სულით ძლიერი

სულით ძლიერი

არაჩვეულებრივი ბიჭუნა

ექიმი დიეგო შვარცტაინი: “ერთხელ საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლები მესტუმრნენ. ერთი ბიჭუნა გვყავს, ნამდვილი ფენომენია, მაგრამ უნდა გაიზარდოსო. აღმოჩნდა, რომ ზრდის ჰორმონის ნაკლებობა ჰქონდა, რომლის სინთეზირება და ორგანიზმში ინექციით შეყვანა თავისუფლად შეიძლებოდა. პრობლემა ის გახლდათ, რომ პრეპარატი ძვირი ღირდა”.

მათიას მესი, ლიონელის უფროსი ძმა: “თავად ამზადებდა ინექციას და თავადვე იკეთებდა. არასდროს წუწუნებდა, მაგრამ ჩვენ მაინც განვიცდიდით. კარგად გვესმოდა, რომ პროცედურა, რომელსაც ყოველ საღამოს გადიოდა, გასართობი თამაში არ ყოფილა”.

დიანა ფერეტი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი: “მოსწავლეებს ძალიან უყვარდათ ლეო. ის მათი წინამძღოლი იყო. ყველანი მისი საფეხბურთო ხელოვნების შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. როგორც პრინცს ისე ექცეოდნენ. იცით, თან ძალიან კარგად სწავლობდა”.

მოხერხებული აგენტი

80–ანი წლების დასაწყისში ხოსე მარია მინგელამ, დიეგო მარადონას ტრანსფერის გაჩარხვაში შეიტანა ლომის წილი, ხოლო 20 წლის შემდეგ, სკაუტებმა, მინგელას, არაჩვეულებრივი, მაგრამ პაწაწინა ბიჭუნას შესახებ მოუყვნენ, რომელიც ნამდვილად ღირდა იმად, რომ მისი არგენტინიდან ბარსელონაში გამგზავრების ხარჯები აენაზღაურებინათ.

“როდესაც ვიდეოჩანაწერი ვნახე, იხსენებს მინგელა, მომეჩვენა, რომ დღის სინათლე პირველად ვიხილე. მჯერა, მესი ჩვენთან საოცარი პლანეტიდან ჩამოვიდა, რომელზეც განსაკუთრებული ადამიანები იბადებიან: მევიოლინეები, არქიტექტორები, ექიმები, მხოლოდ რჩეული ხალხი”.

მინგელამ, “ბარსელონას” ბოსები – პრეზიდენტი გასპარი და მისი მრჩეველი ანტონ პარერა, ასევე წარსულში ბლაუგრანას ლეგენდარული ფეხბურთელი კარლეს რეშაკი იმაში დაარწმუნა, რომ მესის ოჯახი ბარსელონაში მიეწვიათ.

კატალონიის დედაქალაქს 2000 წელს ეწვივნენ. კლუბმა და აგენტმა მგზავრობის ხარჯები გაინაწილეს. იმ ფაქტს, რომ ლეოს თვეში 700 ფუნტის ღირებულების ჰორმონალური პრეპარატები სჭირდებოდა, არავინ შეუშინებია, რადგან ნათელი იყო, რომ საუბარი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ ბიჭუნაზე იყო.

თუმცა, პატარა ტალანტთან ხელშეკრულების გაფორმებისას, კლუბის ხელმძღვანელობა ერთსულოვანი არ ყოფილა. “ეს ბიჭუნა მაგიდის ფეხბურთისთვის არ გამოდგება, “ბარსას” ძირითადზე ხომ საუბარიც ზედმეტია” , – მიუგო რეშაკს ერთ–ერთმა ჩინოვნიკმა. “ბარსელონასთვის” საბედნიეროდ, სამი პიროვნება, რეშაკი, დირექტორის მოადგილე ჟოან ლაკუევა და ტექნიკური დირექტორი კიმე რიფე სხვანაირად ფიქრობდნენ. ლაკუევამ, ჯერ კიდევ მანამდე დაავალა ხელქვეითებს ლეოსთვის ზრდის ჰორმონის შეძენა, სანამ მხარეები სრულ შეთანხმებას მიაღწევდნენ. “დებატების მიმდინარეობისას, რომელმაც ერთ თვეს გასტანა, ბიჭუნა და მისი მშობლები “კამპ ნოუს” გვერდით მდებარე სასტუმროში ცხოვრობდნენ”, – იხსენებს მინგელა.

უნდა ითქვას, რომ ბლაუგრანას ბოსების ორჭოფობამ მესის მშობლებს კინაღამ მოთმინება დააკარგინა. მზად იყვნენ ყველაფერი მიეტოვებინათ და შინ გამგზავრებულიყვნენ. შეიძლებოდა უარესიც მომხდარიყო, მადრიდში გადასულიყვნენ.

