სამწუხაროდ ის რაც თამაშის წინა ანალიზის დროს ვივარაუდეთ, აბსოლუტურად გამართლდა, „ბარსამ“ 4-4-2 სისტემით ვერ შეძლო თავის დაცვა. გარდა იმისა, რომ „ბაიერნს“ზუსტად ამ სისტემის წინააღმდეგ, იდეალურად აქვს შეტევა აწყობილი, ამას დაემატა ის ფაქტორი, რომ „ბარსასთვის“ ასეთი ტაქტიკა უჩვეულოა. დე იონგმა და ბუსკეტსმა სათამაშო როლები ვერ გაინაწილეს, უმეტესად ხელს უშლიდნენ ერთმანეთს, რადგან არც ერთი და არც მეორე, არ არის მიჩვეული, საყრდენ ზონაში, მეწყვილესთან ერთად თამაშს, ვიდალი, რომ მარცხენა ნახევარმცველი არ არის, ეს ყველას კარგად მოეხსენება და მისგან სარგებელი, რომ არ იქნებოდა, თავიდანვე ნათელი იყო, დე იონგისთვის ადგილის გაცვლით, ყველაფერი უფრო ქაოსური ხდებოდა.
რა გააკეთა „ბაიერნმა“?
ალბათ ყველას თავიდანვე მოგხვდათ თვალში, რომ ფლანგიდან ძალიან მარტივად იქმნებოდა მომენტები. სულ ახალი დაწყებული იყო შეხვედრა, როცა სერჟი რობერტოს გააყოლეს ფლანგზე და ერთი ზუსტი პასის შემთხვევაში ანგარიში გაიხსნებოდა, მაგრამ ბოატენგმა სუარესს დაასწრო, შემდეგ იგივე განმეორდა მარცხენა ფლანგიდან და ალაბამ საკუთარ კარში ჩაჭრა, შემდეგ ისევ მარჯვნიდან სემედუ გაიჭრა წინ და კვლავ მომენტი შეიქმნა.
თავიდანვე ნათელი გახდა, რომ „ბაიერნმა“ ფლანგები მაქსიმალურად დათმო, ეს იყო მათი იარაღი მესის წინააღმდეგ, წავიდნენ უდიდეს რისკზე, იმხელა სივრცე დატოვეს ფლანგზე, რამხელაც არავის არასდროს, ამ ეტაპზე არ დაუტოვებია, ძალიან გარისკეს, გოლებიც სწორედ ფლანგიდან გარღვევებს მოჰყვა და კიდევ რამდენიმე შეიძლებოდა, რომ მიეღოთ, მაგრამ დავალება შეასრულეს, ცენტრალური ზონა მაქსიმალურად ჩაკეტეს და მესი თამაშიდან გამოთიშეს.
ლეოს მხოლოდ ერთი ვარიანტი დაუტოვეს – პასი ფლანგზე. მხოლოდ ერთხელ, მესი დრიბლინგზე წავიდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ესეც მისი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მოხდა.
როგორ „იცავდა“ თავს „ბარსა“?
არანაირი პრესინგი, „ბარსა“ თავდაცვას იწყებდა საკუთარ ნახევარზე, რა თქმა უნდა, „ბაიერნი“ ორივე სცენარისთვის მზად იყო, მაგრამ საკუთარ ნახევარზე ჩამდგარი „ბარსა“ უფრო მარტივად დასამარცხებელი გამოდგა.
რატომ? იმიტომ, რომ „ბარსა“ ყველაზე ხნიერი გუნდია ლიგაზე, როცა საკუთარ ნახევარზე თავს იცავ, სწრაფი კონტრშეტევების იმედზე უნდა იყო, მაგრამ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ვერც სუარესი და ვერც მესი, სისწრაფით „ბაიერნის“ მცველებს ვერ დაჩაგრავენ, იყო ერთი ასეთი მომენტი პირველ ტაიმში, როცა მცველების ზურგს უკან გაკეთდა პასი და სუარესს თითქოს კარგი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ სისწრაფეში უიმედოდ დამარცხდა.
