აურზაური არაფრის გამო

აურზაური არაფრის გამო

მესი “ბარსასთან” ერთად ასე არასდროს დამარცხებულა, გაცილებით შოკის მომგვრელი იყო რომის და ლივერპულის თამაშები, იმიტომ, რომ გასვლის შანსი ბოლომდე იყო და “ბარსას” ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა. აი “ბაიერნთან” ყველაფერი პირიქით მოხდა, “ბარსა” უშანსოდ დამარცხდა, ფავორიტის სტატუსი “ბაიერნს” ჰქონდა, მაგრამ “ბარსამ” ამითაც ვერ ისარგებლა და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამამცირებელი მარცხი იწვნია.

მესის ყოველთვის სურდა იმ კლუბში თამაში, რომელიც ყველაფრისთვის იბრძოლებდა. ამ მარცხის შემდეგ ცვლილებები დაიწყო, სეტიენი გაუშვეს, კუმანი მოვიდა და დიდი წმენდაც იგეგმება, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის ცვლილებები, რომელიც მესის სურდა. ყოველ შემთხვევაში, დასაწყისი ნამდვილად არ არის ასეთი, აი მომავალში რა იქნება ამას ვნახავთ.

Marca კატალონიაში ავტორიტეტულ ადამიანებს დაუკავშირდა და მესის შესახებ აზრი გამოკითხა. ერთადერთი კაცი, რომელიც მესის დარჩენაში დარწმუნებულია, ჟოან გასპარი გახლავთ, კაცი, რომლის დროსაც მესიმ პირველი კონტრაქტი გააფორმა, სხვა მხრივ გასპარი ვერ არის “ბარსელონასთვის” დიდად სასიკეთო პიროვნება და არც დიდი ნდობა გააჩნია.

“მესი აუცილებლად დარჩება, საპირისპირო ინფორმაცია არ მაქვს, საპირისპირო მხოლოდ პრესაში იწერება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. “ბარსელონა” მესის ოჯახია და ეჭვი არ მეპარება, რომ ლეო დარჩება. პრესამ გაზეთები უნდა გაყიდოს, ეს ყოველთვის ასე იყო, ჩემ დროს გაცილებით რთულადაც კი იყო საქმე, მაგრამ როცა ამას ბარსელონაში ვხედავ ეს ძალიან მაბრაზებს, რას ვაკეთებთ?! იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვსხედვართ, პანიკას თავად თესავენ, სიტუაციას რევენ, ამას გუნდზე საშინელი გავლენა აქვს, ბოლოს კი დაწერენ, რომ მესი დარჩა და ამას ისე აღნიშნავენ, თითქოს დღესასწაული იყოს, არადა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ის წასვლაზე საერთოდ არ ფიქრობს, ყველაფერი თქვენი მოგონილია. ასეთი პანიკის მომსწრე ადრეც ვყოფილვარ, როცა ფეხბურთელები ნუნიესს აუჯანყდნენ, ან “სევილიასთან” წაგებული ფინალის შემდეგ, ხომ ხვდებით განსხვავებას?! ერთ შემთხვევაში საფუძველი გვაქვს, რაზეც ჟურნალისტს შეუძლია, რომ სტატია მოამზადოს, მეორე შემთხვევაში შედეგი გვაქვს, ახლა კი ვერავის ვერ გაუგია, რა ხდება, უბრალოდ “ბარსამ” ბევრი გოლი გაუშვა და ყველას უნდა, რომ ამას კლუბის დანგრევა მოჰყვეს, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ, ეს ასე არ მოხდება.” – ამბობს გასპარი Marca-სთან საუბარში.

Marca-მ კომენტარი თხოვა კარლეს რეშაკს, კაცს, რომელმაც მესი “ბარსაში” მოიყვანა.

“პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა, ჩვენ ამისთვის მზად არ აღმოვჩნდით, გუნდი გადაბერებულია, ახალგაზრდებს შეუძლიათ ასეთ ტონუსში თამაში, მაგრამ 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელისთვის ეს წარმოუდგენლად რთულია, მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა, რა თქმა უნდა, “ბაიერნთან” რვა გოლის გაშვებამ და უსუსურმა თამაშმა ყველაზე ძალიან იმოქმედა, 2:1 რომ წაგვეგო ასეთი პანიკა არ იქნებოდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ამ ანგარიშამდე ეტაპობრივად მივედით, ესე იგი, გაახალგაზრდავებაზე გაცილებით ადრე უნდა გვეფიქრა და ვიფიქრეთ კიდეც, მაგრამ ამან არ გაამართლა. ჩვენ გვყავს დემბელე, კოუტინიო, გრიზმანი, დე იონგი, მაგრამ ისინი გუნდის ლიდერებად ვერ იქცნენ, ამიტომ ჯოხი ისევ ვეტერანებზე გადატყდა. როცა ასეთი რამ ხდება, მესი, შესაძლოა, გაბრზადეს და მერე რა იქნება არავინ იცის.

“მესი უნდა შეეგუოს თანაგუნდელების წასვლას, ცხოვრება ასეა მოწყობილი, ფეხბურთიც ამგვარად მუშაობს, სუარესს, ალბას, პიკეს წასვლა მოუწევთ, მათ ნაცვლად ახალი სახეები მოვლენ, რომლებიც კლუბისთვის ბევრს გაიღებენ, მალე აღარ დარჩება არც ერთი ის ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც ლეომ პირველი ნაბიჯები გადადგა მწვერვალისკენ, ეს ძალიან სევდიანია და ამავე დროს გარდაუვალი მოვლენაა. მესი გამარჯვებულად არის დაბადებული, 2005 წლიდან მოყოლებული არც ერთი წელი არ ჩაუმთავრებია ტიტულის გარეშე, თუ გუნდურ ტიტულს ვერ იგებს, ინდივიადუალური მაინც მისია, სხვანაირად არ შეუძლია, ამიტომ მისთვის ძალიან რთული ასატანია, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი არ ჰყავს.” – ამბობს ტონი ფრეიშა, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი.

“ბევრი ამბობს, რომ დიდი ხანია მესის ლიგა არ მოუგია, მაგრამ, ეს ხომ ჩოგბურთი არ არის, სადაც ყველაფერი ერთ კაცზეა დამკიდებული?! როცა ფედერერი ან ნადალი ცუდ ფორმაში არიან, ისინი მარცხდებიან, ფეხბურთში ყველაფერი სხვაგვარად არის, აქ შეიძლება მესი ცუდ ფორმაში იყოს, მაგრამ გუნდმა მოიგოს, ან პირიქით. ლიდერი მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდი იგებს და აგებს, ფეხბურთი ასეთი სპორტია.”

“ბარსას” 120 წლიანი ისტორია აქვს, არ ღირს 1-2 წარუმატებელი სეზონის გამო ჭკუიდან გადასვლა, ცვლილებები დაწყებულია, მესი კი რაც შეიძლება დიდხანს უნდა დარჩეს, მაგრამ მის თავში რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს. მთავარია მიზანი არ დაკარგოს, რომ ისევ და ისევ საუკეთესო იყოს, სანამ ეს წყურვილი ექნება, ყველაფრის გადალახვას შეძლებს.” – ამბობს გოიკოეჩეა.

კუმანის ფაქტორი

“კუმანის მთავარი ამოცანა გუნდის დაბალანსება იქნება, მან უნდა შეძლოს და მესი ზედმეტი სამუშაოსგან გაათავისუფლოს, ამავე დროს ლეო კვლავ ლიდერი უნდა იყოს, ის უბურთოდ ყოფნას ვერ იტანს, ამ ორი მიზნის მიღწევა და ბალანსის პოვნა მარტივი არ იქნება.” – ამბობს მიგელ ანხელ ნადალი.

“ვეტერანები უნდა წავიდნენ, გუნდში ახალი სისხლია საჭირო, მათი კონტრაქტები უნდა გადაიხედოს, ეს აბსოლუტურად ნორმალური პროცესია, ერთადერთი რაც ნორმის ფარგლებში არ ჯდება, ეს კორონავირუსია, რომლემაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა, მათ შორის კომპანიებიც. ფეხბურთი ბიზნესია, შესაბამისად “ბარსელონა” კომპანიაა, რომელსაც დიდი დარტყმა მიაყენეს. სხვა წლებთან შედარებით ტრანსფერების განხორციელება ძალიან რთული იქნება, ამიტომ კუმანს გეგმის სწორად შედგენა მართებს, ყველაფერი ამაზე იქნება დამოკიდებული.” – ამბობს ჟოან გასპარი.

ხუან კარლოსი კუმანის მოსვლას აფასებს:

“კუმანს უდიდესი თვითრწმენა აქვს, ის ყოველთვის ასეთი იყო, ყველამ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან “ბარსას” სათავეში ჩაუდგებოდა, ისევე როგორც ჩავის შემთხვევაში მოხდება. კუმანი მესისთან მარტივად გამონახავს საერთო ენას, ამასთან პრობლემა არასდროს ჰქონია, მისი პრობლემა ყოველთვის ცხრიანი იყო, მას შემდეგ, რაც იბრაჰიმოვიჩმა “აიაქსი” დატოვა, კუმანის ხელში კარგი ცხრიანი არ მინახავს, არ ვიცი მისცემს თუ არა შანსს ლუის სუარესს, მაგრამ მის გარდა რომ კიდევ საჭიროა ერთი მაღალი დონის ფორვარდი, ამაში ეჭვი არ მეპარება.”

