კატალონიის “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, რაფაელ იესტემ დაადასტურა, რომ ესპანეთის ჩემპიონი მოლაპარაკებებს აწარმოებს სესკ ფაბრეგასისა და დავიდ ვილიას ტრანსფერებთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის: “მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა, განსაკუთრებით დავიდ ვილიასთან დაკავშირებით. ფაბრეგასთან დაკავშირებით სხვაგვარი სიტუაცია გვაქვს, რადგან მხოლოდ ფეხბურთელის სურვილი ტრანსფერის განსახორციელებლად საკმარისი ზოგჯერ არაა. მოლაპარაკებებს ის გვიადვილებს, რომ ორივე ფეხბურთელს სურს “ბარსელონაში” თამაში” – აცხადებს იესტე Ona FM-თან საუბრისას.
დავიდ ვილიასთან შეთანხმების ფაქტობრივად მიღწევას ადასტურებს კატალონიელთა პრეზიდენტი ხუან ლაპორტაც, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს იმისათვის, რომ, რამდენადაც მისი პრეზიდენტობა იყო წარმატებული, იმდენად წარმატებული და ხმაურიანი ტრანსფერებით დატოვოს პოსტი: “ვილიას ტრანსფერთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი დარჩა შესათანხმებელი. კონკრეტული თარიღი არ ვიცი, როდის გადმოვა ვილია ჩვენთან, მაგრამ ვფიქრობ, ეს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა მოხდეს”.
ეს, რაც შეეხება ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას. ახლა კი ჭორები. კატალონიური გაზეთები უკვე ცდილობენ იმ თარიღის გამოცნობას, როდესაც ვილას ოფიციალური პრეზენტაცია მოხდება. Sport-ს თუ დავუჯერებთ, საბოლოო შეთანხმება ოფიციალურად, შესაძლოა, ხუთშაბათს გაფორმდეს, ხოლო პრეზენტაცია პარასკევს შედგეს, სანამ ვილია ნაკრებს მიაშურებს. იგივე გამოცემის ცნობით, ჯერ კიდევ “ღამურების” მე-7 ნომერი კატალონიაში დაახლოებით 42 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდება.
რაც შეეხება ფაბრეგასის საკითხს, იგი თავად ფეხბურთელმა მოაგვარა. მადრიდული გამოცემების ინფორმაციით, ფაბრეგასი ვენგერს დღეს შეხვდა და განუცხადა, რომ “ბარსელონაში” სურს გადასვლა. ამ ფაქტის შემდეგ, ლონდონური კლუბი იძულებული გახდა კატალონიელებთან მოლაპარაკებები დაეწყო. პრობლემას ქმნის სატრანსფერო თანხა. “არსენალი” ფაბრეგასს მინიმუმ 50 მილიონ ევროდ აფასებს, კატალონიელებს კი სესკის კლუბში დაბრუნება დაახლოებით 35 მილიონად სურთ. კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, არაა გამორიცხული, ხუან ლაპორტამ ფაბრეგასის ტრანსფერში ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოიყენოს. ძნელია “ბარსელონაში” მოძებნო ადამიანი, რომელიც სადებიუტო სეზონში, შვედი ცენტრფორვარდის თამაშით კმაყოფილი იქნება. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურებში, გვარდიოლას მიერ ზლატანის სკამზე დასმა და დავიდ ვილიას ტრანსფერის ფაქტობრივად გაჩარხვა, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონაში” “იბრაკადაბრაზე” დიდ იმედებს აღარ ამყარებენ.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ესპანეთის ჩემპიონები ვილიასა და ფაბრეგასს მართლაც შეიძენენ. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ “ბარსას” ხმაურიანი ტრანსფერების გადაფარვა თვით ფლორენტინო პერესსაც კი გაუჭირდება, რომლის ახალმა “რეალმა” კატალონიელებს ჯერჯერობით მხოლოდ ფულის ხარჯვით აჯობა.
წყარო:http://sport.es/