დღეს, ლა ლიგის მე-8 ტურში, “ბარსელონას” ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის. “ვანდა მეტროპოლიტანოზე” კატალონიელები მოქმედ ჩემპიონ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდებიან.
დიდი ალბათობით, ხვალინდელი თამაშით რონალდ კუმანს დავემშვიდობებით. მედიაში გავრცელებულ ცნობებს უკვე თავად ნიდერლანდელიც აღარ უარყოფს. იმედი ვიქონიოთ, რომ “უემბლის გმირი” კარს პრინციპულ მეტოქეზე გამარჯვებით გაიჯახუნებს, თუმცა რეალისტები რომ ვიყოთ, მადრიდში მოგება ძალიან რთული იქნება.
სათამაშო ფორმა
“ლევანტესთან” მატჩში მიღებული ემოციური მუხტის კონკრეტულ შედეგში გადაზრდა გუნდმა ვერ შეძლო. ალბათ, ამაზე ცუდ ფორმაში “ბარსელონა” ერთ-ერთ მთავარ კონკურენტთან დაპირისპირებას ვერ შეხვდებოდა.
სამწუხაროა, რომ ასეთ რთულ მომენტებში გუნდში არ არის ფეხბურთელი, რომელიც საკუთარი მონდომებითა და ჟინით სხვათა აყოლიებას შეძლებს. მართალია, თამაშის წინ, ლაპორტა გასახდელში ფეხბურთელებს ამხნევებს, მაგრამ მოედანზე ნამდვილი ლიდერის ყოფნა სულ სხვა ეფექტის მატარებელია. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გუნდის მნიშვნელოვან ნაწილს ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელები წარმოადგენენ.
რთულია იმის თქმა თუ რა სათამაშო სქემით გამოიყვანს კუმანი გუნდს. დღეს, ესპანურ მედიაში ითქვა, რომ მან “ბენფიკასთან” თამაშისთვის სქემისა და ძირითადი შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო. ნებისმიერ შემთხვევაში, სავარაუდოდ, სასტარტოში კვლავ ვერ ვიხილავთ ანსუ ფატის. ტრავმის მოშუშების შემდეგ, მისი სათამაშო დრო თანდათანობით იზრდება.
მეტოქე
“ბარსელონასთან” თამაშამდე, დიეგო სიმეონეს გუნდს “სან სიროზე”, “მილანთან”, ძალიან რთული შეხვედრა ჰქონდა. მანამდე კი, მოულოდნელად, “ატლეტიკო” “ალავესთან” დამარცხდა და “რეალს” სამქულიანი უპირატესობა მისცა. წინა სეზონისა და მიმდინარე სეზონის სტარტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა “სევილიასაც” შეუძლია. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, “ატლეტიკოს” კი ბრძოლისუნარიანობა არასდროს აკლდა.
წინა სეზონებთან შედარებით, “ატლეტიკო” ბევრ გოლს უშვებს. ლა ლიგის საწყის 7 ტურში მადრიდელებმა კარის მშრალად შენახვა მხოლოდ ორჯერ შეძლეს და 6 გოლი გაუშვეს – ასეთი რამ ბოლოს 2014 წელს დაფიქსირდა.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესი ახლავს თან ლუის სუარესისა და ანტუან გრიზმანის შეხვედრას ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. გასულ სეზონში, ურუგვაელმა პირველი წრის მატჩი კორონავირუსის გამო გამოტოვა, “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში კი 90 წუთი ითამაშა. გრიზმანს, “ბარსელონაში” გადმოსვლამდე, კატალონიური კლუბის კარი (26 შეხვედრაში) 6-ჯერ აქვს აღებული.
მწვრთნელები მატჩის წინ
შარშან, ისინი ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ. “ატლეტიკო” კონკურენტუნარიანი გუნდია. მათთან თავისუფალი სივრცეების პოვნა რთულია, ისინი საჯარიმოში თავს ძალიან კარგად იცავენ, დიდებული გუნდია.