სალეფეტკი, ლეგენდა და ცოტაოდენი მაგია

სანამ კამათი მიდიოდა, მესი ვარჯიშობდა და “ბარსელონას” ფეხბურთელებს უკვე მაშინ შეეძლოთ შეეფასებინათ მისი არაჩვეულებრივი ნიჭი. “მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი გუნდი გვყავდა, ლეომ თავიდანვე ფურორი მოახდინა, მაგრამ ძალიან, ძალიან პატარა იყო”, – იხსენებს ჟერარ პიკე. ბოლოს, საჩვენებელი მატჩის ჩატარება გადაწყდა და საქმეც უმალ გაიჩარხა. “უფროსი ასაკის ბავშვების წინააღმდეგ ვათამაშეთ” – იხსენებს რეშაკი, რომელიც იმხანად კლუბის ტექნიკურ განყოფილებაში მუშაობდა. “უცხოური წარმომავლობიდან და ჯანმრთელობასთან არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ბიჭუნასთვის სერიოზული გამოცდის ჩატარება იყო საჭირო. იმ თამაშში მესიმ ყველაფერი აჩვენა, რაცკი იცოდა და შეეძლო. მუდამ გახსნილი იყო და რამდენჯერაც ბურთი მიიღო, იმდენჯერ ზუსტად დაარტყა. ჩემის აზრით, “ბარსელონაში” მისი ყოფნის მომდევნო 14 დღეს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა”.

რეშაკი იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარი არჩევანის სისწორეში, რომ ერთი წუთითაც აღარ შეეძლო მოცდა. 2000 წლის დეკემბერში ადგილობრივი საჩოგბურთო კლუბის ბარში მინგელასა და ლეოს მამის კომპანიაში, კარლესმა სალფეტკს დაავლო ხელი და დაწერა: “მე, კარლეს რეშაკი, ჰორაციო გაგიოლასა და ხოსე მარი მინგელასთან ერთად, გარანტიას ვიძლევი, რომ კლუბში არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ლიონელ მესის კონტრაქტს გავუფორმებთ”. ამ ჟესტისთვის ბლაუგრანას გულშემატკივრები კარლეს რეშაკის მადლიერნი იქნებიან მუდამ.

ყველაფერი დრიბლინგმა გადაწყვიტა

მესიმ ყველა გააოცა თვალწარმტაცი დრიბლინგით. გოლები, ბრძოლის ჟინი, გულწრფელობა – გულშემატკივართა გულები ლეოს ამის ხარჯზე არ დაუპყრია, არგენტინელმა კულეები იმ სოლორეიდებით მოაჯადოვა, რომლებიც ერთი–მეორეზე ლამაზი გამოსდის. “დრიბლინგი იმ დროიდან ვიცი, როდესაც ბურთს პირველად შევახე ფეხი. უბრალოდ, ინსტინქტებსა და ჩემთვის დამახასიათებელ საფეხბურთო სტილს ვენდობოდი. მეურვისგან დასხლტომის უნარს, მთელი ცხოვრება ვხვეწ” , – ამბობს მესი. “ყოველივე ისე ბუნებრივად ხდება, რომ თამაში თუ წამივიდა და ნამატჩევს რაიმე უჩვეულო ტრიუკის შესახებ მკითხეს, უმეტეს შემთხვევაში განსაკუთრებული არაფერი მახსენდება ხოლმე”.

მესი იზრდება

მისდა საბედნიეროდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. იმხანად “ბარსელონაში” სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობდა, რომელიც ტექნიკურად ძლიერი და ფიზიკურად არასათანადოდ განვითარებული ახალგაზრდა ფეხბურთელების სრულყოფას ისახავდა მიზნად.

ბლაუგრანასთან პირველი კონტრაქტი 13 წლისამ გააფორმა. 39 კილოს იწონიდა, ხოლო სიმაღლეში 147 სმ იყო. სამი წლის შემდეგ, 165სმ–მდე გაიზარდა და 25 კილოგრამი მოიმატა. ცოტახანში კი დღევანდელ მაჩვენებლებს მიაღწია – 169 სმ, 69 კგ. მის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი გამაჯანსაღებელმა პროგრამამ ითამაშა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიმუშავეს და ტრენაჟორებზე ვარჯიშს, დიეტის დაცვას და საკვები დანამატების მიღებას მოიცავდა.

თუმცა, ზრდის ჰორმონის ინექციის გარეშე, ვერასდროს გავხდებოდით ლიონელის არაჩვეულებრივი ნიჭის მოწმეები. “საოცარი იყო, სანამ 10 წლის არ გავხდი, არავინ იცოდა რა დაავადება მჭირდა. ექიმმა მითხრა, თანატოლებთან შედარებით ნელა გაიზრდებიო. ისიც შეგვატყობინა, რომ იშვიათი სინდრომი მჭირდა, რომელიც 20 ათასიდან ერთ ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა “, – იხსენებს მესი.

