ბარსელონა-ნაპოლი – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ნაპოლი – მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს დიდი დღეა!

დიახ, აქამდე დავიდა “ბარსელონა”… იტალიის მეშვიდეადგილოსან გუნდთან “კამპ ნოუზე” გასამართი შეხვედრა, როდესაც სტუმრად ჩატარებულ პირველ მატჩში უპირატესობა მოიპოვე, მნიშვნელოვან მატჩად გვესახება. სულ რამდენიმე წლის წინ, ასეთი თამაში დიდ ყურადღებას არც მიიქცევდა და გულშემატკივრებიც გაცილებით მშვიდად იქნებოდნენ, ვიდრე დღეს არიან. ახლა კი… იხილეთ სტატიის ბოლოს WhoScored-ის პროგნოზი…

სათამაშო ფორმა

“ბარსელონას” სათამაშო ფორმის შეფასება მარტივი არაა. კატალონიელთა ბოლო თამაშიდან თითქმის 3 კვირა გავიდა. ეს ბოლო მატჩი, რომელიც “ბლაუგრანამ” ალავესში 5-0 მოიგო, იმედს ნამდვილად იძლევა. თუმცა, სეტიენის გუნდის ასეთი ხარისხის შეხვედრა მანამდეც ჩაუტარებია, რასაც მორიგი უსახური თამაშები მოჰყოლია.

ბოლო საშინაო მატჩი “ბარსას” წაგებული აქვს (“ოსასუნასთან” 1-2). ეს ახლახანს, 16 ივლისს მოხდა, მანამდე კი, “კამპ ნოუზე” “ბარსამ” უკანასკნელად 2018 წლის ნოემბერში, მისი ამჟამინდელ მწვრთნელთან, მაშინ “ბეტისში” მომუშავე კიკე სეტიენთან წააგო (3-4).

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგას: მიმდინარე სეზონში გუნდს წაგება არ აქვს – 4 მოგება და 3 ფრე. “კამპ ნოუზე” ჩატარებული 3 შეხვედრიდან მასპინძლებმა 2 მოიგეს, ხოლო “სლავიასთან” უგოლოდ ითამაშეს. “ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში 2013 წლის შემდეგ წაუგებელია. კატალონიელთა წარმატებული სერია უკვე 35 მატჩს ითვლის.

“ბარსელონას” მსგავსად არასტაბილურია ბოლო დროის “ნაპოლიც”. სერია A-ს ბოლო 5 ტურში, ჯენარო გატუზოს გუნდი თამაშის გამოტოვებით იგებდა, დანარჩენ შეხვედრებს კი – აგებდა. ამ ლოგიკით, ნეაპოლელებს “კამპ ნოუზე” წაგება უწევთ.

ბოლო დროს, “ნაპოლის განსაკუთრებით უჭირს სტუმრად თამაში. გატუზოს გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 კი წააგო.

კიდევ უფრო ცუდი შედეგები აქვს “ნაპოლის” ჩემპიონთა ლიგაზე – ბოლო 9 გასვლით თამაშში მხოლოდ 1 მოგება. დანარჩენი 8 მატჩის შედეგებიდან ნეაპოლელებს დღეს 2 აწყობთ (2-2 და 1-1). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე გათამაშებაში წაგება არც “ნაპოლის” აქვს.

დანაკლისი

დანაკლისის მხრივ, კორონავირუსმა “ბარსელონას” არგო, რადგან გუნდს ერთ-ერთი ლიდერი ლუის სუარესი დაუბრუნდა. დაბრუნების ზღვარზეა მიმდინარე სეზონში ნაადრევად ჩამოწერილი კიდევ ერთი ფეხბურთელი, უსმან დემბელე, მაგრამ როგორც ჩანს, სეტიენმა არ გარისკა და ახალგაზრდა ფრანგი “ნაპოლისთან” გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. იმედი გვაქვს, უსმანს 1/4-ფინალში ვიხილავთ.

ტრავმის გამო ვერ ითამაშებს კიდევ ერთი ფრანგი, სამუელ უმტიტი, არტური ისევ აჯანყებულია, ხოლო მარტინ ბრეითუეიტს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს.

გუნდის მთავარი დანაკლისი სერხიო ბუსკეტსია, რომელიც არტურო ვიდალის მსგავსად დისკვალიფიცირებულია.

კარგი ამბავი ისაა, რომ სათამაშოდ მზად არიან ფრენკი დე იონგი, ანტუან გრიზმანი, კლემან ლანგლე და რონალდ არაუხო. ამ ოთხეულს, ბოლო დროს, ტრავმები აწუხებდა.

“ბარსელონას” განაცხადი.

“ნაპოლის” ბანაკში მთავარი კითხვა არის, ითამაშებს თუ არა ლორენცო ინსინიე. გუნდის კაპიტანმა, რომელმაც ტრავმა სერია A-ს ბოლო ტურში, 1 აგვისტოს მიიღო, სრული დატვირთვით ვარჯიში ახლახანს განაახლა და დიდი ალბათობით, მისი საკითხი ბოლო წუთებამდე გარკვეული არ იქნება.

“ნაპოლის” განაცხადი: მერეტი, ოსპინა, კარნეზისი, დი ლორენცო, მანოლასი, ლუპერტო, მარიო რუი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, ჰიუსაი, ალენი, ზილინსკი, ელმასი, ფაბიან რუისი, დემე, ლობოტკა, კალიეხონი, ლოსანო, ინსინიე, მერტენსი, ლიორენტე, მილიკი, პოლიტანო.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები, ოფიციალურ მატჩში, აქამდე ერთმანეთს სულ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ეს მიმდინარე წლის თებერვალში, 1/8-ფინალის პირველ მატჩში მოხდა. ნეაპოლში გამართული თამაში 1-1 დასრულდა. 30-ე წუთზე ანგარიში დრის მერტენსმა გახსნა, ხოლო 57-ეზე ანტუან გრიზმანმა გაათნაბრა. 89-ე წუთზე კი, არტურო ვიდალმა წითელი ბარათი მიიღო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის დღეს ვერ ითამაშებს.

თებერვალში გამართულ მატჩში “ბარსელონამ” ამ შემადგენლობით ითამაშა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე (ლანგლე 90+3), უმტიტი, ფირპო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (არტური 56), დე იონგი, ვიდალი, მესი, გრიზმანი (ფატი 87). ამ შემადგენლობიდან დღეს უმტიტი, ბუსკეტსი, არტური და ვიდალი ვერ ითამაშებენ. ნაკლებად მოსალოდნელია ფირპოს გამოჩენაც.

ერთი ოფიციალურის გარდა, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” 5 ამხანაგური შეხვედაც აქვთ ჩატარებული. პირველად ეს 1978 წლის მაისში მოხდა. “სან პაოლოზე” გამართული მატჩი 1-1 დასრულდა. შემდეგ იყო 2011 წელი, “გამპერის” თასი და “კამპ ნოუზე” 0-5 განადგურებული “ნაპოლი”. 3 წლის შემდეგ, ჟენევარში გამართულ ამხანაგურ მატჩში, იტალიელებმა “ბარსელონა” ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთხელ დაამარცხეს – 1-0. ბოლო 2 ამხანაგური დაპირისპირება კი გასულ ზაფხულში, აშშ-ში გაიმართა. “ბარსამ” ორივე მოიგო – 2-1 და 4-0. უკანასკნელ ორ შეხვედრაში “ბლაუგრანას” მხრიდან გოლები ბუსკეტსმა, რაკიტიჩმა, სუარესმა (2), გრიზმანმა და დემბელემ გაიტანეს.

“ბარსელონას” იტალიურ გუნდებთან ჩატარებულ 26 საშინაო თამაშში შესანიშნავი შედეგი აქვს: 18 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება. ბოლო 15 თამაშიდან კი კატალონიელებმა 12 მოიგეს და 3 ფრედ დაასრულეს.

“ბარსელონასა” და იტალიურ გუნდებს შორის გამართული 13 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 8 კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა.

“ნაპოლის” ესპანეთში ჩატარებულ 7 თამაშში 2 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა. ნეაპოლელებმა ბოლო 3 შეხვედრა წააგეს.

ესპანურ გუნდებთან ჩატარებული 6 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან “ნაპოლიმ” მხოლოდ 1 მოიგო.

