როგორ შეიქმნა ბარსელონას ქალთა გუნდი

როგორ შეიქმნა ბარსელონას ქალთა გუნდი

“ბარსელონას” მამაკაცთა და ქალთა გუნდების შექმნის ისტორია ერთმანეთს ჰგავს. ორივე გუნდი შემოდგომაზე ბეჭდვით გამოცემაში გამოქვეყნებული განცხადების შედეგად შეიქმნა. 1899 წლის ოქტომბერში მამაკაცთა გუნდის შექმნის განცხადება ჟოან გამპერმა გამოაქვეყნა და ნოემბერში გუნდი უკვე მზად იყო, 1970 წლის ნოემბერში კი იგივე იმაკულადა კაბესერანმა გააკეთა.

ჟოან გამპერი “ბარსელონას” დაარსების დროს 22 წლის იყო, იმაკულადა კაბესერანი კი კიდევ უფრო ახალგაზრდა – 18 წლის.

1970 წელი ის დროა, როდესაც ქალების ფეხბურთი მისაღები და მისასალმებელი სულაც არაა. ამის მიუხედავად კაბესერანი გუნდის შექმნაზე ფიქრს არ წყვეტს. ნოემბრის ერთ დილას ის “ბარსელონას” მაშინდელ პრეზიდენტს, აგუსტი მონტალს კლუბის სათავო ოფისში შეხვდა. მან პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ ბევრი ქალი არსებობდა, რომლებსაც ფეხბურთის თამაში სურდათ. მონტალმა მას განუცხადა, რომ თუ საჭირო რაოდენობის მოთამაშეს შეკრებდა, “ბარსელონა” ამ გუნდს მხარს დაუჭერდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, “ბარსელონას” პერიოდული ბეჭდური გამოცემის,  Revista Barcelonista-ს რედაქტორმა კაბესერანი დაარწმუნა, რომ გუნდის შესაკრებად საუკეთესო გზა ამ გამოცემაში განცხადების განთავსება იყო. იმაკულადას განაცხადება ზუსტად 51 წლის წინ,  დღევანდელ დღეს, 17 ნოემბერს გამოქვეყნდა. შედეგად შეიქმნა ქალთა გუნდი, რომელიც 18-დან 26 წლამდე ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

რამდენიმე ვარჯიშის ჩატარების შემდეგ იმაკულადა და მისი თანაგუნდელები მიხვდნენ, რომ მათ მწვრთნელი სჭირდებოდათ. ამაში მათ “ბარსელონა” დაეხმარა და გოგონების გასაწვრთნელად კლუბის ლეგენდები – ანტონი რამალიეტსი და სესარ როდრიგესი მიავლინა.

სესარმა პოსტი რამდენიმე დღეში დატოვა, რამალიეტსი კი გოგონათა გუნდს 1972 წლამდე წვრთნიდა. ლეგენდარულმა მეკარემ იცოდა, რომ ის რამდენიმე კვირაში სასწაულს ვერ მოახდენდა და გოგონებისთვის ფეხბურთის საბაზისო ტექნიკის სწავლებას მოთმინება დასჭირდებოდა.

პირველი თამაშ 1970 წლის 25 დეკემბერს “კამპ ნოუზე” გაიმართა. ამ დროს გოგონათა გუნდი “ბარსელონას” მიერ ოფიციალურად აღიარებული ჯერ არ იყო. გუნდი არ იყენებდა კლუბის სახელს, ფერებსა და ლოგოს, მხოლოდ მხარდაჭერით სარგებლობდა.

თამაში მამაკაცთა ფეხბურთისგან განსხვავებული პირობებით ჩატარდა – შემცირებული იყო როგორც მოედნის, ასევე კარების ზომა, ხოლო თითო ტაიმი 45 წუთის ნაცვლად 30 წუთი გრძელდებოდა. ამან მოთამაშეები გაანაწყენა, რადგან მათ მიაჩნდათ, რომ სრული თამაშის ჩატარება შეეძლოთ.

“ბარსელონას” ქალთა გუნდის პიონერები იყვნენ: მარია ანტონია მინგესი, ლერა, ხიმენესი, პილარ გასულია, ლუისა ვილასეკა, აურორა არნაუ, ანა ხაკესიე, მაიტე როდრიგესი, იმაკულადა კაბესერანი, ნურია ლიანსა, ალისია ესტივილი, ბლანკა ფერნანდესი, ლოლიტა ორტისი, კონსუელო პერესი, კარმე ნიეტო, ფინა როსი და გლორია კომასი.

უფრო გამოცდილ და ძლიერ გუნდთან თამაში “ბარსას” გოგონებმა უგოლოდ დაასრულეს, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი 4-3 მოიგეს.

“ბარსელონამ” ქალთა სექცია ოფიციალურად მხოლოდ 2002 წელს დააარსა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2021, 21:03

    სამაგიეროდ ახლაა ზენიტში.