2021 წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება, “ბარსელონასთვის” კი უკვე დასრულდა კიდევ. ჩასატარებელი თამაში აღარ დარჩა, შესაბამისად, მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება (ფერან ტორესის წარდგენის გარდა).
რთული წელი გამოდგა, კლუბისთვის გარდამავალი პერიოდია და ბევრს არავინ მოელოდა. “ბარსამაც” მხოლოდ ერთი ტიტულის, კოპა დელ რეის, მოგება მოახერხა. ისიც იმიტომ, რომ მაშინ გუნდში ლეო მესი თამაშობდა. თუმცა ახლა მსგავს მოვლენებს არ შევეხებით. “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა გადაწყვიტა, 2021 წელი სტატისტიკურად მიმოეხილა და რამდენიმე გამოსარჩევი კომპონენტი შემოგვთავაზა.
31 გამარჯვება
“ბარსამ” 2021 წელს 57 თამაში ჩაატარა და 31 მოიგო, პროცენტულად – 54.3%. 13 მატჩი წააგო, 13-იც ფრედ დაასრულა.
108 გატანილი გოლი
“ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მეტოქეთა კარის ბადის შერხევა 108-ჯერ მოახერხეს, თამაშში საშუალოდ 1.8-ჯერ.
69 გაშვებული გოლი
რონალდ კუმანის, ჩავი ერნანდესისა და, რამდენიმე დღით, სერჟი ბარჟუანის მომზადებულმა “ბარსამ” 69 გოლი გაუშვა, საშუალოდ 1-ზე ოდნავ მეტი.
12 გოლი ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ
2021 წელს, კატალონიელებმა განსაკუთრებით ბასკები დაამწუხრეს – მათი კარი 12-ჯერ აიღეს, მათ შორის, 4-ჯერ ესპანეთის თასის ფინალში.
თავის მხრივ, “ატლეტიკმაც” ყველაზე მეტი – 7 – გოლი სწორედ “ბარსას” გაუტანეს. ალბათ, იმიტომ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ.
ბილბაოელების შემდეგ, “ბარსას” მოთამაშეებმა ყველაზე მეტჯერ, 11-11-ჯერ “რეალ სოსიედადისა” და “გრანადას” მეკარეები დაამწუხრეს.
მესის 28 გოლი
“ბლაუგრანას” 108 გოლიდან 28 ლეო მესიმ შეაგდო, რაც 26%-ია. არგენტინელს ანტუან გრიზმანი (15), მემფის დეპაი (8), ფრენკი დე იონგი (7) და უსმან დემბელე (6) მოჰყვებიან.
ბუსკეტსის 56 თამაში
კაპიტანმა 2021 წელს ყველაზე მეტი, 56 შეხვედრა ჩაატარა. მან მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა, რომელიც “ბარსამ” იანვარში “ატლეტიკის” წინააღმდეგ ჩაატარა. სერხიოს 52-52 თამაშით მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ფრენკი დე იონგი მოჰყვებიან.
ტერ შტეგენის 4800 წუთი
თამაშების რაოდენობის მიუხედავად, მოედანზე ყველაზე მეტი წუთი ტერ შტეგენმა დაჰყო, მან 52-ვე შეხვედრა სრულად ჩაატარა. გერმანელს ფრენკი დე იონგი (4551) და სერხიო ბუსკეტსი (4533) მოჰყვებიან.
37 სხვადასხვა ფეხბურთელი
2021 წელს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისური 37-მა სხვადასხვა მოთამაშემ მოირგო. მათგან ლეო მესი, ანტუან გრიზმანი, მირალემ პიანიჩი, ილაიშ მორიბა, ემერსონი, ფრანსიშკუ ტრინკაუ, კონარდ დე ლა ფუენტე და ჟუნიორ ფირპო “ბარსელონას” აღარ წარმოადგენენ.
ბუსკეტსის 30 გამარჯვება
თამაშების რაოდენობიდან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მეტი გამარჯვებაც ბუსკეტსმა იზეიმა. მას ფრენკი დე იონგი (29), ჟორდი ალბა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ოსკარ მინგესა (ყველა 28) მოსდევენ.
სერხიომ და ტერ შტეგენმა ყველაზე მეტი, 13-13, მარცხიც იწვნიეს.
შვიდი 1-1
2021 წელს “ბარსასთვის” ყველაზე ჩვეული ანგარიში 1-1 იყო, რომელიც 7-ჯერ დაფიქსირდა. მათ შორის იყო უკანასკნელი მატჩი “სევილიას” წინააღმდეგ. ამის შემდეგ ყველაზე ხშირი 1-0 გამარჯვება იყო.
იმედის ბევრად უკეთესი წელი გვექნება ყველა ასპექტში
საშინელი ციფრებია, თუმცა რა გვიკვირს ბარსას ნამდვილი ანტირეკორდისტი კუმანი ხელმძღვანელობდა, რომელიც სულ თავს გვაყვედრიდა, რა ტიტულები მოგინდათ მადლობა თქვით რო ჯერ ლა ლიგიდან ვერ გაგყარეთო.