ჰამზა აბდელკარიმის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ფეხბურთელის ოჯახი გამოეხმაურა. 18 წლის ეგვიპტელი თავდამსხმელის მამამ, მოჰამედ აბდელკარიმმა, კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს მისი შვილი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონას” დატოვებასა და იტალიურ “კომოში” გადასვლას განიხილავდეს.
როგორც Mundo Deportivo წერს, ბოლო პერიოდში აბდელკარიმის მომავალზე კითხვები მისი შეზღუდული სათამაშო დროისა და “ბარსელონას” პირველ გუნდში არსებული კონკურენციის გამო გაჩნდა. გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა თავდამსხმელის დამატებით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული.
თუმცა ფეხბურთელის მამამ Eram News-თან საუბრისას ეს ინფორმაცია უარყო:
“ის, რასაც ჰამზას ‘ბარსელონადან’ წასვლის შესახებ ამბობენ, სიმართლეს არ შეესაბამება. იტალიურ ‘კომოში’ მის შესაძლო ტრანსფერზე გავრცელებული ცნობები გამოგონილია.”
აბდელკარიმმა სეზონის წინ ჩატარებულ მოსამზადებელ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან ოთხი გოლი გაიტანა და “ბარსელონას” საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა ოფიციალური სეზონის დაწყების შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდში რეგულარული სათამაშო დროის მოპოვება გაუჭირდა.
სწორედ ამ გარემოებამ წარმოშვა ვარაუდი, რომ ფეხბურთელს შესაძლოა ზამთარში იჯარით წასვლა შესთავაზონ, რათა მეტი სათამაშო პრაქტიკა და გამოცდილება მიიღოს.
მიუხედავად ამისა, აბდელკარიმის ოჯახი “ბარსელონაში” მის განვითარებას ენდობა. მათ მიაჩნიათ, რომ ახალგაზრდა თავდამსხმელმა მუშაობა უნდა გააგრძელოს და მიღებული შესაძლებლობები საკუთარი პოტენციალის დასამტკიცებლად გამოიყენოს.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტელი ფეხბურთელი “ბარსელონას” 2026 წლის თებერვალში იჯარით შეუერთდა. მოგვიანებით კატალონიურმა კლუბმა მისი გამოსყიდვის უფლება გამოიყენა, სექტემბერში კი აბდელკარიმს კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა.




forum კომენტარები (0)