ხორვატიულ “ჰაიდუკ სპლიტთან” თამაშის შემდეგ, კატალონიელებს პრე–სეზონის მეორ მატჩი “ალიანს არენაზე” ელით. მიუნხენში ბლაუგრანელები ბრაზილიურ “ინტერნაციონალ პორტო ალეგრეს” დაუპირისპირდებიან…
ბრაზილიური გუნდის წინააღმდეგ პეპ გვარდიოლას შეგირდები 26 ივლისს გაილაშქრებენ. ეს გუნდი “აუდის თასზე” “ბარსას” ნახევარ–ფინალის მეტოქეა.
“პორტო ალეგრე” კატალონიური კლუბისთვის უცხო მეტოქე ნამდვილად არ გახლავთ. “ბარსასა” და ბრაზილიურ კლუბს ერთმანეთთან ტკბილი, თუ არც ისე ტკბილი მოგონებები აკავშირებთ. კატალონიელები და ბრაზილიელები 80–იან წლებში “ჟოან გამპერის” ტიტულისთვის ბრძოლაში რეგულარულ მეტოქეებად ითვლებოდნენ. ეს გუნდები ერთმანეთს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატში (კლუბებს შორის) დაუპირისპირდნენ, სადაც ფრენკ რაიკაარდის გუნდი ბრაზილიელებმა ფინალში მინიმალური სხვაობით, 1–0 დაამარცხეს.
“ინტერნაციონალი” 1909 წელს დაარსდა. მისი ისტორიის ნათელ წერტილად 1940–იანი წლები ითვლება. ეს გუნდი “საუ პაულოსთან”, “სანტოსთან”, “ვასკო და გამასთან”, “ფლამენგოსთან”, “პალმეირასთან და “გრემიოსთან” ერთად საუკეთესო ბრაზილიურ კლუბებს შორის შედის. მათ კლუბებთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგი შედეგები აქვთ ნაჩვენები.
ბრაზილიურ კლუბში ერთ დროს ისეთი დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ ფალკაო, ტაფარელი და დუნგა. სამივე მათგანმა მოგვიანებით მსოფლიოს ჩემპიონობაც მოასწრო. ასევე კატალონიის “ბარსელონაში” თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა სწორედ “ინტერნაციონალით” დაიწყეს. ასეთები ალოისიო პირეში და ფაბიო როჩემბეკი არიან. ესპანეთში ამჟამად ყველაზე ცნობილი ყოფილი “ინტერნაციონელი”, ნილმარი გახლავთ, რომელიც ახლა “ვილიარეალის” ღირსებას იცავს.
“ინტერნაციონალს” სათავეში ამჟამად პაულო რობერტო ფალკაო უდგას. ფალკაო ახლა ისეთ ფეხბურთელებსაც წვრთნის, რომლებსაც ესპანეთშიც უთამაშიათ. ასეთ ფეხბურთელებს შორისაა დ’ალესანდრო, კავანი და რაფაელ სობისი, რომლებიც შესაბამისად “სარაგოსას”, “მალიორკასა” და “ბეტისის” ღირსებას იცავდნენ. ბოლო წლებში, ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რომელმაც კლუბი დატოვა, ალექსანდრე პატოა. პატო ახლა იტალიური “მილანის” რიგებში ირიცხება.
მოკლედ, შეხვედრა 26 ივლისს მიუნხენში, “ალიანს არენაზე” გაიმართება. გუნდები ერთმანეთს “აუდის თასის” 1/2 ფინალში დაუპირისპირდებიან.
გაგრძელება იქნება…