ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპულ კლუბებს, მათ შორის “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს”, მიმართა და დაარწმუნა, რომ სანაკრებო მატჩების დროს ფეხბურთელების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტი იქნება.
როგორც Mundo Deportivo სააგენტო EFE-ზე დაყრდნობით წერს, იტალიელმა სპეციალისტმა ეს განცხადება იაპონიასთან ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი სიტყვები იმ კლუბების შეშფოთებას უკავშირდება, რომელთა ფეხბურთელებიც, მათ შორის რაფინია და ვინისიუს ჟუნიორი, აზიაში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობენ.
“ფეხბურთელის ჯანმრთელობა ყოველთვის პრიორიტეტულია. თუ ის 100%-ით მზადაა, ვარჯიშობს. თუ 100%-ით მზადაა, თამაშობს. ამასთან, ვაკონტროლებთ, რამდენ წუთს ატარებს მოედანზე.
კლუბებს შეუძლიათ, ნაკრებთან დაკავშირებით მშვიდად იყვნენ. ყველასთვის მთავარი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა. ყოველთვის გვსურს, მოთამაშეები კლუბებში სათამაშოდ მზად და ტრავმების გარეშე დაბრუნდნენ”, – განაცხადა ანჩელოტიმ.
ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბი ყურადღებით აკვირდება ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას და მათი დატვირთვის შესახებ საჭირო ინფორმაციას ფლობს.
ბრაზილია 14 ნოემბერს იაპონიას დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს სინგაპურს შეხვდება. ორივე მატჩი სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.
შეხვედრები თბილისის დროით, შესაბამისად, 14:15 და 14:00 საათზე დაიწყება.




forum კომენტარები (0)