“კულეებს” შეუძლიათ, რომ ამჯერად დამშვიდდნენ. “უეფას” ოფიციალურმა ვებ–გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” პირველ ნახევარ–ფინალურ მატჩს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში იმართება, არ განსჯის პორტუგალიელი მსაჯი, პედრო პროენსი, როგორც ეს წინასწარ იყო ცნობილი. აღნიშნული შეხვედრის მთავარი არბიტრი იქნება გერმანელი ვოლფგანგ შტარკი.
ვოლფგან შტარკი მოგვევლინა მთავარ მსაჯად 2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალურ შეხვედრაში “კამპ ნოუზე”, როდესაც კატალონიელებმა ლონდონის “ჩელსის” უმასპინძლეს. “ოპტა სპორტსი” იუწყება, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე ბევრი ჯარიმა სწორედ შტარკმა დააფიქსირა.
სხვა მსაჯების მსგავსად, არც შტარკი გამოირჩევა განსაკუთრებული პოპულარობით.
ვოლფგანგ შტარკი 1969 წელს დაიბადა. 1999 წელს მან “ფიფას” ლიცენზია მიიღო. შტარკი “უეფას” “ელიტარული” რეფერების კატეგორიას მიეკუთვნება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ–ფინალური შეხვედრა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის 27 აპრილს, მადრიდში გაიმართება.