მძიმე ბრძოლის შემდეგ, კატალონიელებმა 3:1 სძლიეს მეტოქეს. პინტომ, მასკერანომ, მაქსველმა და ინიესტამ ინტერვიუ მისცეს ჟურნალისტებს, სადაც ისაუბრეს გუშინდელ მატჩსა და მომავალ განრიგზე.
ხოსე მანუელ პინტო: “სამ დღიანი აღდგენითი კურსის შემდეგ, თავს შესანიშნავად ვგრძნობდი მოედანზე (მას მცირე ტრავმა ჰქონდა მარცხენა კოჭზე). ვფიქრობდი გამერისკა თუ არა თამაში, მაგრამ მე ამ ღამეს სახლში დაძინება არ შემეძლო, ამიტომაც გავბედე თამაში და გუნდმაც იმარჯვა. ჩვენ არც ველოდით იოლ გამარჯვებას, “ალმერიელები” ძალიან სწრაფები არიან და პირველი გოლიც ამის ხარჯზე გაგვიტანეს. ეს ქულები ძალიან წაგვადგება მადრიდში. ყოველი თამაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კიდევ ბევრი მატჩი და ქულაა დარჩენილი, ასე რომ ბოლო წუთამდე გავირჯებით თითოეული ფეხბურთელი”.
“რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ნამდვილად არ გველის ადვილი გასეირნება დონეცკში. უნდა გავიხსენოთ რა მოხდა “ბეტისის” შემთხვევაში სამეფო თასზე (“ბარსამ” 1:3 წააგო). უნდა ვიყოთ 100%–ით კონცენტრირებულნი მატჩზე, დავაფასოთ მეტოქე, რაც გამარჯვების საწინდარია”.
ხავიერ მასკერანო: “ეს გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანი იყო. “ალმერიასთან” ძალიან რთულია თამაში, თუმცა ფსიქოლოგიურად კარგად მოვემზადეთ, დავმშვიდდით და გამარჯვებაც მოვახერხეთ. ახლა სხვაობა “რეალთან” 8 ქულაა, რაც ხელს გვაძლევს მომდევნო თამაშში. ასე თუ გავაგრძელებთ, შედეგიც იქნება”.
მაქსველი: “ისინი ძალიან სწრაფები იყვნენ, მაგრამ ჩვენ დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა გვქონდა, ვიბრძოლეთ და სასიცოცხლო მნიშვნელობის 3 ქულა მოვიპოვეთ. ეს დიდი უპირატესობაა, მაგრამ “რეალთან” თამაშში მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. მე გუნდის დახმარება შევძელი და ბედნიერი ვარ, რომ დისკომფორტს არ ვგრძნობდი. ვწუხვარ ბოიანის გამო და ვუსურვებ ძალიან მალე დაბრუნებას”.
ანდრეს ინიესტა: “ძალიან მძიმე მატჩი იყო და ამაში თანაგუნდელებიც დამეთანხმებიან. როდესაც ოპონენტი გოლს გიტანს, საქმე რთულდება, მაგრამ ჩვენ არ დავიბენით, რეაქცია დროული გვქონდა და მისიაც შევასრულეთ, ავიღეთ 3 ქულა. 8 ქულიანი ჰანდიკაპი დიდი უპირატესობაა, მაგრამ ჯერ ჩემპიონთა ლიგაა წინ, ხოლო შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ “ბერნაბეუზე” წარმატების მიღწევაზე”.