დღე, როდესაც ბარსელონამ ბეწვის ხიდზე გაიარა

დღე, როდესაც ბარსელონამ ბეწვის ხიდზე გაიარა

“ბარსელონა” ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, კატალონიელები თავს არაერთი რამით იწონებენ, მათ შორის ისიცაა, რომ “ბლაუგრანა” ლა ლიგიდან არასდროს გავარდნილა.

“ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი დამფუძნებელი გუნდია და ის უმაღლესი დივიზიონიდან არასდროს გავარდნილა. ეს ნიშნავს, რომ კატალონიელებს ყველა სეზონი პრიმერა დივიზიონში აქვთ ჩატარებული. დღეს ჩვენ ვხედავთ “ბარსელონას”, რომელიც უამრავი პრობლემის მიუხედავადაც კი ლა ლიგის მთავარ ფავორიტთა შორის ყოველთვისაა. თუმცა იყო დრო, როდესაც ჩვენი საყვარელი გუნდი რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებოდა და ერთხელ “ბარსა” სეგუნდა დივიზიონში გავარდნასთანაც კი ძალიან ახლოს იყო.

ესპანეთის ჩემპიონატის 1941/42 წლების გათამაშება 14 გუნდს შორის ჩატარდა. ბოლო 2 ადგილი ქვედა დივიზიონში ავტომატურად ვარდებოდა, მე-11 და მე-12 პოზიციებზე გასულ გუნდებს კი ფლეი აუთში თამაში უწევდათ. ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე “ბარსელონა” ბოლოსწინა, მე-13 ადგილს იკავებდა და ამ მდგომარეობით ლა ლიგიდან პირდაპირ ვარდებოდა. “ბარსამ” 24-ე ტურში “ალიკანტეს” მარცხით ისარგებლა და მე-12 პოზიციაზე აღზევდა. 25-ე ტურში კატალონიელებმა მათსავით აუტსაიდერთა შორის მყოფ “ოვიედოს” ვერ მოუგეს, მაგრამ “ბლაუგრანას” გაუმართლა, რადგან “ალიკანტემ” ქულები საკუთარ მოედანზე დაკარგა. ბოლო ტურის წინ “ბარსა” წინ მხოლოდ ერთი ქულით იყო. გადამწყვეტ ტურში კატალონიელებმა მოიგეს და ფლეი აუთში თამაშის უფლება მოიპოვეს.

იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მომდევნო სეზონში ლა ლიგაში ითამაშებდა, დღევანდელ დღეს, 28 ივნისს გაირკვა. “ბარსელონასა” და “მურსიას” დაპირისპირება მადრიდში, “რეალის” საშინაო არენაზე გაიმართა. 23-ე წუთზე “მურსია” დაწინაურდა და “ბარსა” სეგუნდა დივიზიონს მიუახლოვდა. პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა, კატალონიელთაგან გოლი მარიანო მარტინმა გაიტანა. შესვენების შემდეგ კი “ბლაუგრანამ” მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – მარტინმა თავი კიდევ 3-ჯერ გამოიჩინა, რასაც ერთი გოლი სოსპედრამ დაუმატა და “ბარსამ” 5-1 მოიგო.

გადამწყვეტი თამაშის მე-2 ტაიმის მარტივად მოგების მიუხედავად “ბარსელონამ” ბეწვის ხიდზე გაიარა, ეს კი ზუსტად 79 წლის წინ მოხდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nika 54
    29 ივნ 2021, 14:18

    ისე არც ატლტიკი და არც რეალი არ გავარდნილან ლიგიდან. არც თბილისის დინამო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან. barca-2

  • DE PE FA
    28 ივნ 2021, 18:05

    გუნდი რომელმაც აფსოლიტურად ყველა საფეხბურთო სი.ლევე გამოიარა😀საოცარ გუნდს ვბალეშიკობთ😀