კომენტარს აკეთებს რამონ კალდერე:

“სეზონის წინ მადრიდში მსუქან ფეხბურთელებზე საუბრობდნენ, ბოლოს კი მათ გამარჯვება იზეიმეს, იქნებ ამჟამადაც ასე მოხდეს, ოღონდ “ბარსელონაში”, ხანდახან პრესა ძალიან აზვიადებს. კუმანის მოსვლა “ბარსას” დადებითად წაადგება, მას გუნდში დისციპლინის და ერთიანობის დაბრუნება შეუძლია.”

ლა მასია 

“კარგი თაობა გვყავს, ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ მთავარი გუნდის გაძლიერება, მთავარია, რომ მათი გადაყვანა პირველ გუნდში სწორ დროს მოხდეს, ნიჭიერი ფეხბურთელები არ უნდა დავკარგოთ იმის გამო, რომ თამაშის შანსს ვერ იღებენ, მათ ორი ოცნება აქვთ, მოხვდნენ მთავარ გუნდში და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დაიმკვიდრონ თავი.” – ამბობს სერჟი ბარჟუანი.

განსხვავებული მოსაზრება აქვს კალდერეს, “ბარსელონას” ასაკობრივი გუნდის ყოფილ მწვრთნელს.

“მენეჯერებმა ყველაფერი აურიეს, მათ არ იცოდნენ რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, სამი თამაში საკმარისი იყო, რომ მწვრთნელი შეეცვალათ, სტრუქტურა ასე არასდროს მუშაობდა, ახლა კი უკვირთ, რომ ყველაფერი ქაოსით არის მოცული. “ბარსაში” ისინი უნდა მუშაობდნენ, ვინც ამ კლუბის ნაწილი იყო და საქმის პროფესიონალია. როცა ნეიმარი წავიდა, ჩვენ მათ შემცვლელი ვერ შევთავაზეთ, არავინ მზად არ იყო ამისათვის, მათ დემბელე და გრიზმანი მოიყვანეს, ანტუანი დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ის ვერ ჯდება “ბარსას” ფილოსოფიაში, საერთოდ სხვა სტილის ფეხბურთელია და მესი ამ ყველაფრით დაიღალა. ახლა საუბრობენ, რომ ის შეიძლება წავიდეს, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით პირველ რიგში ვინც უნდა წავიდეს.”

სად დაასრულებს კარიერას

ვიქტორ ფონტიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ არსებობს საშიშროება იმისა, რომ მესი კლუბიდან წავა. ეს მისი მხრიდან კიდევ ერთი ზეწოლაა ბართომეუზე, მაგრამ არავინ იცის შეესაბამება თუ არა სიმართლეს.

Marca გამოკითხვას ატარებს, დაასრულებს თუ არა მესი, კარიერას “ბარსელონაში”? ამ დროისთვის 52% მიიჩნევს, რომ მესი ბოლომდე “ბარსაში” დარჩება, 48% მიიჩნევს, რომ სხვაგან გადაბარგდება.

“მესი დამარცხებული არ წავა, ახლა თუ წავა, სწორედ ამასთან გვექნება საქმე, სად გინახავთ ლეგენდები ასეთი მარცხის მერე მიდიოდნენ?!” – ამბობს გასპარი.

“მესი ახლა კლუბს არ დატოვებს, ჩვენ ვიცნობთ მას და ვიცით როგორი მებრძოლი ადამიანია, კლუბს ახლა ძალიან უჭირს, მათ შორის ფინანსურად, მესი ამას არ გააკეთებს, თუ წასვლას გადაწყვეტს, ამას ისე იზამს, რომ “ბარსამ” მასში თანხა აიღოს.” – ამბობს რივალდო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • katalomia
    20 აგვ 2020, 14:47

    Icis beberma melam jurnal – gazetebis xrikebi da martalsac ambobs. Ise daarwmuneben adamians everesti chamoishala da xelaxla ashendao martla moikitxavs kaci gaxsnis dghe rodis ariso?!

  • M10 S9 D11
    20 აგვ 2020, 14:16

    გაზეთების ნაბოდვარებია ჩორტავშიკობენ

  • mesi_10
    20 აგვ 2020, 14:14

    საინტერესო მოსაზრებები ქონიათ სტატიაში ნახსენებ სუბიეტებს და უფრო საინტერესოა რამდენათ სიმართლეს შეესაბამება თითოეული მოსაზრება თორემ ლოგიკურათ თუ ვიმსჯელებთ სწორათ ფიქრობენ..