მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იმდენად კარგი იყო სამშაბათს, “დორტმუნდის” წინააღმდეგ, რომ ამ ფაქტს თავი მეტოქეებმაც ვერ აარიდეს. ყოფილმა თანაგუნდელმა, პაკო ალკასერმა იგი უგოლო მატჩის შემდეგ შეაქო.
როდესაც “ელ ჩირინგიტოს” ჟურნალისტმა პაკოს ჰკითხა, იყო თუ არა ტერ შტეგენი “დორტმუნდთან” მატჩში გადამწყვეტი ფიგურა, ესპანელმა უპასუხა: “მხოლოდ დღეს? იგი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფიგურაა.”
ალკასერმა დაამატა: “ტერ შტეგენი შემდგარი მეკარეა. მე მისით გაოცებული ვარ.”
ტერ შტეგენმა, მარკო როისის თერთმეტმეტრიანის მოგერიების შემდეგ, მატჩის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი დამსახურებულად მიიღო. მან ასევე ალკასერის გოლების სერიას წერტილი დაუსვა. ესპანელს, სამშაბათამდე, ყველა მატჩში გაჰქონდა.