ბოლო პასის დროს, ყურადღებით უნდა ვიყოთ და სახიფათო მომენტები შევქმნათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან იმაზე მეტი მომენტი არ გვექნება, რამდენიც “ბენფიკასთან” გვქონდა, მაგრამ 3-4 შანსი თუ შევქმენით, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
დიეგო სიმეონე:
დანაკლისი
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ “ბარსას” პედრი გონსალესი დააკლდებოდა, რომელსაც “ბაიერნთან” მატჩში მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში მიღებული ტრავმა გაუმიზეზდა. მასთან ერთად, მოედანზე ვერ ვიხილავთ სერხიო აგუეროს, მარტინ ბრეითუეიტს, უსმან დემბელესა და ალეხანდრო ბალდეს.
“ატლეტიკოს” შემთხვევაში, ტრავმის გამო, დიეგო სიმეონეს მატეუს კუნია და ჟოფრე კონდოგბია არ ეყოლება. ამ უკანასკნელმა, ლა ლიგაში უკვე 5 ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და, შესაბამისად, დისკვალიფიცრებულია. “მილანთან” შეხვედრაში, პირველ ტაიმში მოედანი დატოვა კირან ტრიპიერმა, თუმცა მას სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა და დღეს სათამაშოდ მზადაა.
არბიტრი
ხვალინდელ მატჩს 41 წლის სეზარ სოტო გრადო გაუძღვება. სოტო პრიმერა დივიზიონში 2019/20 წლების სეზონიდან მუშაობს. აქედან გამომდინარე, მას “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” დონის მატჩში მსაჯობის დიდი გამოცდილება არ აქვს.
შეხვედრაში, რომელშიც “ბარსა” მონაწილეობდა, სოტომ სულ 4-ჯერ იმსაჯა (3 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი). აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გამართული სამი მატჩიდან “ბარსამ” ერთი მოიგო, ორი კი – დათმო. ერთადერთი მოგება “ეიბარის” წინააღმდეგ შედგა (5-0), როდესაც ლიონელ მესიმ კატალონიურ კარიერაში უკანასკნელი “პოკერი” შეასრულა.
მან ამ სამ შეხვედრაში “ბარსას” ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა (მეტოქეს 6), მის სასარგებლოდ პენალტი არასდროს დაუნიშნავს, მისი კარის მიმართულებით კი – ერთხელ.
“ბარსელონას” მსგავსად, ესპანეთის ჩემპიონატში სოტომ “ატლეტიკოს” თამაშშიც სამჯერ იმსაჯა, საიდანაც “როხიბლანკომ” ორი მოიგო და ერთი წააგო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მოგება “ეიბართან” მატჩში შედგა და ის თამაში “ატლეტიკომაც” 5-0 მოიგო.
მას “ატლეტიკოსა” და მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის 9-9 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები. სოტოს ამ სამ შეხვედრაში არც პენალტი დაუნიშნავს და არც არავინ გაუძევებია.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს ერთმანეთთან 236-ჯერ უთამაშიათ. “ბარსას” სტატისტიკა ასეთია – 105 მოგება, 56 ფრე, 75 წაგება, 445 გატანილი და 343 გაშვებული გოლი. ლა ლიგის ეგიდით ჩატარებული 168 თამაშიდან გამარჯვება 75-ჯერ “ბარსელონას” დარჩა, 51-ჯერ “ატლეტიკოს”, 42-ჯერ კი ფრე დაფიქსირდა, ბურთების შეფარდება – 322-245.
სტუმრის სტატუსით გამართული 122 თამაშიდან “ბარსელონამ” 39 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა და 59 წააგო. ახლადგახსნილ “ვანდა მეტროპოლიტანოზე” ამ გუნდებს 4-ჯერ უთამაშიათ – 1 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთების შეფარდება – 3-3.