როგორც მატჩის წინა ანალიზისას ვივარაუდეთ, „ბაიერნს“ სულ მცირე ერთი ფეხბურთელი მაინც ჰყავდა ზონებს შორის, „ბარსელონას“ დაცვისა და საყრდენ ნახევარმცველებს შორის. ფლანგები კი მაქსიმალურად გაშალეს, იმისათვის, რომ სივრცე ფეხბურთელებს შორის გაზრდილიყო, გააკეთეს ის, რასაც „ბარსა“ აკეთებდა წლების წინ. შემთხვევითი არ იყო, რომ მათეუსმა თამაშის შემდეგ განაცხადა, „ბარსა“ დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩვენთვის მისაბაძი მაგალითიო. ოლივერ კანი სწორედ ამ მიზნით მივიდა „ბაიერნში“, მან თქვა, რომ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, როგორიც აქვს „ბარსელონას“, ძლიერი აკადემია, ჩამოყალიბებული ფილოსოფია და შესაფერისი მწვრთნელი. „ბაიერნმა“ „ბარსას“ გზაზე დაიწყო სიარული, „ბარსამ“ კი საკუთარ თავს უღალატა.
პრესინგი მეკარეზე
მაშინ როცა მანუელ ნოიერი მშვიდად ანაწილებდა ბურთს საკუთარ ნახევარზე, ტერ შტეგენს ცხოვრებაში პირველად, პრესინგთან გამკლავება მოუწია, აქამდე მეკარეზე პრესინგად ითვლებოდა, როცა მის ირგვლივ ყველა ფეხბურთელს იყვანდნენ, ახლა კი, გარდა იმისა, რომ ყველა მჭიდროდ იყო აყვანილი, თავად მასზე მიდიოდა მინიმუმ ერთი ფეხბურთელი, ესეც რისკი იყო გერმანელების მხრიდან, ერთი გრძელი პასით შეიძლებოდა მთელი ხაზის მოწყვეტა, მაგრამ მათ კარგად იცოდნენ, რომ „ბარსა“ შემტევი ნახევარმცველის გარეშე თამაშობდა – ბუსკეტსი, დე იონგი, ვიდალი, რობერტო. არც ერთი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც ნახევარდაცვას შეტევასთან დააკავშირებს, შეიძლება დე იონგს ვარგუნოთ ეს ამოცანა, მაგრამ არა იმ პოზიციაზე, რომელზეც გაისარჯა.
გრძელი პასის შემთხვევაში კი მესის შანსი არ ჰქონდა, მეორე სართულზე თამაში, მისი ძლიერი მხარე არ არის.
სივრცეები
ზუსტად ის მოხდა, რასაც ვშიშობდით. წინა ანალიზისას მაგალითად მოვიყვანეთ შეხვედრა მადრიდის „რეალთან“, სადაც ჩანს, რომ „რეალი“ ცენტრალურ ზონას არ ითვისებდა, შემდეგ კი მოვიყვანეთ მაგალითად „ჩელსი“ „ბაიერნის“ დაპირისპირება, სადაც გამოჩნდა, რომ „ბაიერნს“ მაქსიმალურად აქვს ათვისებული ზონებს შორის სივრცე, „ბარსამ“ კი იგივე გზა აირჩია, რაც „ჩელსიმ“, არც დაცვის ხაზი ამოწია მჭიდრო თამაშისთვის და არც საყრდენი ზონა დაწია (რაც ასევე „ბაიერნის“ გეგმებში შედიოდა). შესაბამისად, უმარტივესად იღებდნენ ბურთს ამ ზონაში, რასაც საპირისპირო მხარეზე ვერ ვიტყვით და უკვე ავხსენით რატომაც, „ბაიერნმა“ ცენტრი მაქსიმალურად დაკეტა.
დარღვეული სქემა
ასევე ვივარაუდეთ, რომ ნახევარცმველებს გაუჭირდებოდათ 4-4-2-ით თამაში და მატჩის პროცესში ხშირად დაირღვეოდა არსებული სქემა, როგორც „რეალთან“, ისე „ბაიერნთან“, ოთხოვე ნახევარმცველი ზედმეტად ფლანგისკენ არის გადაწეული. თავდაცვის დროს ძალიან მჭიდროდ იდგა „ბაიერნის“ ნახევარდაცვაც, მაგრამ ისინი იდგნენ ცენტრში და არა ფლანგზე. „ბარსა“ კი მოძრაობდა ერთი ფლანგიდან, მეორეზე, ამ მოძრაობის დროს კი ცენტრალური ზონების იხსნებოდა, რასაც ტიაგო ალკანტარა მარტივად უძებნიდა გასაღებს.
