workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ამპლუა სახელად “გვარდიოლა”

ამპლუა სახელად “გვარდიოლა”

გვარდიოლა, რომელიც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არასდროს გამოირჩეოდა, “ბარსელონას” დაცვის ხაზის წინ იყო ხოლმე განლაგებული და განუმეორებელი გადაცემებით, მთელს მოედანზე ამარაგებდა სახელოვან თანაგუნდელებს – მიქაელ ლაუდრუპს, ხრისტო სტოიჩკოვს, რომარიოს (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ყველაზე კარგად იყო შეთამაშებული პეპთან).

როდესაც მარკოტი ამ სტატიას წერდა, გვარდიოლა 33 წლის იყო და ფეხბურთის ყველა კანონის თანახმად, კიდევ რამდენიმე წელი უნდა ეთამაშა მაღალ დონეზე, მაგრამ რეალურად არავინ ჩქარობდა პეპის საკუთარ გუნდში მიწვევას.

2000-იანი წლების დასაწყისში ევროპაში ორი ტიპის ცენტრალური ნახევარმცველით თამაში იყო მიღებული – დაცვითი პლანის, ხისტი, აგრესიული ნახევარმცველი და კლასიკური, კრეატიული “ათიანი”. ტოპ-კლუბების უმეტესობა ამ მოდელს იყენებდა, “შემქმნელით და ჩამშლელით”. მაგალითად, დავიდსი და ზიდანი “იუვენტუსში”, ანაც კინი და სქოულზი “მანჩესტერში”. აქედან გამომდინარე, ისეთ შუახაზელებს, როგორიც გვარდიოლა იყო, დაცვის ხაზთან ახლოს მოთამაშე ფლეიმეიქერებს ვგულისხმობ, ფასი დაეკარგათ.

მარკოტი: “მისი თამაშის სტილი მოძველდა. თანამედროვე ფეხბურთში დაიხურა კარი გვარდიოლასნაირი მოთამაშეებისთვის. მშვენიერი სათამაშო ფორმის მიუხედავად, სხვა გუნდში მისთვის ადგილი არ მოიძებნა. დათრგუნული ვარ იმ ფაქტით, რომ ახალგაზრდა თაობას იმ საზრიანი და უზადო გადაცემების ხილვის საშუალება არ აქვს, როგორსაც პეპი და მისნაირი ფეხბურთელები აკეთებენ”.

ეხლა კი გვარდიოლას კომენტარი წავიკითხოთ: “არ შევცვლილვარ. თამაშიც არ დამვიწყებია. უბრალოდ ფეხბურთი შეიცვალა. უფრო მაღალ ტემპში თამაშობენ და შესაბამისად, წინა პლანზე ფიზიკური მომზადება გადავიდა. ტაქტიკაც განსხვავებულია. ვიეირასა და დავიდსის მსგავსად, ბურთისთვის ორთაბრძოლა უნდა მოიგო. პასის გაკეთებსაც თუ მოახერხებ, ეს ბონუსი იქნება. იმის თქმა მინდა, რომ მწვრთნელები ფსონს დაცვითი ტიპის ნახევარმცველებზე ჩადიან, ჩემნაირი ფეხბურთელები კი გადაშენების პირას არიან”.

ეს 2004 წელს ხდებოდა, დღეს უკვე 2010 წელია. გვარდიოლა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულს, “ბარსელონას” უდგას სათავეში, რომელსაც საკუთარი “სათამაშო” სტილი ჩაუნერგა. მიმდინარე სეზონში პეპი ხშირად თამაშობდა სამი “გვარდიოლასნაირი” ნახევარმცველით – ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი.

ჩავიმ და ინიესტამ ესპანეთის ნაკრების გაჩემპიონებაშიც შეიტანეს წვლილი. პირველი მათგანი სულაც ევროპირველობის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გვარდიოლას საფეხბურთო ფილოსოფიის “დასაფლავებიდან”, სულ რაღაც ექვსი წლის თავზე, აღმოჩნდა, რომ “ბარსელონასა” და ესპანეთის ეროვნული გუნდის თამაში სწორედ ამ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული.

საოცარია, რა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. “გვარდიოლასმაგვარი” მოთამაშეების აღზევებაში გადამწყვეტი ფაქტორი 4-4-2 სათამაშო სქემიდან, რომელიც 2000-იანი წლების შუაწელს გამოიყენებოდა, 4-2-3-1-სა და 4-3-3-ზე გადასვლა გახლდათ. ამ სქემების სახასიათო თავისებურება სამი ცენტრალური ნახევარმცველით თამაშია.