არბიტრი

შეხვედრის მთავარი არბიტრი 43 წლის თურქი ჯიუნეით ჩაქირი იქნება. ის 1994 წლიდან მსაჯობს, 2006 წლიდანაა FIFA-ს არბიტრი, ხოლო UEFA-ს ელიტურ მსაჯებს 2010 წელს შეუერთდა.

ჩაქირის წაყვანილ შეხვედრაში “ბარსელონას” 9-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 4 მოგება, ამდენივე ფრე და 1 მარცხი დაუგროვდათ. ჩაქირმა “ბარსას” ფეხბურთელები 19-ჯერ გააყვითლა და ერთხელ გააწითლა, კატალონიელთა სასარგებლოდ კი 4 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მეტოქეების სტატისტიკა ასეთია – 23 ყვითელი, 1 წითელი და 2 თერთმეტმეტრიანი.

“ნაპოლისა” და ჩაქირის ერთობლივი სტატისტიკა ასეთია – 6 თამაში, 2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება. თურქმა ნეაპოლელებს 11 ყვითელი ბარათი უჩვენა, მათ სასარგებლოდ კი 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მეტოქე ფეხბურთელებზე მხოლოდ 11 გაფრთხილება მოდის.

ერთი საინტერესო დაკვირვებაც – ჩაქირის მსაჯობის დროს, ესპანურმა გუნდებმა თამაშების 54% მოიგეს და 22% წააგეს, ხოლო იტალიურებმა 34% მოიგეს და 55% წააგეს.

სტატისტიკა

  • “ბარსელონასაც” და “ნაპოლისაც” ჩემპიონთა ლიგაზე 7 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • “ბარსელონამაც” და “ნაპოლიმაც” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო თამაში “ლივერპულთან” წააგო, რაც ორივე გუნდს ტურნირიდან გამოვარდნად დაუჯდა;
  • “ბარსელონას” უკვე 35 თამაშია “კამპ ნოუზე” გამართული ჩემპიონთა ლიგის თამაში არ წაუგია, რაც ტურნირის ისტორიული რეკორდია;
  • ამ 35 თამაშიდან “ბარსას” ერთზე მეტი გოლი არცერთში გაუშვია;
  • “ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან გოლი მხოლოდ სამში გაიტანა, ბოლო 9 თამაშიდან კი მხოლოდ 1 მოიგო;
  • “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 5 თამაში მოიგო და ყველა მათგანი მინიმუმ 3-ბურთიანი უპირატესობით;
  • “ბარსელონამ” ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი სტუმრად ფრედ 26-ჯერ დაასრულა, 21 შემთხვევაში კი მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა. აქედან 12-ჯერ პირველი მატჩი 1-1 დასრულდა, საიდანაც “ბარსამ” მომდევნო ეტაპზე 10-ჯერ გააღწია;
  • “ნაპოლიმ” ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში ფრედ 5-ჯერ დაასრულა და ნეაპოლელები ასპარეზობას ხუთივე შემთხვევაში გამოეთიშნენ.

მწვრთნელების კომენტარები

კიკე სეტიენი: “ბარსელონას” ფილოსოფია, თვითმყოფადობა და დნმ არ დაუკარგავს. გვქონია მომენტები, როდესაც დავალებებს თავი კარგად გავართვით. მზად ვართ, რომ მოვიგოთ და ჩვენი გულშემატკივრები გავახალისოთ.” სეტიენის კომენტარი სრულად.

ჯენარო გატუზო: ზუსტად ვიცი, როგორი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ფეხბურთელობის დროს, წარმატებას სხვა სტილით თამაშით ვაღწევდი, ახლა კი სხვაგვარი თამაში მინდა.

მოგების შემდეგ მოგება კიდევ უფრო გინდება. ხვალ ჩვენ ევერესტის სიმაღლეზე უნდა ავიდეთ.”

გატუზოს სრული კომენტარი.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, დე იონგი, ს. რობერტო, რაკიტიჩი, მესი, სუარესი, გრიზმანი.

ნაპოლი: ოსპინა, ჰიუსაი, დი ლორენცო, კულიბალი, მარიო რუი, ფაბიან რუისი, დემე, ზილინსკი, კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე.

