იოჰან კრუიფის გაწვრთნილი ფეხბურთელები ხშირად ირჩევდნენ სამწვრთნელო კარიერას. ზოგი მის გზას მიჰყვებოდა, ზოგიც არა, ვიღაცას გამოსდიოდა, ვიღაცას არა. მაგალითად, პეპ გვარდიოლამ კრუიფის ფეხბურთი დააბრუნა „კამპ ნოუზე“, კიკე სეტიენი კი მხოლოდ ფურცელზე იყო მისი მიმდევარი.
მისი გაწვრთნილი ფეხბურთელებიდან, ჰოლანდიის ნაკრებში 4 მათგანს უმუშავია მწვრთნელად: მარკო ვან ბასტენს, ფრანკ რაიკაარდს, დენი ბლინდს და რონალდ კუმანს.
კრუიფს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავს გაწვრთნილი, ამსტერდამის „აიაქსი“ და „ბარსელონა“, რაღაც ხანი კატალონიის ნაკრებიც მიაბარეს, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არაპროფესიონალურ დონეზე.
გაკვირვებას იწვევს, რომ მისი „დრიმ-თიმიდან“, თითქმის ყველა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.
Marca გვთავაზობს მწვრთნელების სიას, რომლებიც პირადად ჰოლანდიელს ჰყავს გაწვრთნილი.
რონალდ კუმანი
კუმანისა და კრუიფის პირველი გადაკვეთა „აიაქსში“ შედგა, 85-86 წლების სეზონში, კრუიფი კუმანს ლიბეროდ ათამაშებდა. მეორედ კი „ბარსელონაში“ გადაიკვეთნენ, სადაც კუმანი „დრიმ-თიმის“ შეუცვლელი წევრი გახდა.
პეპ გვარდიოლა
ალბათ, კრუიფის საუკეთესო მოსწავლე. ჯერ კიდევ 1990 წელს ანდო ადგილი სასტარტო შემადგენლობაში, შემდგომ კი გუნდის ხერხემლად ჩამოყალიბდა. გვარდიოლა იდეალურად ახერხებდა, როგორც შეტევის, ისე დაცვის ორგანიზებას. მას ყოველთვის ეტყობოდა, რომ მწვრთნელი გახდებოდა, მაგრამ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ რევოლუციონერი იქნებოდა.
ფრან რაიკაარდი
კრუიფი მას „აიაქსის“ შემადგენლობაში წვრთნიდა. შემდეგ კი სწორედ იოჰანის რჩევით დანიშნეს „ბარსელონას“ მწვრთნელად, რასაც გუნდის გამოცოცხლება და ტრიუმფი მოჰყვა. როგორც წესი, იმ პერიოდის „ბარსელონადან“ ფეხბურთელებს უფრო აქებენ, ვიდრე რაიკაარდს, მაგრამ მისი გაწეული სამუშაო ფასდაუდებელია, პირველი სამი წელი წარმატებული იყო, შემდგომი ორი წელი წარუმატებელი, ზუსტად ისე, როგორც რონალდინიოს შემთხვევაში. ორივემ ხუთი წელი დაჰყო კლუბში და ამიტომ ხშირად ამბობენ, რომ მისი წარმატება და წარუმატებლობა, მთლიანად ბრაზილიელზე იყო დამოკიდებული.
მარკო ვან ბასტენი
კრუიფი მარკოს „აიაქსში“ წვრთნიდა, ვან ბასტენზე ხშირად ამბობენ, რომ ვისაც ცოცხლად არ უნახავს მისი თამაში, ესე იგი მისი შესაძლებლობების ნახევარიც არ იცისო. ამას ამბობენ იმიტომ, რომ მუდმივად კარნახობდა თანაგუნდელებს, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო შეტევა. კარნახი უმეტესად საყრდენი ზონის ფეხბურთელებს და მეკარეს ახასიათებთ, თავდამსხმელისგან ასეთი უნარი იშვიათია. მისი სამწვრთნელო კარიერის პიკი, ჰოლანდიის ნაკრებში იყო, ევრო 2008-ზე, როცა ჰოლანდიამ ჯგუფურ ეტაპზე წარმოუდგენლად ლამაზი და შედეგიანი ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ ფლეიოფში სენსაციურად დამაცხდა რუსეთთან. თამაშის შემდეგ აღნიშნეს, რომ ჰოლანდიელების ჯახში, გუს ჰიდინკმა, ვან ბასტენი გაანადგურა.
ერნესტო ვალვერდე
ვალვერდე კრუიფის „ბარსას“ წევრი იყო, მაგრამ უთამაშებლობის გამო, „ატლეტიკში“ წავიდა, მისი სათამაშო სტილი და მენტალობა, ზუსტად შეეფერება „ატლეტიკს“, აი „ბარსასთან“ კი არანაირი საერთო არ ჰქონია, თუმცა კრუიფი აღნიშნავდა, რომ ვალვერდეს მწვრთნელისთვის დამახასიათებელი თვისებები ჰქონდა.
ეუსებიო საკრისტანი
ეუსებიოს კრუიფი „ბარსაში“ წვრთნიდა, მას ცრუ მარჯვენა მცველს უწოდებდა, რადგან როცა მარჯვენა მცველად აყენებდა, ეუსებიო დაცვის გარდა ყველაფერს აკეთებდა. მოგვიანებით ეუსებიო რაიკაარდის სამწვრთნელო გუნდში იყო, წვრთნიდა „ბარსა ბ-ს“, „რეალ სოსიედადს“ და „ჟირონას“.
