workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკისთვის ბრძოლაში ”რეალი” აქტიურად ჩაება

სესკისთვის ბრძოლაში ”რეალი” აქტიურად ჩაება

სესკ ფაბრეგასი – შეუსრულებელი მისია! ალბათ ყველა თქვენთაგანს მობეზრდა სტატიების კითხვა იმის შესახებ, გადმოვა თუ არა სესკი ”ბარსაში”. ამ საკითხზე უკვე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, რომ ახალს ვერაფერს დავამატებ, თუმცა ”მარკას” ვებ-გვერდზე ისევ გადავაწყდი ინფორმაციას სესკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით და თავი ვალდებულად ჩავთვალე ეს ინფორმაცია ”ბარსას” გულშემატკივრებამდე მომეტანა.

”ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ ფლორენტინო პერესი და ჟოზე მოურინიო მომავალ სეზონზე გადაერთვნენ. ეს გასაკვირი არცაა, ვინაიდან ”თეთრები” ჩემპიონთა ლიგას კატალონიელების დახმარებით გამოეთიშნენ, ხოლო ესპანეთის ჩემპიონობის მხოლოდ მათემატიკური შანსი დარჩათ.

სესკ ფაბრეგასი, რომელიც ”ბარსელონას” საფეხბურთო სკოლის გაზრდილია და ამჟამად ლონდონის ”არსენალის” მაისურს ატარებს, მადრიდის ”რეალის” სამიზნე გახდა. ”თეთრებმა” აქამდეც დააფიქსირეს თავიანთი სურვილი კატალონიელის შესყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა უკვე სურვილის შესრულებაზე ფიქრი დაიწყეს. ნიშანდობლივია, რომ ”ბარსასთან” განცდილი მარცხით გამწარებული მადრიდელები ყველანაირად შეეცდებიან მოსისხლე მტერს ტრანსფერში ხელი შეუშალონ.

დავიწყოთ თავიდან – ფაბრეგასი ”ბარსელონადან” ”არსენალში” 2003 წელს გადავიდა. ბევრი მუშაობისა და გამოცდილები მიღების შემდეგ მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ”მეთოფეთა” კაპიტანიც გახდა. თუმცა უკვე რვა წელია, რაც სესკი სეზონს ტიტულების გარეშე ამთავრებს. რამდენიმე კვირის წინ მან არსენ ვენგერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ არ შეიძლება გუნდში მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობდეს და მთელი პასუხისმგებლობა სწორედ ამ ფეხბურთელებზე გადადიოდეს. სესკი არ ფარავს იმას, რომ მას ”ბარსაში” დაბრუნება უნდა და ღიად აცხადებს, რომ ”არსენალის” დატოვების შემთხვევაში მხოლოდ კატალონიას მიაშურებს. გასულ წელს ფაქტიურად გადაწყვეტილი შეთანხმება ვენგერმა ჩაშალა და ფაბრეგასს გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენა სთხოვა. გასათვალისწინებელია, რომ ”ბლაუგრანას” ყოფილი ფეხბურთელის დასაბრუნებლად 35 მილიონი ევრო ჰქონდა გამზადებული. ასეა თუ ისე, ფაქტი სახეზეა, მოლაპარაკება არ შედგა.

ახლა კი საქმეში უკვე ”რეალიც” ჩაერთო. მოურინიო ჩაბი ალონსოს მეწყვილეს ეძებს და ცენტრის გაძლიერებას გეგმავს. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით ფაბრეგასი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც ამ სიტუაციაში გამოადგება. მართალია, რამდენიმე დღის წინ ვენგერმა განაცხადა, რომ არ აპირებს გუნდიდან კაპიტნის გაშვებას, მაგრამ ხომ გაგიგიათ – ფული ჯოჯოხეთს ანათებს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ”არსენალი” ფაბრეგასს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. ეს ის თანხაა, რომლის გადახდისგან ”ბარსა” თავს იკავებს, ”რეალს” კი უკვე გამზადებული აქვს.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და იმედი ვიქონიოთ, რომ სესკ ფაბრეგასი არასოდეს მოირგებს თეთრ ფორმას.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward