workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა უნდა ვიცოდეთ ლეროი სანეზე?

რა უნდა ვიცოდეთ ლეროი სანეზე?

Bild-ის ინფორმაციით “ბარსელონა” ლეორი სანესთვის ბრძოლაში ჩაერთო. მთავარი კონკურენტი “ბაიერნი” იქნება. სანე მესამე თავდამსხმელია, რომელსაც მომავალ სატრანსფერო პერიოდში “ბარსას” უკავშირებენ.

განვიხილოთ ის საკითხები, რაც “ბარსას” ახალ სამიზნეზე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

1. თანამედროვე ფეხბურთის რაიან გიგზი

ასე პეპ გვარდიოლა ახასიათებს. არაერთ პრესკონფერენციაზე აღუნიშნავს, რომ სანეს ის თვისებები აქვს, რაც უელსელ ლეგენდას ჰქონდა. მას შემდეგ, რაც თანამედროვე ფეხბურთის ტაქტიკა და ხედვა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ჩვენ ვეღარ ვხედავთ რაიან გიგზის მსგავს გარემარბებს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ 4-4-2-ს თითქმის აღარავინ იყენებს. 4-5-1-ში და 4-3-3-ში ცაციები, როგორც წესი, მარჯვენა ფლანგზე თამაშობენ. მემარჯვენეები კი – მარცხნივ.

გვარდიოლას ხელში მარჯვენა გარემარბად იწყებდა მესი, “ბაიერნში” კი ეს პოზიცია არიენ რობენს ეკავა. ყველამ ვიცით ეს ორი ფეხბურთელი როგორი სახიფათო იყო ფლანგზე და რითი სრულდებოდა მათი ცენტრში შესვლა.

სანეს შემთხვევაში სხვა სურათი გვაქვს. პეპს მიაჩნია, რომ სანე მარცხნივ უფრო სახიფათოა, რადგან ასე უკეთ ავლენს შესაძლებლობებს. მიუხედავად იმისა, რომ სანე არ არის 90-ანელი გარემარბივით ჩაწოდებაზე ორიენტირებული ფეხბურთელი, მაინც სტაბილურად მარცხნივ თამაშობს.

იყო რამდენიმე სათასო შეხვედრა, როცა პეპმა მარჯვენა ფლანგზე გამოსცადა. ლამაზი გოლიც შეაგდო, ზუსტად ისეთ სტილში, როგორც მესის და რობენს გაჰქონდათ, მაგრამ როგორც ჩანს, პეპმა მაინც ვერ ნახა ის, რისი ნახვაც სურდა და სანე მარცხნივ დააბრუნა.

2. რა მინუსებს ხედავს გვარდიოლა სანეში

გარდა საქებარი სიტყვებისა, პეპი კრიტიკასაც არ იშურებს. სანეს მთავარი მინუსი კი დემბელეს გაგვახსენებს.

თავში ვთქვათ, რომ იდეალური დრიბლინგი აქვს, ძალიან კარგი დარტყმა მარცხენა ფეხით, საკმაოდ სწრაფი და კოორდინირებულია, რაც გასაკვირი სულაც არ არის, იმის გათვალისწინებით, რომ დედამისი ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელია ტანვარჯიშში, მაგრამ საოცარი ის არის, რომ ძალიან ხშირად ცდება უწყინარ და უბრალო მომენტებში. შეუძლია ურთულესი სიტუაციიდან ისეთი ფინტით დაიხსნას თავი, რომ მთელი სტადიონი ტაშს შემოჰკრავს, მაგრამ როცა ბურთით მარტოა და არავინ აწუხებს, შეუძლია ყველაფერი გააფუჭოს.

აი ეს საერთო აქვს სანეს დემბელესთან. მასაც ძალიან უჭირს მთელი თამაშის განმავლობაში კონცენტრირებული იყოს.

არაორდინალური თამაშით კი დემბელეც გვანებივრებს. თუმცა უნდა ითქვას, რომ საფეხბურთო აზროვნებით სანე ჯერჯერობით უფრო მაღლა დგას.

3. რთული ხასიათი

სანე ის ფეხბურთელია, რომელიც პრობლემას საკუთარ თავში არასდროს ეძებს. დამნაშავე ყოველთვის სხვაა. პრობლემის ძებნა მაშინ უნდა დაეწყო, როცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. მართალია ძლიერი კონკურენტი ჰყავს სტერლინგის სახით, მაგრამ ფორმაში რომ ყოფილიყო, გვარდიოლა სტერლინგს ისევ მარჯვნივ გადაიყვანდა და სანეს დაუთმობდა მარცხენა ფლანგს. ასე არ მოხდა. ლეროიმ ვერც სტერლინგს გაუწია კონკურენცია და ვერც ბერნარდო სილვას.

როგორც წესი, ფეხბურთელები კონკურენციისას იზრდებიან, მაგრამ როცა მუდმივად სხვისკენ გაქვს ხელი გაშვერილი, ზრდასაც აჩერებ.

მისი რთული ხასიათი და ეგოისტური დამოკიდებულება მინდორზეც კარგად ჩანს. ეს არც გერმანელებს გამორჩენიათ და მსოფლიოს ერთ-ერთი კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავი, ჯერჯერობით მისი საუკეთესო სეზონის შემდეგ, სახლში დატოვეს. ამან სანეზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა და გვარდიოლასაც დიდი სამუშაოს ჩატარება დასჭირდა იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად მწყობრში ჩაეყენებინა.

