წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 თებერვალს მოხდა.
თამაშები
8 თებერვალს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.
1903 წელი
ბარსელონას თასზე “ბარსამ” “ინტერნასიონალი” 6-0 გაანადგურა. გამპერმა, არისმა და ოსომ 2-2 გოლი გაიტანეს.
1931 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ლუის ალოი. 1950-1954 წლებში მან ლა ლიგაში 39 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა. 1972-1976 წლებში ალოი “ბარსელონა ატელტიკს” (ამჟამინდელი “ბარსელონა ბ”) წვრთნიდა.
1931 წელი
“ბარსელონა” კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა. ლა ლიგის მატჩში, “სან მამესზე”, კატალონიელები “ბილბაოსთან” 1-12 განადგურდნენ. ასეთი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი “ბლაუგრანას” რიგებში 2 ტრავმაა. იმ დროს ფეხბურთში შეცვლები არ არსებობდა და სტუმრები მე-18 წუთიდან 10, ხოლო 65-ე წუთიდან 9 კაცით თამაშობდნენ. “ბილბაოს” მხრიდან თავი 7 გოლით გამოიჩინა აგუსტინ ბატამ.
1942 წელი
“სოსიედადთან” 4-2 მოგება “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-100 გამარჯვება გამოდგა. მასპინძელთაგან გოლები გრასიამ, ნიეტომ, ფრანკომ და სოსპედრამ გაიტანეს. ამ შეხვედრაში ლა ლიგის ისტორიაში მე-5000 გოლი გავიდა.
1953 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგის საშინაო მატჩში “ატელტიკო” 6-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები მანჩონმა (3), ბასორამ (2) და სესარმა გაიტანეს.
1959 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსამ” “ესპანიოლი” 5-3 დაამარცხა. მასპინძელთაგან თავი ტეხადამ, კოჩიშმა (2), სუარესმა და კუბალამ გამოიჩინეს.
1966 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი. 1990-95 და 1996-98 წლებში მან ‘ბარსელონაში” 255 თამაში ჩაატარა და 117 გოლი გაიტანა. ბულგარელმა “ბლაუგრანაში 15 ტიტული მოიგო – 5 ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 თასების მფლობელთა თასი, 2 ევროპის სუპერ თასი. 2003/04 წლების სეზონში ხრისტო სტოიჩკოვი “ბარსელონას” თავდასხმის მწვრთნელი იყო.
1978 წელი
ესპანეთის თასის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში (პირველი თამაში 3-3 დასრულდა) “ბარსელონამ” “დეპორტივო ხეტაფე” 8-0 გაანადგურა. გოლები ასენსიმ (3), ფორტესმა (2), რეშაკმა (2) და კრუიფმა გაიტანეს. 85-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 8-0 იყო, სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი “ბარსას” მეკარემ, პედრო არტოლამ შეასრულა და ბურთი კარს ააცილა.
ეს იყო პირველი და ერთადერთი თამაში, როდესაც იოჰან კრუიფმა ესპანეთის თასზე გოლი გაიტანა. მას ამ ტურნირზე 9 თამაში აქვს ჩატარებული.
1998 წელი
“ტენერიფესთან” სტუმრად ჩატარებული შეხვედრა (1-1) ლუის ენრიკესთვის ლა ლიგაში 250-ე გამოდგა.
2010 წელი
სპორტული კარიერა დაასრულა “ბარსელონას” ლეგენდამ და ყველა დროის ყველაზე წარმატებულმა ესპანელმა ხელბურთელმა, დავიდ ბარუფეტმა. 1990-იანი წლების “ოცნების გუნდის” წევრმა “ბარსელონა” 70 ტიტულის მოგებით დატოვა. პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას გადაწყვეტილებით მისი 16 ნომრიანი მაისური ხელბურთის გუნდმა ხმარებიდან ამოიღო.
2012 წელი
“ბარსელონამ” “ვალენსია” 2-0 დაამარცხა. ამ მატჩით პეპ გვარდიოლამ ფრანკ რაიკარდს გადაუსწრო და კრუიფის (245 მოგება) შემდეგ კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტ მოგებიანი მწვრთნელი გახდა (161 მოგება).
2015 წელი
“ბარსელონამ” “ბილბაო” სტუმრად 2010 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. 5-2 მოგებულ შეხვედრაში სტუმართაგან გოლები ნეიმარმა, მესიმ, სუარესმა და პედრომ გაიტანეს, ერთხელ კი ბურთი საკუთარ კარში დე მარკოსმა ჩაჭრა.
იმ დღეს სერხიო ბუსკეტსმა ლა ლიგაში თავისი მე-200 თამაში ჩაატარა.
2018 წელი
“ვალენსიასთან” ესპანეთის თასზე სტუმრად 2-0 მოგებულ მატჩში ფილიპე კოუტინიომ “ბარსელონაში” სადებიუტო გოლი გაიტანა.
2019 წელი
“ბარსელონას” ხელბურთელი კასპერ მორტენსენი ევროპის წლის საუკეთესო ხელბურთელად დასახელდა.
1931 მართლა დათარსული ყოფილა.
ხწლბურთელებოსთვის წარმატებული თარიღი ყოფოლა. ბილბაო რომ ყოველთვის ნერვების მომშლელია ჩვენთვის ეგ კიდე არაა ახალი ამბავი.