workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ლეგანესი – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ლეგანესი – მატჩისწინა მიმოხილვა

ხვალ, 16 ივნისს, თბილისის დროით 23:55 საათზე, ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის მატჩში, გათამაშების ლიდერი “ბარსელონა” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ლეგანესს” უმასპინძლებს.

ჩემპიონობისთვის მებრძოლი “ბარსელონა” უახლოეს მდევარ “რეალს” მხოლოდ 2 ქულით უსწრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუტსაიდერებთან საკუთარ კედლებში გასამართ მატჩებში ფეხის დაცდენა ყოვლად დაუშვებელია. თუმცა, ძალიან შემჭიდროვებული კალენდრის გამო, კიკე სეტიენს შემადგენლობის გადახალისება და ამ მხრივ გარისკვა მაინც მოუწევს ხოლმე.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონას”, ლა ლიგაში გამართული ბოლო 7 თამაშიდან 6 აქვს მოგებული. “კამპ ნოუზე”, მიმდინარე გათამაშებაში, 14 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დაასრულა ფრედ, დანარჩენი 13 კი მოიგო.

“ლეგანესმა”, პრიმერა დივიზიონის ბოლო 6 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო. სტუმრად ჩატარებულ 13 შეხვედრაში, ხავიერ აგირეს გუნდს 1 მოგება აქვს.

ეს სტატისტიკა, გარკვეულწილად, აზრს კარგავს იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს 3-თვიანი პაუზა ჰქონდათ. ფეხბურთის განახლების შემდეგ, “ბარსელონამ” აშკარად კარგი შთაბეჭდილება დატოვა. “მალიორკასთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში, სეტიენის გუნდი ნამდვილად შორს იყო იმ “ბარსელონასგან”, რომლის ხილვაც გულშემატკივრებს სურთ, მაგრამ ასევე შორს იყო პანდემიამდელ “ბლაუგრანასგანაც”. მოსამატებელი კიდევ ბევრია, მაგრამ თუ ამ ერთი თამაშით ვიმსჯელებთ, პროგრესი აშკარაა.

“ლეგანესმა” კი ლა ლიგა წარუმატებლად განაახლა – მადრიდელები, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ვალიადოლიდთან”, საკუთარ კედლებში დამარცხდნენ. თანაც, ამ მატჩში, ყვითელი ბარათები მიიღეს დიმიტრიოს სიოვასმა და ოსკარ როდრიგესმა, რომლებიც დღეს ვერ ითამაშებენ.

დანაკლისი

ნახსენები სიოვასისა და როდრიგესის გარდა, სტუმრებს ტრავმირებული ალექსანდერ სზიმანოვსკიც არ ეყოლება. თუმცა, ამ უკანასკნელს, მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია და მის არყოფნას დანაკლისი ნაკლებად ეთქმის. აი როდრიგესისა და სიოვასის არყოფნა კი სერიოზული პრობლემაა. პირველი მათგანი, “ლეგანესის” რიგებში მიმდინარე სეზონში მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით, მე-3 ადგილზეა, მეორე კი – მე-10 ადგილზე. მაგრამ მთავარი ამბავი ისაა, რომ ოსკარ როდრიგესი “ლეგეანიესის” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც, მიმდინარე გათამაშებაში, ერთ გოლზე მეტი აქვს გატანილი – 8 გოლი. მადრიდელებს კიდევ ჰყავდათ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო – მარტინ ბრეითუეიტი, მაგრამ ის ახლა “ბარსელონას” მოთამაშეა. დღეს, “ბარსელონას” წინააღმდეგ მაქსიმუმ 4 ფეხბურთელი ითამაშებს, რომლებსაც მიმდინარე გათამაშებაში გოლი აქვთ გატანილი და ისიც თითო ბურთი (ომერუო, როკე მესა, კევინ როდრიგესი, კარილიო).

“ბარსელონას” ტრავმირებული უსმან დემბელე არ ეყოლება, თუმცა, ეს დანაკლისი სზიმანოვსკის არყოფნას ჰგავს – ახალგაზრდა ფრანგს, მიმდინარე სეზონში, ნორმალურად არც უთამაშია. წინა თამაშის გათვალისწინებით, ნამდვილად სერიოზული იქნება როგორც ჩანს ფორმაში მყოფი ჟორდი ალბას დანაკლისი – მარცხენა მცველი დისკვალიფიცირებულია. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა დისკვალიფიკაციამოხდილი კლემან ლანგლე.

“ბარსელონას” განაცხადი.

ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს სულ 8-ჯერ შეხვედრიან. რა თქმა უნდა, “ბარსელონას” დიდი უპირატესობა აქვს – 7 მოგება და 1 მარცხი.

ბოლოს გუნდები ერთანეთს იანვრის ბოლოს, ესპანეთის თასის ერთრაუნდიან დაპირისპირებაში გადაეყარნენ და “ბარსამ” მეტოქე, “კამპ ნოუზე”, 5-0 გაანადგურა.

ლა ლიგის პირველ წრეში, “ბუტარკეზე” გამართულ შეხვედრაში, კატალონიელებმა, ლუის სუარესისა და არტურო ვიდალის გოლებით, 2-1 გაჭირვებით მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” აქამდე გამართული 4 თამაშიდან “ლეგანესმა” გოლის გატანა სამში მოახერხა, თუმცა მაინც ყველა წააგო.

სტატისტიკა

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ბარსელონა”, თამაშში, საშუალოდ, 2.39 გოლს იტანს და 1.1 გოლს უშვებს.

“ლეგანესი” 0.78 გოლს იტანს და 1.46 გოლს უშვებს.

“ბარსელონას” მიერ გატანილი 67 გოლი ასე ნაწილდება – 52 პოზიციური თამაშიდან, 1 კონტრშეტევიდან, 10 სტანდარტული სიტაუციიდან და 4 თერთმეტმეტრიანიდან.

“ლეგანესის” იგივე სტატისტიკა ასე გამოიყურება – 14 პოზიციური თამაშიდან, 1 კონტრშეტევიდან, 5 სტანდარტული სიტუაციიდან და 2 თერთმეტმეტრიანიდან.

რაც შეეხება გაშვებულ გოლებს: “ბარსა” – 21 პოზიციური თამაშიდან, 0 კონტრშეტევიდან, 6 სტანდარტული მდგომარეობიდან, 4 თერთმეტმეტრინიდან; “ლეგანესი” – 23 პოზიციური თამაშიდან, 2 კონტრშეტევიდან, 9 სტანდარტული მდგომარეობიდან, 5 თერთეტმეტრიანიდან, 1 ავტოგოლი.

“ბარსელონა” კარში, საშუალოდ, 12.7-ჯერ ურტყამს, მეტოქეს კი 10-ჯერ არტყმევინებს. “ლეგანესი” 11.3-ჯერ ურტყამს და მეტოქეს 9.5-ჯერ არტყმევინებს.

გასაკვირი არაა, რომ “ბარსელონა”, მთელს ჩემპიონატში, საჯარიმოში ბურთს ყველაზე იშვიათად აწვდის. კატალონიელები, თამაშში, საშუალოდ, ამას მხოლოდ 11-ჯერ აკეთებენ, “ლეგანესი” კი – 21-ჯერ. მოკლე პასებს რაც შეეხება – საშუალო 643 პასით “ბარსა” პირველზეა, “ლეგანესი” კი მხოლოდ 278 პასს აკეთებს (მე-4 ყველაზე ცუდი შედეგი).

რაც შეეხება შეტევების მიმართულებას – “ბარსელონა”, ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული გუნდია. კატალონიელები თითო ფლანგიდან შეტევების 35%-ს ანხოციელებენ, დანარჩენ 30%-ს კი – ცენტრიდან. “ლეგანესი” ფლანგებიდან მეტს უტევს – თითო ფლანგიდან 39%, ხოლო 22% ცენტრიდან.

თუ მოედანს სამ ნაწილად დავყოფთ, გამოვა, რომ “ბარსელონა” საკუთარ მესამედში ბურთს 26%-ს განმავლობაში აკონტროლებს, შუა მესამედში – 44%, ხოლო მეტოქის მესამედში – 30%. “ლეგანესის” სტატისტიკა ასეთია – 26%, 45%, 29%. როგორც ხედავთ, ამ მხრივ, განსხვავება თითქმის არ არსებობს.

რაშიც “ლეგანესი” აშკარა უპირატესობას ფლობს, ესაა საჰაერო ორთაბროძლები. მადრიდული გუნდის ფეხბურთელები, თამაშში, საშუალოდ, 21.7 საჰაერო ორთაბრძოლას იგებენ, კატალონიელების 12.1 კი მთელს ტურნირზე ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

კატალონიელები ლა ლიგაში საუკეთესოები არიან დრიბლინგებში – თამაშში, საშუალოდ, 14.1. “ლეგანესის” მაჩვენებელი კი 8.8 უდრის.