ამგვარად, ცენტრალური ნახევარმცველის დამატებითი ფუნქცია წარმოიშვა, “შემქმნელისა და ჩამშლელის” მოდელი “მეპასეთი” შევსო. მაგალითისთვის, 2008/09 წლების სეზონის “ლივერპულის” მოყვანა შეიძლება, რომელიც შუახაზელთა ბრწყინვალე სამეულით იწონებდა თავს – მასკერანო (ჩამშლელი), ალონსო (მეპასე) და ჯერარდი (შემქმნელი).

ამგვარად, დღეს გამთამაშებელი დაცვასთან უფრო ახლოსაა განლაგებული და სისტემატურად აკეთებს პასებს – მაგალითად, ფაბრეგასი, ანაც ინიესტა. ამასთანავე, საყრდენი ნახევარმცველები მხოლოდ მეტოქის შეტევების ჩაშლას არ სჯერდებიან და მეპასეებადაც გვევლინებიან, მაგალითად, დე როსი, ანაც მაიკლ კერიკი.

ასე მოულოდნელად, მოედნის ცენტრში თამაში მხოლოდ ფიზიკური სიმძლავრის დუელი და ბურთისთვის ორთაბრძოლა აღარ არის, უკვე პასებით თამაშზე კეთდება აქცენტი, რის დემონსტრირებასაც “ბარსელონა” და “არსენალი” ახდენენ.

ეს სათამაშო მოდელი, “ბარსელონას” არ შეუქმნია. უბრალო მაგალითს მოგიყვანთ – ანდრეა პირლო და დევიდ პისარო. მილანელზე აღარ ვისაუბრებ, მას ისედაც კარგად იცნობთ, ჩილელზე კი გეტყვით ორიოდ სიტყვას. “რომა” ბოლო წლებში არატრადიციული სქემით თამაშობდა. პისარო ტრადიციული 4-4-2 სქემით მოასპარეზე “ინტერში” იტანჯებოდა, დედაქალაქურ გუნდში კი, სამხრეთამერიკელი მეპასე გაიხსნა.

იმის თქმაც არ შეიძლება, ჩავი და ინიესტა გვარდიოლამ შექმნაო. მათ “ბარსაში” პეპის მოსვლამდეც გამოიჩინეს თავი. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ეს ორი ნახევარმცველი გვარდიოლას მეცადინეობით, უფრო ლაღად ათამაშდნენ. ჩავისა და ინიესტას კუმირი თავის დროზე სწორედ გვარდიოლა იყო და მისი გავლენა განიცადეს. რაიკაარდის გუნდში ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, მაგრამ 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისას, ფინალურ მატჩში ჰოლანდიელმა ორივე სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ფრენკმა ორი საყრდენით, ედმილსონითა და ვან ბომელით თამაში ამჯობინა.

საყოველთაო მოლოდინის მიუხედავად, საუკუნის დასაწყისში გაბატონებულმა ფიზიკურმა სიმძლავრემ ფეხბურთში დომინანტის პოზიცია ვერ დაიკავა. პირიქით, დღეს ტექნიკა უფრო მნიშვნელოვანია, ისე როგორც არასდროს. გადაიკითხეთ გვარდიოლას სიტყვები თავიდან, ისინი თითქოს სულ სხვა სამყაროს აღწერენ, რომელსაც დღევანდელთან საერთო არაფერი აქვს. პეპმა კარიერა ექვსი წლის უკან დაასრულა, მაგრამ მისი სათამაშო ფილისოფია, დღეს, როდესაც ის მწვრთნელია, ევროპაში ბატონობს.

როდესაც გვარდიოლა “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, 37 წლის იყო. ფიზიკური კონდიციები მისი კოზირი არასდროს ყოფილა (თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ პროფესიონალიზმის წყალობით ფიზიკურ ფორმას მაღალ დონეზე უპრობლემოდ შეინარჩუნებდა), მაგრამ დისპეჩერული შესაძლებლობები დღემდე შენარჩუნებული აქვს, ამაში დარწმუნებული ვარ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ამჟამინდელ ასაკშიც ღირსეულად ითამაშებდა “ლა ლიგასა” და სერია ა-ს არაერთ გუნდში.

მისი კარიერა უეცრად დასრულდა, რა კარგია, რომ სწორედ ამის ხარჯზე შეძლო ასე სწრაფად დაენერგა საკუთარი ფილოსოფია თანამედროვე ფეხბურთში.
www.sports.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward