workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნახევარი საუკუნით გადადებული სიკვდილი

ნახევარი საუკუნით გადადებული სიკვდილი

ეს ისტორია ფეხბურთის ბევრი გულშემატკივრისთვის უცნობია.

1949 წლის დასაწყისში 22 წლის ლადისლაო კუბალა სამშობლოდან, უნგრეთიდან გარბის და თავს იტალიას აფარებს. უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის უნებართვოდ დატოვებისა და დეზერტირობის გამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. სასჯელს დაეთანხმა FIFA-ც, რის გამოც კუბალას ოფიციალურ მატჩებში თამაში აეკრძალა.

1940-იანი წლების ბოლო იტალიურ ფეხბურთში “ტორინოს” დომინირების პერიოდია. ტურინულმა გუნდმა სერია A ზედიზედ 4-ჯერ მოიგო და მეტსახელი Grande Torino (დიდი ტორინო) დაიმსახურა.

1949 წლის მაისში “ტორინო” პორტუგალიაში გაემგზავრა. იტალიური ფეხბურთის გრანდს ლისაბონში “ბენფიკასთან” ამხანაგური შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა. “ტორინოს” მაისურით თამაში შესთავაზეს კუბალასაც. ვინაიდან ლადისლაოს ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა და თან ასეთი გუნდი იწვევდა, ის შეთავაზებას დათანხმდა. თუმცა კუბალას პორტუგალიაში გამგზავრება ბოლო წუთს ჩაიშალა. თუ ოდესმე იფიქრებთ, რომ ზოგი ჭირი მარგებელი არაა, ეს შემთხვევა გაიხსენეთ – შვილის ავადმყოფობის გამო კუბალას ცოლმა იტალიაში დარჩენა სთხოვა, ლადისლაოც დათანხმდა და “ტორინო” ლისაბონში მის გარეშე გაემგზავრა.

ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ნაწილისთვის კარგადაა ცნობილი, რით დასრულდა “ტორინოს” პორტუგალიური მოგზაურობა. უკანა გზაზე თვითმფრინავი ჩამოვარდა და ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ასე დასრულდა “ტორინოს” ზეობის ხანა და ასე გადაურჩა გარდუვალ სიკვდილს ლადისლაო კუბალა შვილის ავადმყოფობის დამსახურებით.

ერთი წლის შემდეგ, 1950 წელს, ფერდინანდ დაუჩიკმა უნგრეთიდან დევნილი ფეხბურთელებისგან გუნდი “უნგრეთი” შეკრა, რომელიც ესპანეთში საჩვენებელი თამაშების ჩასატარებლად გაემგზავრა. გუნდში მოხვდა კუბალაც, რომელმაც მადრიდისა და ესპანეთის ნაკრებებთან, “ესპანიოლთან” და ალფრედო დი სტეფანოს “მილიონარისთან” ითამაშა. ლადისლაომ “რეალის” ყურადღება მიიქცია და მადრიდელებისგან შეთავაზებაც მიიღო, მაგრამ იყოჩაღა “ბარსელონას” ლეგენდამ და იმდროინდელმა სკაუტმა, ჟოზეპ სამიტიერმა, რომელმაც კუბალა “ბარსელონაში” გადასვლაში დაარწმუნა.

დისკვალიფიკაციის გამო კუბალას დებიუტი 1951 წლამდე გადაიდო, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი ის “ბარსელონას” მთავარი ვარსკვლავი იყო. ლადისლაო კუბალა “ბლაუგრანას” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 1999 წელს “ბარსელონას” გულშემატკივრებმა ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

დღეს 17 მაისია, ლადისლაო კუბალას გარდაცვალების დღე. 1949 წლის მაისში შემთხვევითობის წყალობით აცილებული სიკვდილიდან  53 წლის შემდეგ, 2002 წლის 17 მაისს ლეგენდა 74 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. კატალონიელებმა მისი სიკვდილი ძალიან განიცადეს და გლოვის ნიშნად ფანჯრებიდან შავი ლენტები გამოფინეს. დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიამ, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, მთელი ქალაქი მოიცვა. კუბალას დაკრძალვაზე 15 წუთიანი სიტყვით გამოვიდა “ბარსას” კიდევ ერთი ლეგენდა, იოჰან კრუიფი. 2009 წელს “კამპ ნოუს” ეზოში ლადისლაო კუბალას ძეგლი აღიმართა. 10 წლის შემდეგ “კამპ ნოუსთან” ძეგლი დაუდგეს იოჰან კრუიფსაც. ამ 2 ლეგენდის გარდა მსგავსი პატივი სხვას ჯერ არავის ჰქონია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • ჯერემი რენერი
    schedule 17 მაი 2021, 23:20
    #5

    ციტატა: nika 54
    1999 წელს "ბარსელონას" გულშემატკივრებმა ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
    საინტერესოა, კლუბი ისტორიაში საუკეთესოს სტატუსს თუ შეუცვლის კუბალას. ვითომ ლეოზე უკეთესი იყო? თუ ეს სტატუსი უცვლელი უნდა იყოს.


    Provoker

  • Writer
    schedule 17 მაი 2021, 14:42
    #4

    ციტატა: nika 54
    1999 წელს "ბარსელონას" გულშემატკივრებმა ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
    საინტერესოა, კლუბი ისტორიაში საუკეთესოს სტატუსს თუ შეუცვლის კუბალას. ვითომ ლეოზე უკეთესი იყო? თუ ეს სტატუსი უცვლელი უნდა იყოს.


    ასეთი გამოკითხვა, სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხანი არ ჩატარდება. მაშინ 100 წლის იუბილეზე ჩაატარეს.

    მესის შემთხვევაში კი რა საჭიროა გამოკითხვა smile

  • MARI=BARCA-fan
    schedule 17 მაი 2021, 14:38
    #3

    ციტატა: nika 54
    1999 წელს "ბარსელონას" გულშემატკივრებმა ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
    საინტერესოა, კლუბი ისტორიაში საუკეთესოს სტატუსს თუ შეუცვლის კუბალას. ვითომ ლეოზე უკეთესი იყო? თუ ეს სტატუსი უცვლელი უნდა იყოს.


    wink მეც ზუსტად ეგ გავიფიქრე..

  • nika 54
    schedule 17 მაი 2021, 14:19
    #2

    1999 წელს "ბარსელონას" გულშემატკივრებმა ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
    საინტერესოა, კლუბი ისტორიაში საუკეთესოს სტატუსს თუ შეუცვლის კუბალას. ვითომ ლეოზე უკეთესი იყო? თუ ეს სტატუსი უცვლელი უნდა იყოს.

  • cruyff9
    schedule 17 მაი 2021, 13:44
    #1

    მესის ძეგლს წინ არაფერი უდგა!