არბიტრი

შეხვედრას 37 წლის არბიტრი ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის, რომელსაც “ბარსელონას” შეხვედრაში მონაწილეობა 22-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 16-ჯერ მოიგეს (73%), 3-ჯერ ფრედ ითამაშეს (14%) და ამდენჯერვე წააგეს. მუნუერამ “ბლაუგრანას” ფეხბურთელებს 48 ყვითელი ბარათი მისცა. მას “ბარსას” მოთამაშე მოედნიდან გაძევებული არ ჰყავს.

“ლეგანესმა”, მუნუერას მსაჯობის დროს, 14 შეხვედრიდან 4 მოიგო (29%), 7 ფრედ დაასრულა (50%) და 3 წააგო (21%). მადრიდული გუნდის ფეხბურთელებმა 37 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღეს.

მწვრთნელების კომენტარები

კიკე სეტიენი: “მომდევნო თამაშებში, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. შევხედავ, როგორ მოქმედებს დაღლილობა ფეხბურთელებზე. იმედი მაქვს, ცარიელი “კამპ ნოუ” ჩვენზე ძალიან ცუდად არ იმოქმედებს. ჯერ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა სუარესი სასტარტოში.” სეტიენის სრული კომენტარი.

ხავიერ აგირე: “კამპ ნოუზე” მოსაგებად უნდა გავიდეთ. “ბარსელონამ” იცის, როგორ უნდა ითამაშოს გულშრმატკივრებთან ერთად, ან მათ გარეშე.”

სავარაუდო შემადგენლობები

შემჭიდროვებული კალენდრის, განაცხადში შემავალი ფეხბურთელებისა (18-დან 23-მდე) და დაშვებული ცვლილებების (3-დან 5-მდე) გაზრდის გამო, დღეს, სავარაუდო შემადგენლობის გამოცნობა ისეთი რთულია, როგორც არასდროს, მაგრამ მაინც ვცადოთ.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ფირპო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, არტური, მესი, სუარესი, გრიზმანი.

ლეგანესი (4-2-3-1): კუელიარი, როსალესი, ომერუო, ავაზიემი, სილვა, პერესი, რესიო, რუიბალი, ერასო, ასალე, გერერო.

ტრანსლაცია

თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • BEQA BARCA
    schedule 16 ივნ 2020, 09:11
    #8

    ეს თამაშიც თუ მოვიგეთ ძაან გამიხარდება.

  • me da barca
    schedule 16 ივნ 2020, 02:42
    #7

    ამათ ლოგოზეც აწერია ლეგანესი (leganes). რომ დაგუგლავ ქართულად, რუსულადაც გიგდებს ლეგანესს და არა ლეგანიესს. ბარსამანიას ცხრილშიც ლეგანესი წდრია აქ რატო წერთ ლეგანიესს?

  • Don_Andresito
    schedule 15 ივნ 2020, 23:16
    #6

    პროგრესი, კარგი თამაში, ფებურთელები ფორმაში არიან… სულ ამას ვკIთხულობთ. მარა ფაქტია რეალობისგან შორსაა ეს ყველაფერი. ჯერ არავინ იცის რეალურად რა შეუძლია გუნდს

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 15 ივნ 2020, 22:26
    #5

    მეფის ჰეთთრიკი გაასწორებდა.

  • ousmane dembele 11
    schedule 15 ივნ 2020, 21:38
    #4

    ჩემი აზრით ერთადერთი მიზეზი გრიზმანის ცუდი თამაში ის არის რო გუნდი მესიზე თამაშობს.როდესაც გრიზი ატლეტიკოში თამაშობდა მთელი ატლეტიკო გრიზმანზე თამაშობდა და მაგარ შედეგსაც დებდა.მაგალითად გაიხსენეთ ბარსა ბეტისი 5-2 არც სუა არც მესი,გუნდმა გადაეწყო გრიზმანზე შედეგად 2გოლი და 1ასისტი.ამიტომ ჩემი აზრით ან მესი უნდა შეთამაშდეს გრიზმანთან ან ჩართონ ნეის ტრანსფერში

  • Gaucho86
    schedule 15 ივნ 2020, 21:11
    #3

    დღეს ბარსელონას (და არა მარტო) ლეგენდის,მიკაელ ლაუდრუპის იუბილეა და დაგეწერათ რაიმე ორი სიტყვით

  • Alien 👽
    schedule 15 ივნ 2020, 20:36
    #2

    Cota adre rom itamashon ara? 7-8 saatze itamashon espanetis droit kargi iqneba

  • gio 001
    schedule 15 ივნ 2020, 20:31
    #1

    ბრეითუეიტი იქნება ძირითადში