გუშინ მექსიკაში, “ესტადიო ასულზე” გაიმართა კიდევ ერთი საქველმოქმედო მატჩი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო “ბარსელონას” ვარსკვლავმა, ლიონელ ანდრეს მესიმ.
ორივე გუნდში შედიოდნენ როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი ფეხბურთელები. მესის გუნდის მწვრთნელი გახლდათ დუნგა, ხოლო “დანარჩენი სამყაროს ვარსკვლავთა” გუნდს სათავეში ედგა მექსიკის 17 წლამდე ასაკის ნაკრების ხელმძღვანელი – რაულ გუტიერესი.
პირველ ტაიმს შეგვილია დავარქვათ დუელი მესისა და “დანარჩენი სამყაროს ვარსკვლავების” მეკარეს, ხორხე კამპოსს შორის. მექსიკელი მეკარე, რომელმაც საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა, მთელი ტაიმის განმავლობაში მესის შეტევებს იგერიებდა. თუმცა, თამაშის მეათე წუთზე მან დიეგო ლუგანოს დარტყმული ვერ მოიგერია და საკუთარ კარში პირველი გოლი მიიღო. მეოცე წუთზე ანგარიში გაათანაბრა კრისტიან ხიმენესმა, რომელმაც ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი რობერტო აბონდაზერის. 31–ე წუთზე ანგარიში მესის მეტოქე გუნდის სასარგებლოდ გაიზარდა, რაც დანიელ ოსვალდოს დამსახურებაა. მიუხედავად ამისა, თამაშის პირველი ნახევარი მაინც ფრედ, 2-2 დასრულდა. “მესის მეგობრებმა” ლეოს პასის შემდეგ ანგარიში გაათანაბრეს. გოლი რომარიომ გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ლეოს გუნდი მარტინ პალერმომ დააწინაურა, ხოლო 5 წუთის შემდეგ მეტოქეთა კარი თავად მესიმ აიღო. ანგარიში გახდა 4:2, თუმცა ათი წუთის შემდეგ, ოსვალდოსა და ფუერტესის გოლების წყალობით ანგარიში კვლავ გათანაბრდა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე პალერმომ კვლავ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტაბლოზე – 5:4.
სტადიონზე დაახლოებით 15000 მაყურებელი იყო. მატჩიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება ფონდს “Doctor Sonrisa”–ს (“ექიმი ღიმილი”), რომელიც ეხმარება განუკურნელი სენით დაავადებულ ბავშვებს.
“მესის მეგობრები”: რობერტო აბონდანზერი, პაბლო კუატროკჩი, დიეგო ლუგანო, ჯონ ვიაფარა, ისმაელ კილესი (ემერსონი, 56), ბალტერ გარგანო, დამიან ალვარესი (ალვარო გონსალესი, 46), ლიონელ მესი (ხუან მანუელ სალგეირო, 70), რომარიო, მარტინ პალერმო.
“დანარჩენი სამყაროს ვარსკვლავები”: ხორხე კამპოსი (ერნან კრისტანტე, 46), ნესტორ ორტიგოსა, ესტებან ფუერტესი, ხოაკინ ბელტრანი, ხერარდო ტორადა (გუსტავო მატოსასი, 46), ბრაულიო ლუნა, ედგარ დავიდსი (სანტიაგო სოლარი, 52), მაურო კამორანეზი (ხულიო გომესი, 56), კრისტიან ხიმენესი, დანიელ ოსვალდო, ხარედ ბორხეტი (ხორხე ესპერიკუეტა, 56).
[media=http://www.youtube.com/watch?v=e1tzqmRQYeI]