4. მძიმე ტრავმა

სეზონი ახალი დაწყებული იყო, როცა სანემ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც ვიცით, ასეთი ტრავმები კვალს ყოველთვის ტოვებს. ჯერ არ გვინახავს ფეხბურთელი, რომელიც მსგავსი ტრავმის მერე ისეთივე სწრაფი დაბრუნებულიყოს, როგორიც ტრავმამდე იყო. საინტერესო სანახავი იქნება, როგორ მოახერხებს ფორმის დაბრუნებას.

არანაკლები პრობლემაა ფსიქოლოგიური მომზადება. მძიმე ტრავმის შემდეგ სპორტსმენებს შიშის დაძლევა უწევთ. მართალია, ეს ისეთი პრობლემატური არაა, როგორც ქრონიკული ტრავმების შემთხვევაში, მაგრამ შიშის დასაძლევად მაინც დიდი დროა საჭირო.

სეზონის დაწყებისას, მისი “ბაიერნში” გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი იყო. გერმანელებს სანე რობენის შემცვლელად ესახებოდათ, მაგრამ ტრავმამ ყველაფერი გააფუჭა. ამბობენ, რომ ისევ ეცდებიან მის ხელში ჩაგდებას, მაგრამ გერმანელების ამბავი რომ ვიცით, სანამ საქმეში მობრუნებულს არ ნახავენ, მანამდე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

რთული იქნება მის ტრანსფერში კოუტინიოს ჩართვაც. როგორც ვიცით, არც კოუტინიოს გამოსყიდვას აპირებენ, მინიმალურ ფასად მაქსიმალური სარგებელი მიიღეს და მზად არიან უკან დააბრუნონ.

ასეთია “ბაიერნის” მენეჯმენტი.

თუ “ბაიერნმა” ინტერესი განაახლა და მზად იქნება ლეროიში სარეკორდო თანხა გადაიხადოს, უნდა ვიცოდეთ, რომ სანესთვის ბრძოლა ღირს. თუ “ბაიერნი” რისკავს, ესეიგი ღირს მისთვის ბრძოლა.

5. სად იქნება სანეს ადგილი?

თუ გავითვალისწინებთ როგორ სურს მესის ნეიმარის დაბრუნება და თავად ნეიმარიც კალთებს იგლიჯავს, “ბარსაში” დამაბრუნეთო, რთული წარმოსადგენი ხდება სანეს დანახვა ძირითად შემადგენლობაში. ეს ფეხბურთელი რომ სკამზე მოსაკალათებლად არ გადმოვა, ცნობილი ამბავია.

შესაბამისად, ჩნდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ სანე მხოლოდ სათადარიგო ვარიანტია. თუ ნეიმარს ვერ ჩავიგდებთ ხელში, სანეს მივადგებით.

თუ ორივეს ხელში ჩაგდება სურთ “ბარსას” ხელმძღვანელებს, მაშინ დიდ წმენდასთან გვქონია საქმე – დემბელე, გრიზმანი და კოუტინიოც გასაშვებად ჰყოლიათ გამზადებული. “ბარსა” კი მზად იქნება სანე იქ ათამაშოს, სადაც გვარდიოლა არ ათამაშებს, ანუ მარჯვენა ფლანგზე. ცენტრში სუარესი-ლაუტაროს კონკურენციას ვნახავთ და მესი ათიანის პოზიციიდან შეუტევს.

სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.

ერთი კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ – თუ სანე მოვა, დემბელე აუცილებლად წავა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • El pistolero 9
    schedule 20 მარ 2020, 14:46
    #7

    ტერ შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    არტური დე იონგი კოუტინიო
    მესი გრიზმანი ნეიმარი

    ნეტუ
    რობერტო დე ლიხტი ლენგლე აკიემე
    ვიდალი ბუსკეცი პუჩი
    ტრინკაო სუარესი ფატი
    დამატებით არაუხო მორიბა და კოლიადო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 მარ 2020, 20:47
    #6

    გაასხმევინეთ არ გვჭირდება გუნდში ამდენი ცაცია

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    schedule 19 მარ 2020, 20:14
    #5

    დემბოს ხელი არ დაედოს, ზე დონეა.

  • getsby
    schedule 19 მარ 2020, 20:13
    #4

    ბავარია ჩალიჩობს მაგრად და უნდა ავახიოთ მაგათი საბკატაო სადარი.დ

  • messi and iniesta
    schedule 19 მარ 2020, 20:06
    #3

    ნეიმარზე ვარი ვთქვათ და სანეზე გადავერთოთ სჯობს

  • M10 S9 D11
    schedule 19 მარ 2020, 20:00
    #2

    ამ დროს საერთოდ არ უშლის სანეს მოსვლა დემბელეს ხელს უბრალოდ ერთადერთი ვინც ხელს უშლის ყველას და ყველაფერს არის ნეიმარი და უნდა შეეშვან მაგას სანე უნდა დავითრიოთ მისი მინუსები გამოსწორებადია

  • luka kule
    schedule 19 მარ 2020, 19:55
    #1

    ძალიან გამიხარდება ეს ტრანსფერი თუ შედგება