოცრად ბუნებრივად იღებდა. მას მოსწონს ეს წნეხი და მასთან თანაცხოვრება პრობლემას არ უქმნის.”

ბერნალი ამ ოთხეულიდან მესამე აღმოჩნდა, ვისი დებიუტიც შედგა – 17 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც “ბარსას” რეზერვებში 31 მატჩი ჩაატარა (შედარებისთვის: კუბარსის 9 მატჩი ჰქონდა ჩატარებული, იამალს – 3).

ბერნალმა ფლიკის ხელმძღვანელობით 2024/25 წლების წინასასეზონო ტურნეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გერმანელმა სპეციალისტმა ახალგაზრდების დიდი ჯგუფი წაიყვანა, პრესის ნაწილმა კი ამ შემადგენლობას “Baby Barca” შეარქვა.

მას შემდეგ, რაც 2023 წლის ივნისში ბუსკეტსმა გუნდი დატოვა, ყოველ სატრანსფერო ფანჯარაში საიმედო საყრდენი ნახევარმცველის დაუღალავი ძიება მიმდინარეობდა. ეს ძიება მაშინ შეწყდა, როდესაც ბერნალი იხილეს.

“მარკ ბერნალი ყოველთვის ძალიან, ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი იყო. სასაცილოა, რომ ახლა 6 ნომერზე თამაშობს, რადგან თავისი ფიზიკური მონაცემების, საჯარიმოში შეჭრის ალღოსა და მოედნის მთელ პერიმეტრზე მოძრაობის გამო, ადრე უფრო წინ თამაშობდა. მას გოლის გატანის ეს შეგრძნება სწორედ იმ დროიდან აქვს შემორჩენილი.”

შემდეგ კი ოთხეული შეიკრა. ესპარტის დებიუტი “ბარსელონაში” ჩემპიონთა ლიგაზე “ნიუკასლ იუნაიტედის” წინააღმდეგ “სენტ ჯეიმს პარკზე” შედგა, როდესაც გასულ სეზონში, 10 მარტს, 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში ბოლო წუთებზე შეცვლაზე შევიდა.

მან გასულ სეზონში სულ ექვსი მატჩი ჩაატარა – უმეტესად მარჯვენა მცველად, ერთი თამაში კი ნახევარდაცვაში – და წინასასეზონო მომზადებაზეც ზუსტად იმავე დონეზე გააგრძელა.

იმ ფონზე, როდესაც ბალდემ ნდობა დაკარგა, ხოლო ზაფხულში დაბრუნებულ ჟოაუ კანსელუს ოპტიმალური ფორმა ჯერ არ აუკრებია, ფლიკმა ლა ლიგის საწყის ხუთ ტურში მარცხენა მცველად ესპარტი დააყენა. 19 წლის ფეხბურთელს იმედები არ გაუცრუებია – ორ საგოლე გადაცემას კვირას კლუბის მაისურით სადებიუტო გოლიც მიამატა.

“ჩავი ესპარტი ყოველთვის ცოტათი ჩრდილში იყო, თუმცა ადამიანები, რომლებიც მასთან ყოველდღიურად მუშაობდნენ, მის ხარისხს ყოველთვის ხედავდნენ.”

აქვე 2007 წლის ნაკადის კიდევ რამდენიმე წევრი იმსახურებს აღნიშვნას.

ცენტრალური მცველი კუენკა, რომელსაც ფლიკმა დებიუტის საშუალება 2024 წლის ოქტომბერში “იანგ ბოიზთან” ჩემპიონთა ლიგაზე (5-0) მისცა, მიმდინარე ზაფხულს სერია A-ს კლუბ “კომოში” გადავიდა, შემდეგ კი იჯარით ხიხონის “სპორტინგში” დაბრუნდა, სადაც წინა სეზონი გაატარა.

განაპირა მცველი ტორენტსი, რომელმაც პირველ გუნდში გასულ სეზონში ოთხი მატჩი ჩაატარა, აგვისტოში “აიაქსში” 4 მილიონ ევროდ გაიყიდა.

ნახევარმცველ კიმ ჟუნიენტს “ბარსას” პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონია, თუმცა ისიც იმ მოთამაშეთა სიაში იყო, ვისგანაც გარღვევას ელოდნენ. 19 წლის ფეხბურთელი ამ ზაფხულს “ალმერიაში” გადაბარგდა. მარსეტი ასევე გამოარჩევს ნახევარმცველ ხუან ერნანდესს, მცველ ლენდრი ფარესა და თავდამსხმელ შეინ კლუივერტს (“ბარსელონასა” და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფორვარდის, პატრიკ კლუივერტის ვაჟს) – თითოეული მათგანი კვლავ კლუბში რჩება.

“2007 წლის თაობა ყველაზე სრულყოფილი, ყველაზე მრავალფეროვანი და მდიდარია, რაც კი ოდესმე მინახავს.

ამ თაობას პირველ გუნდში დაწინაურებისას ოდნავი დაბნეულობაც კი არ დასტყობია. სწორედ ესაა მათში ყველაზე გასაოცარი. ისინი თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, რადგან გვერდით თანატოლი პარტნიორები ჰყავდათ. ამასთან, ისინი ახლა გაცილებით უკეთ მომზადებულები იზრდებიან.”

პუჩი კი ამატებს:

“ყველას დიდი რწმენა ჰქონდა, რომ ისინი ამ ოცნებით დატკბებოდნენ, თუმცა არა იმისა, რომ ეს ასე ადრეულ ასაკში მოხდებოდა და ელიტურ დონეზე მომენტალურ გავლენას მოახდენდნენ.

ისინი ამას ბუნებრივად უმკლავდებიან, რადგან მუდმივად ამ წნეხის ქვეშ იყვნენ. ამ ასაკში ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგებიც ჰქონოდა, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ როდესაც ისინი მწვერვალს აღწევენ, გადიან იმავე გზას, რაც მინიატურაში უკვე გამოცდილი აქვთ.”

სტატიის ორიგინალი მომზადებულია The Athletic-ის ჟურნალისტის, ლაია სერველიო ერეროს მიერ. თარგმანი სპეციალურად Barcamania.ge-სთვის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი