ინტერვიუ ჟოან ლაპორტასთან | სრული ვერსია

ინტერვიუ ჟოან ლაპორტასთან | სრული ვერსია

Mundo Deportivo-მ ჟოან ლაპორტასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ნაწყვეტიც გუშინ გამოქვეყნდა. ამჟამად კატალონიური გამოცემა სრულ ვერსიას გვთავაზობს.

“ბარსელონას” პრეზიდენტმა კლუბთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა:

– რა ხდება Espai Barca-ს პროექტთან დაკავშირებით?

ყველაფერი კარგად მიდის. ვიმედოვნებთ, რომ აპრილში ლიცენზიებს მივიღებთ. ამჟამად პროექტზე უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას ვაფასებთ. ამ ყველაფრის იგნორირება არ შეგვიძლია, რადგან მასალები ძვირდება, საპროცენტო განაკვეთი იზრდება. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდეს. 

– შეიძლება, ამან თარიღები შეცვალოს?

დიახ, შეიძლება, ის შევცვალო.

– როგორც მოსალოდნელი იყო, ზაფხულში სამუშაოები აღარ ჩატარდება?

ზაფხულში სამუშაოები მაინც იქნება, რადგან სტადიონს მინიმალური რეკონსტრუქცია სჭირდება. მაგრამ ომის გავლენა უმნიშვნელო არაა. ეს აქტუალური საკითხია, რომელიც უნდა შეფასდეს, რადგან სამშენებლო მასალები 25%-ით გაძვირდა და, როგორც ჩანს, საპროცენტო განაკვეთიც გაიზრდება.

– ომთან დაკავშირებით, შეთანხმებას UNHCR-სთან (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) მიაღწიეთ, რომლის სახელიც გუნდის მაისურზე გამოჩნდება.

ძალიან ვამაყობთ, რომ “ბარსელონა” ლტოლვილთა და გაჭირვებულთა დახმარებას განაგრძობს, ეს გვაბედნიერებს. მრავალი წელია, UNICEF-თან არაჩვეულებრივი და ორივე მხარისთვის მომგებიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვცდილობთ, სამყარო ცოტათი უკეთესი გავხადოთ. ახლა ვაგრძელებთ მუშაობას უკეთესი მსოფლიოს შექმნის სურვილით და გვჯერა, რომ UNHCR-სთან ურთიერთობა კარგი გადაწყვეტილებაა. ეს ალიანსი ორივე მხარისთვის საინტერესო იქნება, ჩვენ ბევრ ადამიანს დავეხმარებით, რაც თავს კარგად გვაგრძნობინებს.

– ფერან რევერტერის წასვლის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ ახლა კლუბი დიდი, მაგრამ ოჯახური ბიზნესივით იმუშავებდა. შეიძლება, ამან უნდობლობა გამოიწვიოს?

ახლა კონტროლი უფრო მეტია. კონტროლი საკუთარი თავიდან იწყება. ჩვენ ორგანიზიაციის სტრუქტურა შევცვალეთ, ის დეპარტამენტებს შორის უფრო გამჭვირვალე გავხადეთ, რადგან გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად იქნას მიღებული. რევერტერის მუშაობისადმი კვლავ მადლიერები ვართ.

 – რას აკეთებთ შემოსავლის გასაზრდელად?

ამაზე ვმუშაობთ. შემდეგი სეზონი რთული იქნება, რადგან დატოვებული ეკონომიკური მემკვიდრეობის გამოსწორებას დრო სჭირდება. ეს უფრო რთულია, როდესაც სიურპრიზებს აღმოაჩენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ სიტუაციის გამოსწორებაზე ვმუშაობთ, მალე ახალი სპონსორი გვეყოლება, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს მოგვიტანს. ვფიქრობ, მომდევნო სეზონის ბოლოს წელში გავიმართებით, თუმცა ქამრების შემოჭერა მაინც მოგვიწევს.

– შესაძლებელია ახალ სპონსორთან შეთანხმება?

დიახ, რამდენიმე ვარიანტზე ვმუშაობთ და ვიმედოვნებთ, სეზონის ბოლომდე სახელოსთვის სპონსორს ვიშოვით. ჩვენ რამდენიმე ვარიანტიდან არჩევა შეგვიძლია, მაგრამ მუდმივად რესურსების ოპტიმიზაციას ვცდილობთ, ასე რომ, ეს პროცესი დროს მოითხოვს.

– როგორ მიდის CVC-სთან შეთანხმების საქმე?

ჩვენ რამდენიმე შესაძლებლობა გვაქვს ვალისა და უარყოფითი სახელფასო ლიმიტის შესამცირებლად. ამჟამად მოლაპარაკებები CVC-ს, Barca Studios-ა და BLM-სთან დაკავშირებით მიმდინარეობს. ჩვენ შემოსავალი უნდა გავზარდოთ, მეტი ვალის აღება აღარ შეგვიძლია, თუ საუბარი არაა მცირე საპროცენტო განაკვეთზე. ახლა ეს ჩვენი პრიორიტეტია, რადგან სპორტულ პროექტს ჩავი, ჟორდი კრუიფი და მატეუ ალემანი ხელმძღვანელობენ. ვიმედოვნებ, მატეუ ზაფხულშიც დიდ სამუშაოს გასწევს. მისით ძალიან კმაყოფილები ვართ.

– სუპერ ლიგა მიტოვებულია?

არა, “რეალთან” და “იუვენტუსთან” ერთად პროექტში ვრჩებით და სხვა კლუბებს ველოდებით. გერმანული და ინგლისური გუნდები აკვირდებიან, იქნება ეს ახალი ფორმატის ტურნირი თუ გაუმჯობესებული ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ თითოეულ სასამართლო პროცესს ვიგებთ. ახლა ევროპის სასამართლოს ველით, რომელიც, ვიმედოვნებთ, გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე მიიღებს.

– Spotify-სთან შეთანხმება კარგი გარიგებაა – რიცხვებს რატომ არ ასახელებთ?

ეს საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო სასპონსორო შეთანხმებაა, თუ არა საუკეთესო. მე პატივს ვცემ იმ მოსაზრებას, რომ ნებისმიერი გარიგების დეტალები ცნობილი უნდა იყოს, თუმცა Spotify-მ კონფიდენციალურობის დაცვა მოგვთხოვა. კლუბის წესდების შესაბამისად, შეთანხმება დელეგატ წევრთა ასამბლეაზე უნდა დამტკიცდეს.

ჩვენ გამოვიარეთ პანდემია და შეუსაბამო მმართველობის პერიოდი, ახლა აღდგენით პროცესს გავდივართ. თუ “რეალთან” 4-0 გამარჯვება იმის დადასტურებაა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, Spotify-სთან შეთანხმებაც იმავეს აჩვენებს.

– როგორ მიდის არაუხოსა და გავისთან კონტრაქტის გახანგრძლივების საქმე?

ყველაფერი კარგად მიდის. ისინი არიან ფეხბურთელები, რომლების შენარჩუნებაც გვინდა იმ ანაზღაურების ფარგლებში, რომლის შეთავაზებაც შეგვიძლია. გვინდა, რომ ისინი გუნდში მრავალი წლის განმავლობაში დარჩნენ. არაუხოსა და გავისთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ყველაფერი ნორმალურადაა.

– შესაძლებელია, ილაიშ მორიბას შემთხვევა განმეორდეს?

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ იმისთვის, რომ შეიძლება არსებობდეს ფეხბურთელი, რომელსაც ხელფასის რაოდენობა არ აკმაყოფილებს, რაც სრულიად კანონიერი და მისაღებია. 

– ხელშეკრულება ერთ-ერთ კაპიტანს, სერჟი რობერტოსაც ეწურება. არის რაიმე სიახლე?

ახლა ყველაფერი მისი წარმომადგენლების ხელშია. რობერტოს ძალიან ვაფასებთ, მან კლუბს ბევრი რამ გაუკეთა. თავის დროზე მას შეთავაზება გავუკეთეთ, თუმცა ისინი პირობებს არ დაეთანხმნენ. ვნახოთ, რა მოხდება. რობერტო ის ფეხბურთელია, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, ვინაიდან იგი “ბარსას” ისტორიის დიდებული ეტაპის ნაწილი გახლავთ.

– დღევანდელი ვითარება თქვენი პრეზიდენტობის პირველ სეზონს გახსენებთ? ლა ლიგაში თამაში მაშინაც გამოასწორეთ, თუმცა ის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დიახ, ველოდებით, რომ მიმდინარე სეზონს ტიტულით დავამთავრებთ. მაშინ ასე არ მოხდა და ვიმედოვნებთ, ამჯერად ლა ლიგას მოვიგებთ.

– ვის გამო უფრო გაგიხარდათ “რეალთან” გამარჯვება?

პირველ რიგში, ჩემი შვილის გამო, რომელიც 25 წლის გახდა. მას ვუთხარი, რომ მოგება მისი დაბადების დღის საჩუქარი იქნებოდა და ასეც მოხდა. შემდეგ, რაიმონ კარასკოსა და მისი ოჯახის გამო. კარასკო 50 წლის გახდა, როდესაც “რეალს” 5-0 მოვუგეთ და გარდაიცვალა, როდესაც 4-0 მოვუგეთ. მის ოჯახს ძალიან კარგად ვიცნობ და ამ გამარჯვებას მათ ვუძღვნი. ბოლოს კი იმ საყოველთაო სიხარულის გამო, რაც ამ გამარჯვებამ “ბარსას” გულშემატკივრებს მოუტანა. ასეთი მოგება თვითკმაყოფილებასა და სიამაყის გრძნობას ბადებს. წარმოიდგინეთ, ორი კვირა ფეხბურთის გარეშე და ისიამოვნეთ ამ 4-0-ით. კულეები ძალიან ამაყები არიან, ჩვენ ბარსელონას სიხარული დავუბრუნეთ, ეს ფანტასტიკურია.

– ბევრი ქომაგი 5-0-ს ელოდა. პრეზიდენტსაც იგივე სურდა?

თამაშით სიამოვნებას ვიღებდი და ვხედავდი, რომ მეტოქეს ბევრად ვჯობდით. შეიძლებოდა, მეტი გოლი გაგვეტანა, მაგრამ ანგარიშს ყურადღებას არ ვაქცევდი, მე თამაშს ვაკვირდებოდი.

– ფლორენტინო პერესი ძალიან აღელვებული იყო?

ეს სასიამოვნო არაა. პერესი გაკვირვებული იყო, რადგან ამას არ ელოდა. მანამდე მათ ჩემპიონთა ლიგაზე დიდებული გამარჯვება მოიპოვეს და ვფიქრობ, ჩვენთან მეტს ელოდნენ, თუმცა მათ ტაქტიკურად ძალიან კარგად მომზადებული და გამარჯვებულის მენტალიტეტის მქონე “ბარსა” დახვდათ. ჩავი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. გუნდი ფიზიკურადაც შესანიშნავადაა მომზადებული, რადგან “გალათასარაისთან” შეხვედრის შემდეგ დაღლილობის ნიშნებს ვერ ვხედავდი. 

– “რეალთან” გამარჯვების შემდეგ ჩავის ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზეთ?

ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელსაც უყვარს “ბარსა” და კლუბს ძალიან კარგად იცნობს. ის ბევრს განიცდის, მაგრამ ძალიან მოტივირებულია. ამ საკითხს ჯერ არ შევხებივართ, მაგრამ ვფიქრობ, ჩავის შეუძლია, იმდენ ხანს დარჩეს, რამდენიც უნდა. მას ნებისმიერ დროს შეუძლია ჩემთან, მატეუ ალემანისთან, ჟორდი კრუიფთან და რაფა იუსტესთან ისაუბროს. ეს ის საკთხი არაა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს. მინდა, ჩავი თავს კომფორტულად გრძნობდეს და მან იცის, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ერნანდესმა ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს “ბარსელონას” პირველი გუნდის მწვრთნელობა.

– რამდენიმე დღის წინ მიანიშნეთ, რომ ნანობდით, რომ ჩავი უფრო ადრე არ მოიყვანეთ. რატომ არ გააკეთეთ ეს ადრე?

მე ყველაფერი “ბარსას” ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთე. ეს ბევრჯერ ვთქვი. მე მხოლოდ იმას ვნანობ, რაც კეთილსინდისიერად დავაშავე. ვინაიდან, გულწრფელად ცუდი არაფერი გამიკეთებია, არაფერს ვნანობ. ვცდილობ, კლუბის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედო. ზოგჯერ ვცდები, ზოგჯერ – არა. ცხოვრება ასეთია. 

სეზონის ბოლოს ვამბობდი: “მოდი, მწვრთნელს შევცვლი”. მაგრამ ჩვენ ტიტული მოვიგეთ, ასევე დელიკატური ეკონომიკური მდგომარეობა გვქონდა. 

კუმანმა მკითხა, იყო თუ არა ჩემი მწვრთნელი, მე კი ვუპასუხე: “ნუ მაიძულებ, ახლა გიპასუხო, რადგან გარკვეული ეჭვები მაქვს. ჩვენ ტიტული მოვიგეთ, მაგრამ თამაშის სტილი არ მომწონს, სისტემა შეიცვალა”.

მაშინ მწვრთნელის შეცვლა მიზანშეწონილი არ იყო და მას მეორე შანსი მივეცით. მაგრამ რაღაც მომენტში დავინახეთ, რომ გუნდი არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ჩავისთან კი არჩევნების შემდეგ მუდმივი კონტაქტი გვქონდა. მას დავურეკე და ვუთხარი, მზად იყო თუ არა “ბარსას” გასაწვრთნელად, მან დადებითი პასუხი გამცა. შემდეგ მატეუ ალემანი და რაფა იუსტე ყატარში ჩავიდნენ და ყველაფერი მოაგვარეს. ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე რომ მიგვეღო, რამე შეიცვლებოდა? ამის თქმა რთულია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელები დავიმატეთ, რომლებიც სხვაობას ქმნიან. ყველაფერი პროცესის ნაწილია. 

– დემბელესთვის კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობას ხედავთ?

დემბელე კარგი ბიჭია, მას ჩვენთვის პრობლემები არ შეუქმნია. “ბარსაში” თამაშის პერიოდში უსმანის საუკეთესო ვერსიას ვხედავთ. ჩვენს შეთავაზებას ვადა 20 დეკემბერს გაუვიდა, მან გახანგრძლივებაზე უარი თქვა. შეიცვლის თუ არა ის აზრს? ვნახოთ. ჩვენ ახალ სახელფასო დონეს ვადგენთ, რომელზე შეგუებაც ყველას მოუწევს. 

– გაუკეთებენ უსმანს ახალ შეთავაზებას თუ მან პირობები უკვე იცის?

ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რომ მას გახანგრძლივება სურს. ვფიქრობ, სეზონის ბოლოს მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა ეს ჩვენი პირობების ფარგლებში მოხდება.

– თუ ისინი მოლაპარაკებებს დათანხმდებიან, მზად ხართ ახალი კონტრაქტის შეთავაზებისთვის?

ვნახოთ, ჰიპოთეზებზე საუბარი არ მიყვარს. ჩვენ დიალოგისთვის მზად ვართ და დემბელე ამას ძალიან აფასებს. უსმანი უმტიტისა და ობამეიანგთან ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობს. ვხედავ, რომ ის თამაშის ბოლოს ბედნიერია. 

– ლა ლიგისთვის იბრძოლებთ?

დიახ. და ამას იმიტომ ვამბობ, რომ გუნდი უმატებს. “რეალს” 12 ქულით ჩამოვრჩებით, თუ “რაიოს” მოვუგებთ, სხვაობა 9 ქულამდე შემცირდება. ყველა თამაშის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ – ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ გამოწვევები გვიყვარს. კლუბს ეს მენტალიტეტი აქვს.

– სჭირდება ჰოლანდის, მბაპეს, სალაჰის ან ლევანდოვსკის კალიბრის თავდამსხმელი გუნდს, რომელიც “ბერნანებუზე” 4-0-ს იგებს?

ჩვენ ძალიან კარგი ცენტრალური თავდამსხმელები გვყავს: ობამეიანგი, მემფისი, ფატი. სწორედ ამიტომ ვიღებთ ლა ლიგის მოგების გამოწვევას. ამ მოგებას ისეთ მატჩებს შორის გამოვარჩევდი, როგორებიცაა 5-0 1973/34 წლებში, 6-2 2009 წელს, 5-0 2011 წელს. 

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასახდელში გამარჯვების აღნიშვნამ “რეალის” მხრდიან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. 

ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ. რაიმონ კარასკოს წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ და მინდა, ამისთვის “რეალის” გულშემატკივრებს საჯაროდ მადლობა გადავუხადო. ეს ტიპური აღნიშვნა იყო. ჩვენ რთული პერიოდი გამოვიარეთ და ეს იმის დადასტურება იყო, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ფოტო ვინმეს შეურაცხყოფის მიზნით არ გადაგვიღია, პირიქით.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    27 მარ 2022, 19:12

    სჭირდება ჰოლანდის, მბაპეს, სალაჰის ან ლევანდოვსკის კალიბრის თავდამსხმელი გუნდს, რომელიც "ბერნანებუზე" 4-0-ს იგებს?
    მაგარი შეკითხვაა, თუ გავითვალისწინებთ რა სასტავი ყავდა პსჟ-ს რეალთან. და მაინც უნდა ითქვას ნამდვილად არ ელოდა რეალი ასეთ ბარსას, მათ ჩამოეძინათ ჩვენთან ზედიზედ მოგებებით და ეგონათ სულ ასე იქნებოდა. თვითონ კი ფეხის განძრევა არ დასჭირდებოდათ.

  • shu1987
    26 მარ 2022, 18:50

    პერესი რა დონის მაფიოზია და რა დონის შენძრეულია ლაპორტა კონკურენციას რომ უგებს 😃 ძაან მაგარი როჟაა ბარსა უყვარს ამ კაცს.