სერჟი რობერტოს შემთხვევაში, სქემა განსაკუთრებით ხშირად ირღვეოდა, არც სემედუ აკლებდა, ხანდახან იმის გაგებაც ჭირდა, საერთოდ რას აკეთებდნენ მოედანზე?!
ბოლო სურათი განსაკუთრებით კარგად გვიჩვენებს ყველაფერს, ერთს დაცვის ხაზი აქვს დარღვეული, მეორეს ნახევარდაცვის, ბურთიან ფეხბურთელს კი არც ერთი არ ეთამაშება, შესაბამისად მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევენ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს და პასი გააკეთოს.
ფსიქოლოგიური ფაქტორი
საქმე, რომ მხოლოდ ტაქტიკაში არ არის, ალბათ ყველა ხვდება, არ სჭირდება ძლიერი ტაქტიკა იმას, რაც დევისმა დამართა სემედუს, ინდივიდუალურად გაანადგურა. თუმცა, როდესაც გუნდი ამ ანგარიშით მარცხდება, ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ წაგებული მენტალურად ფსკერზეა.
უდიდესი მსგავსება იყო ბრაზილია-გერმანიის ნახევარფინალთან, რატომ ჰგავდა „ბაიერნი“ გერმანიის ნაკრებს, ეს გასაგებია, თან, ჰანს-დიტერ ფლიკი, ზუსტად იმ დროს, ლიოვის თანაშემწე იყო, მაგრამ რით ჰგავდა „ბარსელონა“ ბრაზილიას?
საქმე ის არის, რომ როცა გუნდს თამაში არ მისდის, ყველა ეძებს ლიდერს, როცა ფეხბურთელებმა არ იციან მოედანზე რა გააკეთონ, ბურთს ლიდერს მიაჩეჩებენ და მერე იმან უნდა აკეთოს საქმე.
ბრაზილია ასე ვერ მოიქცა, რადგან არ ჰყავდა კაპიტანი და დაცვის ლიდერი – ტიაგუ სილვა და არ ჰყავდა ვიცე-კაპიტანი და თავდასხმის ლიდერი – ნეიმარი. ბრაზილიას დაეტყო დაბნეულობა და გერმანელები ამას ყოველთვის ისე გრძნობდნენ, როგორც ზვიგენი გრძნობს სისხლს.
აი ამიტომ არის უფრო მძიმე „ბარსას“ მდგომარეობა, პიკეც მოედანზე იყო და მესიც, მაგრამ ლიდერობა ვერც ერთმა ვერ იტვირთა. თითქოს, არც ჰქონდათ ამის სურვილი. ფაქტია, რომ ორივე ძალიან დაიღალა იმ გაუგებრობით, რაც კლუბში ხდება, იმის ფონზე რაც ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ზამთრიდან მოყოლებული, ამ კლუბში ტრიალებს, „ბაიერნთან“ მატჩი, ძალიან ლოგიკური დასასრული იყო.






ზუსტად ის წერია რასაც ვიძახი ამდენი ხანი დაცვის ხაზი მაგღლა ამოგვიწიეს ცენტრში გადაგვიკეტეს სივრცეები სამაგიეროდ ფლანგები მოაშიშვლეს მარა ჩვენმა დუდუკმა ტრენერმა ეს საჩუქარი ვერ გამოიყენა
დაფაზე რო მაგნიტებით აწებებენ განლაგებას ხო ნანახი გაქვთ?
მაგ დონეზე დაალაგა რა : )
და მერე ძოძუაშვილივით განუმარტა – აქანე გეიქცევი, ჩაკეტავ კუთხეს და გეიტან, ხო გეიტან სუარეს?
– გევიტან კი.
და გაიტანა კიდეც.
ეგაა ძმაო ფუტბოლი
Griezzy7,
მეც პირველი ეგ გავიფიქრე