პროგნოზი

  • WhoScore: 1-2
  • Sportsmole: 2-1
  • Skuawka: 2-1
  • Bwin: 3-1

ტრანსლაცია

თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge წარმოგიდგენთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (17)

  • nika 54
    17 თებ 2022, 16:30

    იმედია სტატისტიკურ საშუალო მაჩვენებელს გავიმეორებთ და ჭრაჭუნ-ჭრაჭუნით გავძვრებით შემდეგ ეტაპზე.

  • Barca1899
    17 თებ 2022, 15:41

    ბუსკეცი ცენტრალურ მცევლად დააყენოს სჯობს ვიდრე გარსიას ანდოს თან აქ გამოცდილება. დესტი პიკე ბუსკეცი ალბა
    გავი ფრენკი პედრი
    ტრაორე ობამეიანგი დემბელე

  • Fc Barca Batumi
    17 თებ 2022, 14:42

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    დაცვის იმედი არ მაქვს ასე რომ ბურთი არ უნდა დავთმოთ და მაქსიმალურად შევუთიოთ, ანუ ნეტი გოლი გავიტანოთ


    მართალი ხარ დაცვა საშინელ დღეში გვაქვს და გამოსავალი გარსიას მაგივრად ამ ეტაპისთვის ფრენკი დაცვის ხაზზე აჯობებს

  • EL MAESTRO 6
    17 თებ 2022, 13:50

    დაცვის იმედი არ მაქვს ასე რომ ბურთი არ უნდა დავთმოთ და მაქსიმალურად შევუთიოთ, ანუ ნეტი გოლი გავიტანოთ

  • gecheche
    17 თებ 2022, 13:15

    ძალიან რთული თამაში იქნება არ ვიცი როგორ გაუძლებს დაცვა ნაპოლის შეტევებს

  • La Pulga10
    17 თებ 2022, 13:09

    ყველაფრის მიუხედავად უნდა მოვიგოთ

  • RiquiPuig
    17 თებ 2022, 11:35

    დე იონგის თამაშს რა აზრი აქვს.არ ვიცი. გავი უნდა დადგეს ნახევარ დაცვაში და შეტევაში ობამა,ფერანი,ადამა ათამაშოს. მეორე ტაიმში შეუძლია ერთ-ერთი ჩახსნას, ნიკო გამოიყვანოს და გავი ისევ ცრუ გარემარბად აწიოს. უნდა ვილოცოთ, გარსიამ ფეხი არასწორი მიმართულებით მოიქნიოს, იქნებ ბურთს გაარტყას. ნაპოლის 1.5 გოლზე მეტი მგონია რატომღაც :დ

  • sandro barca
    08 აგვ 2020, 10:05

    რამოსი ჯიბის ბილიარდს თამაშობდა?😄😄😄😄

    ციტატა: Lasha71
    მსაჯრიდმა და იუვემ წაასხეს
    ბარსამ თუ მოიგოოოო ….
    ოოოოოოოოოო


    თუს გარეშე ძმა👍👍👍

  • Lasha71
    08 აგვ 2020, 01:18

    მსაჯრიდმა და იუვემ წაასხეს
    ბარსამ თუ მოიგოოოო ….
    ოოოოოოოოოო

  • ana anukii
    08 აგვ 2020, 00:28

    goolll city🙈🤣

  • Anssumane
    07 აგვ 2020, 23:27

    მარტო რეალის? კრისწინასაც უნდა გავუბათქუნო 😜

  • rijkaard
    07 აგვ 2020, 21:29

    დღეს რეალის ბრდღვნა იქნება ბრდღღღღვვნააა

  • Alien messi
    07 აგვ 2020, 19:36

    ციტატა: Natia
    Tamashi gava silkzee tu sxva arxze gadis mitxarit raa??


    უნივერსალზეა ესაც და რეალი სიტიც

  • Natia
    07 აგვ 2020, 19:13

    Tamashi gava silkzee tu sxva arxze gadis mitxarit raa??

  • JUZI
    07 აგვ 2020, 19:00

    უნდა მოინდომოთ და ბოლომდე დაიხარჯოთ მოედანზე.

  • nikusha
    07 აგვ 2020, 18:59

    სწრაფი გოლი/გოლები და ყველაფერი იდეალნად იქნება როგორც ჩელსისთან და პსჟსთან მოხდა

  • Mes cue un club 1899
    07 აგვ 2020, 17:39

    ფურცელზე აშკარად ფავორიტები ვართ მაგრამ ვნახოთ რამოხდება