საინტერესო ფაქტები
- სოტო გრადო “ატლეტიკოს” მატჩში მეოთხედ იმსაჯებს. ოთხივე შემთხვევაში მასპინძელი მადრიდული კლუბი იყო
- ამ გუნდებს შორის “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გამართულ მატჩში 3 გოლი ბოლოს 2017 წელს გავიდა
- “ბარსას” მხრიდან, “ატლეტიკოს” კარში გოლი ბოლოს 2020 წლის ზაფხულში ლიონელ მესიმ გაიტანა
- ამ სეზონში “ბარსას” საგარეო მატჩი, ჯერჯერობით, მოგებული არ აქვს
- კუმანი “ბარსას” მე-7 მწვრთნელია, რომელსაც სიმეონე დაუპირისპირდა
სავარაუდო შემადგენლობები
SofaScore:
“ბარსელონა” | 3-4-3
ტერ შტეგენი – არაუხო, პიკე, გარსია – მინგესა, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, დესტი – ფატი, ლ. დე იონგი, მემფისი
“ატლეტიკო” | 3-5-2
ობლაკი – ხიმენესი, სავიჩი, ერმოსო – ტრიპიერი, კოკე, დე პაული, ლიორენტე, კარასკო – გრიზმანი, სუარესი
Sport:
“ბარსელონა” | 3-5-2
ტერ შტეგენი – არაუხო, პიკე, გარსია – მინგესა, გავი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, დესტი – ლ. დე იონგი, მემფისი
“ატლეტიკო” | 3-5-2
ობლაკი – ხიმენესი, სავიჩი, ერმოსო – ტრიპიერი, კოკე, დე პაული, ლიორენტე, კარასკო – გრიზმანი, სუარესი
Sportskeeda:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – მინგესა, არაუხო, პიკე, დესტი – გავი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი – კოუტინიო, ლ. დე იონგი, მემფისი
“ატლეტიკო” | 3-5-2
ობლაკი – ხიმენესი, ფელიპე, ერმოსო – ტრიპიერი, კარასკო, კოკე, დე პაული, ლიორენტე – გრიზმანი, სუარესი
Marca:
“ბარსელონა” | 3-5-2
ტერ შტეგენი – არაუხო, პიკე, გარსია – მინგესა, გავი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, დესტი – მემფისი, ფატი
“ატლეტიკო” | 3-5-2
ობლაკი – ხიმენესი, სავიჩი, ერმოსო – ტრიპიერი, კოკე, დე პაული, ლიორენტე, კარასკო – გრიზმანი, სუარესი
პროგნოზი
SportsMole: ატლეტიკო 1-1 ბარსელონა
Sportskeeda: ატლეტიკო 2-2 ბარსელონა
WhoScored: ატლეტიკო 2-1 ბარსელონა
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.
ველოდებით ყველა პრესკონფერენციას ან კუმანის გადადგომის ან გაგდების.გუნდი რომ აღარ ქვია გასაგებია მარაა იმის იმედი მაინც დაგვიტოვონ რომ კიდე ერქმევა ოდესმე
გაგვაპეს და ეგაა.აგერ ბოლო ნიუსში ლაპორტამ კუმანს ვენდობი და არ გავაგდებო,ხოდა ვიყოთ და ვიტანჯოთ,როგორ ინგრევა ჩვენი საყვარელი კლუბი.დღეს კიდევ შეიძლება,რაღაც წინააღმდეგიბა გავუწიოთ მაინც შროიდერი წაიყვანს თამაშს.აი დანარჩენ მატჩებში მაგრად გაგვედო.
ატლეტიკო დაგვტანჯავს, ჩვენი ფიზიკა მაგათთან ვერ მივა. რო ვერ გავიტანთ ცხადია, მაგრამ ისინი რამდენს გაგვიტანენ ეს მარტო ღმერთმა იცის.
წყნარი 1:0 მორჩება, ჩოლოს სტილში
გოლს ვერ გავიტანთ ისე წავაგებთ და კიც გააჯმეინებენ კუმანას 🙂