ხოსე-მარი ბაკერო
ბაკერო ვერ გამოდგა ისეთი მწვრთნელი, როგორიც ფეხბურთელი იყო, არადა დიდ მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებდნენ. ის კრუიფის გუნდის კაპიტანი იყო და გარდა კარგი ტექნიკური არსენალისა, ბრძოლისუნარიანობითაც გამოირჩეოდა. იყო რონალდ კუმანის თანაშემწე „ვალენსიაში“ მუსაობის დროს, მაგრამ წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
სერჟი ბარჟუანი
არავის უფიქრია, რომ მისგან დიდი მწვრთნელი დადგებოდა, ისიც კი არ უფიქრია არავის, რომ საერთოდ მწვრთნელი გახდებოდა. მან კრუიფის ხელში, სამი წელი გაატარა სათადარიგოთა სკამზე. გამოირჩეოდა სისწრაფით და აქტიური შეტევებით, დაცვის მარჯვენა ფლანგზე.
მიქაელ ლაუდრუპი
მიუხედავად იმისა, რომ კრუიფთან რთული ურთიერთობა ჰქონდა, ვარსკვლავად სწორედ მის ხელში ჩამოყალიბდა. ერთხელ მიშელ პლატინიმ ასეთი რამ თქვა – „ლაუდრუპი, რომ ისე თამაშობდეს, როგორც ვარჯიშობს, ჩემზე უკეთესი იქნებოდაო“ – ისინი ერთად თამაშობდნენ „იუვენტუსში“ და ამ სიტყვით მიშელმა მის სუსტ მენტალობას გაუსვა ხაზი. ლაუდრუპის გუნდები ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ მისი მაქსიმუმი კოპა დელ რეის ფინალი იყო, „ხეტაფესთან“ ერთად.
„ჩაპი“ ფერერი
კიდევ ერთი მწვრთნელი „დრიმ-თიმიდან“. ასევე წარუმატებელი. „ჩაპიმ“ „ჩელსიში“ და „ვიტესში“ მოსინჯა ძალები, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა.
ონესიმო
„დრიმ-თიმის“ კიდევ ერთი წევრი, მას კლუბის ისტორიაში დიდი კვალი არ დაუტოვებია, მწვრთნელობაც საკმოდ დაბალ დონეზე დაიწყო და მისი საუკეთესო გუნდი, ალბათ „სელტას“ მეორე გუნდი იყო.
ჟორდი კრუიფი
ჟორდი რთული ხასიათით გამოირჩეოდა, მას მუდმივად აკრიტიკებდნენ, იმიტომ, რომ მამას ადარებდნენ, ამ პირობებში თამაში კი შეუძლებელი იყო, მიუხედავად ამისა, მაინც გამოირჩა ფსიქოლოგიური სიმტკიცით. გარდა მამასთან კონფლიქტებისა, ასევე რთულად წაუვიდა საქმე სერ ალექს ფერგიუსონთან, რომელიც „მანჩესტერში“ იშვიათად ათამაშებდა. სამწვრთნელო კარიერა აღმოსავლეთში დაიწყო და იქვე აგრძელებს, აზიის ჩემპიონთა ლიგის თამაშების დროს, ხშირად აქვს ურთიერთობა ჩავი ერნანდესთან, რომელიც ჟორდის, სამომავლოდ სამწვრთნელო გუნდში მოიაზრებს.
ხრისტო სტოიჩკოვი
როგორც ფეხბურთელსა და როგორც მწვრთნელს შორის, იმაზე გაცილებით დიდი განსხვავებაა, ვიდრე პეპ გვარდიოლას შემთხვევაში. ხრისტო ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და ძალიან ცუდი მწვრთნელი. რაღაც ხანი წვრთნიდა ბულგარეთის ნაკრებს და „სელტას“, მაგრამ თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა.
დენი ბლინდი
კრუიფი „აიაქსში“ წვრთნიდა, შემდეგ ჰოლანდიის ნაკრები ჩაიბარა. რამდენჯერმე მუშაობდა თანაშემწედ. ჰოლანდიის ნაკრების აღმასვლა მას არ უკავშირდება, პირიქით, ყველაზე რთულ დროს ჩაუდგა სათავეში და საკმაოდ უსახური გუნდი ჰყავდა.
ლოპეტეგი
ის „ბარსას“ მეკარე იყო, ისტორიაში კი ერთ-ერთი ყველაზე სულელური გადაწყვეტილებით შევიდა, როცა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მადრიდის „რეალთან“ გააფორმა კონტრაქტი, ამიტომ მუნდიალის წინ გადააყენეს, ნაკრებმა ასეთი სწრაფი ცვლილების გამო კრახი განიცადა, თავად კი მალევე გააგდეს „რეალიდან“.
სამაგიეროდ უეფას თასი მოიგო, „სევილიასთან“ ერთად, რაც მარტივი არ ყოფილა, რადგან ნახევარფინალში „მანჩესტერი“ დაამარცხა, ხოლო ფინალში „ინტერი“.
კრუიფის პირადი მოსწავლეებიდან, მწვრთნელობა დაიწყეს: ოსკარ გარსიამ, აბელარდომ, იან ვოტერსმა, კრისტობალ პარალომ და ალბერტ სელადესმა.
კი, დროთა განმავლობაში გაიზრდება ეგ ინტერესი, მაგრამ პირველი ვარიანტი ვერ იქნება.