ლუის სუარესის, ლეო მესისა და უსმან დემბელეს ერთდროულმა დაზიანებამ ერნესტო ვალვერდე დილემის წინაშე დააყენა. საბოლოოდ, “ბარსელონას” თავდასხმის ხაზი ძვირადღირებულმა ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა, რაფინიამ და კარლეს პერესმა შეავსეს.
ერთიანი ძალისხმევით მათ მხოლოდ ოთხი ქულა გამოიმუშავეს. “ბეტისთან” (5:2) შეხვედრის შემდეგ, საფეხბურთო საზოგადოებამ ფრანგი შემტევის ეფექტურობა, ალკანტარას გაელვება და რეზერვისტის ინდივიდუალური შესაძლებლობები განიხილა, “ოსასუნასთან” მატჩმა კი ყველაფერს წინანდელი იერსახე მისცა და “ბლაუგრანას” თავკაცი კვლავ კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია.
ყოველივეს შეიძლებოდა უფრო მწვავე სახე მიეღო, რომ არა ჩვენს თვალწინ მომხდარი ისტორიული ფაქტი – ბუნებრივია, საუბარია კატალონიელთა 16 წლის ტალანტის, ანსუმანე ფატის დებიუტსა და გოლზე.
ფატი ვისენტე მარტინესის შემდეგ “ბარსელონას” ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტად იქცა. 16 წელი და 298 დღე – ციფრები, რომელიც თავის დროზე პაულინო ალკანტარასა და ლეო მესისთვისაც კი მიუღწეველი იყო.
ერთი კვირის შემდეგ ანსუმ ალბათ ხელშეუხებელი რეკორდი დაამყარა – პამპლონაში გამართულ მატჩში, შეცვლაზე შემოსვლიდან რამდენიმე წუთში, წონასწორობა აღადგინა და “ბლაუგრანას” ყველაზე ნორჩი გოლეადორი გახდა. მან აჯობა ბოიან კრკიჩსა და ესპანეთის ჩემპიონთა ამჟამინდელ ათიანს.
ფატი გვინეა-ბისაუს დედაქალაქიდანაა. 7 წლის ასაკში ის მამასთან ერთად ესპანეთში გადაბარგდა და საკმაოდ სწრაფად გაწევრიანდა “სევილიას” აკადემიაში. იქ ანსუსთან ერთად, მისი უმცროსი ძმა, ბრაიმაც აიყვანეს.
2012 წელს ანსუ და ბრაიმა “ლა მასიას” რადარზე მოხვდნენ, რომელიც იმ დროს მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა. საუბარია აკადემიაზე, რომლის “კურსდამთავრებულებად” ვიქტორ ვალდესი, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, ჩავი, ანდრეს ინიესტა და მესი გვევლინებიან. ბუნებრივია, ფატიმ უდიდეს შესაძლებლობაზე უარი არ თქვა და “ბარსელონას” მაისური მოირგო.
“ბარსელონასთვის” ფატის მოყვანა მარტივი საქმე სულაც არ ყოფილა. კლუბის იმდროინდელმა ტექნიკურმა დირექტორმა, ალბერტ პუჩმა განაცხადა, რომ “რეალი” სატრანსფერო საგაში სერიოზულად იყო ჩართული.
“როგორც კი ფატის შესახებ გავიგე, სევილიასთან ახლოს მდებარე ქალაქ ერერაში გავემგზავრე. ანსუ სწორედ ამ მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა და ის ოჯახთან ერთად, უკვე მადრიდში გასამგზავრებლად ემზადებოდა.
თავდაპირველად ანსუს, შემდეგ კი მისი მშობლების დარწმუნება მომიხდა. ვნახე ფოტოები, სადაც ის “რეალის” მაისურში იყო გამოწყობილი. “ლა მასიას” პროექტის სრულყოფილად წარდგენა მომიხდა, რადგან ფატისა და მის ოჯახს ფინანსურ მხარესთან ერთად მისი განვითარების შესაძლებლობაც აინტერესებდა.”-ამბობს პუჩი.
“ბარსელონას” ცნობილი აკადემიის კედლებში ფატის ყველაფერი მოსწონდა, მაგრამ ის გადაჭარბებული ფანატიზმით სულაც არ გამოირჩეოდა. ანსუს ახალგაზრდულ ასაკშიც კი ესმოდა, რომ მისნაირი ტალანტი კიდევ ბევრია.
მას არაფერი რჩებოდა, გარდა საკუთარ თავზე დაუღალავი მუშაობისა. თანამედროვე ფეხბურთში, რომელიც კოლოსალურ თანხებს მოიცავს, ყველაფერი მხოლოდ მოთამაშეზე არაა დამოკიდებული – ზოგჯერ საქმეში გარემოება ერთვება.
საინტერესო ფაქტი: ნაკლებად კომუნიკაბელურ ანსუს, ასეთივე მშვიდ პიროვნებასთან მოსწონდა დროის გატარება. “ბარსელონას” ახალგაზრდულ გუნდში ის კიდევ ერთ ნიჭიერ მოთამაშეს, ტაკეფუსა კუბოს დაუახლოვდა, რომელიც ახლო წარსულში “რეალს” შეუერთდა.
ზაფხულში გამართულ ერთ-ერთ ვარჯიშზე, “ბარსელონას” მესამე გუნდის მწვრთნელმა, ვიქტორ ვალდესმა ანსუს უთხრა: “მისმინე, შენ ჩემპიონატის მომდევნო მატჩისთვის უნდა მოემზადო, რომელიც “ბეტისის” წინააღმდეგ გაიმართება”. კითხვას, თუ რომელ “ბეტისზე” იყო საუბარი, “ბლაუგრანას” ყოფილმა მეკარემ ჟესტით უპასუხა: მან თითი “კამპ ნოუსკენ” გაიშვირა.
შოკირებულმა ანსუმ სენსაციური სიახლე დაუყოვნებლივ მშობლებს გააცნო. ბორი, ფატის ოჯახის უფროსი, განცდებს ვერ მალავდა: “ყველა ერთად ვტიროდით. ემოციამ საზღვარს გასცდა. წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერებაა?!”.
გაუთვალისწინებელი დებიუტით ანსუსთვის ყველაფერი არ დასრულებულა. გასახდელში მას თბილი საუბარი ჰონდა ლეო მესისთან, შემდეგ კი მედიამ მამამისის განცხადება გააჟღერა: “ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე, ჩემმა შვილმა “ბარსელონას” ძირითად გუნდში ითამაშა”.
ბორი ფატისთვის უკვე არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა მოხდება მომავალში. გვინეა-ბისაუდან ესპანეთში გადაბარგება წარმატებული სვლა აღმოჩნდა, ვინაიდან, მისმა ცოლმა და შვილებმა სულ სხვა ცხოვრება დაიწყეს…
სტატიის ორიგინალის ავტორია სერგეი კუვანჟი. ნათარგმნია Barcamania.ge-სთვის.
სააღოლ კარგი სტატიაა
…ფატი კიდე ძალიან მაგარია და ეტყობა რომ კიდევ ბევრს მიაღწევს,რაც მთავარია მშვიდი და გაწინასწორებული ბავშვია და იმედია საკმარის დროს მიიღებს სწორად განვითარებისთვის