“ბარსელონას” ექიმი დოქტორ ხოსეპ ბორელი სპორტული მედიცინის სპეციალისტთან, დიეტოლოგთან, ფიზიოთერაპევტსა და ფიტნესის მწვრთნელთან ერთად მუშაობდა, რათა მესის ფიზიკური კონდიციები გაეუმჯობესებინა და ჰორმონალური პრეპარატების დოზა შეემცირებინა.

ლეოს კვებას ყურადღება 8 წლის შემდეგ კვლავ მიექცა – ამ დროს “ბარსელონას” პეპ გვარდიოლა ჩაუდგა სათავეში.

მწვრთნელმა, ტიპიური არგენტინული დიეტის გამრავალფეროვნება ურჩია მესის, რომელიც ხორცის, ხორცისა და კიდევ ერთხელ ხორცისგან შედგებოდა. არგენტინელს, თევზის, ხილისა და ბოსტნეულის მიღება ურჩიეს. ლეო ცვლილებებით აღფრთოვანებული არ დარჩენილა, მაგრამ დროთა განმავლობაში წონაში დაიკლო და ფიზიკურად უფრო მოძლიერდა, ტრავმებსაც აღარ იღებდა ხშირად და აღდგენითი პროცესიც უფრო იოლად მიდიოდა.

ტკივილით გამობრძმედა

ჰორმონალური ინექციის გაკეთება 12 წლის ასაკში დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა როსარიოში ცხოვრობდა. ეს პროცედურა მტკივნეული იყო, თანაც ძვირი, მაგრამ ლიონელს უკვე სიყმაწვილეში ახასიათებდა ის თვისება, რომელსაც დღეს ავლენს უხეშ მცველებთან თამაშისას – საუბარი მტკიცე ხასიათზეა. “როდესაც ტკივილს განვიცდიდი, არ შემეძლო კლუბში ეს მეღიარებინა. “ბარსელონას” მადლიერი ვარ იმისათვის, რომ ჩემი ცხოვრება შეცვალა”, – იხსენებდა მესი 2006 წელს.

ნოსტალგიასაც ვაჟკაცურად უმკლავდებოდა, მასწავლებლებს მის თვალზე ცრემლი ერთხელაც არ შეუნიშნავთ. “მაშინ ვტიროდი, როცა მარტო ვრჩებოდი. დახურულ კარს უკან, რათა ამ ფაქტს მამაც კი არ შესწრებოდა. სახლში ისეთ ადგილს ვპოულობდი, სადაც ვერავინ დამინახავდა და არავინ არაფერს იეჭვებდა. ჩვენს ოჯახს რთული პერიოდი არაერთხელ ედგა. ხანდახან მამასთან ვრჩებოდი, მაშინ როცა ჩვენი ოჯახის დანარჩენი წევრები, სახლში, არგენტინაში ცხოვრობდნენ. მათთან კონტაქტზე ვიყავით, მაგრამ მაინც გვენატრებოდნენ. შინაური კერის დატოვება არავინ მაიძულა, მშობლებმა როსარიოსა და ბარსელონას შორის არჩევანის გაკეთება მე მომანდეს. ვინაიდან ფეხბურთელად გახდომა მქონდა გადაწყვეტილი, არ მქონდა იმის უფლება, რომ ნოსტალგიას გავეტეხე “.

რონალდინიოს გავლენის ქვეშ

დეკო პირველი იყო, ვინაც ჟურნალისტებს კატალონიის ახალგაზრდულ გუნდში მობურთალ “ლილიპუტზე” მოუყვა, რომელთანაც რონალდინიოს მსგავსად, ფუტ–ტენისში დამარცხდა. არგენტინის დაუძინებელმა მტრებმა, ბრაზილიელებმა, მესის გენია სათანადოდ შეაფასეს და სიხარულით მიიღეს თავიანთ ოჯახში. სილვინიო, ედმილსონი, ბელეტი და დეკო ყოველთვის მფარველობდნენ ლეოს, მაგრამ მის საუკეთესო მეგობრად რონალდინიო იქცა. “როდესაც ბლაუგრანას ძირითად შემადგენლობაში დავიწყე თამაში, რონი პირველი გამომელაპარაკა გასახდელში, ხოლო დროთა განმავლობაში ჩემი მეურვეობა ითავა” – იხსენებს მესი. “ერთმანეთის არ გვშურდა, პირიქით, რონი გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს საუკეთესო მეგობრად სწორედ ის იქცა”. “შენ ერთადერთი არგენტინელი ხარ, რომელსაც უფლება მიეცა ბრაზილიურ მაგიდასთან დაჯდეს” – ეხუმრებოდნენ ახალი მეგობრები. ისევე როგორ რეშაკი, ეს ბიჭებიც არ შემცდარან არჩევანში.

პრეზიდენტის ფსონი

2007 წელს, ფრანკ რაიკაარდის ერის დასასრულამდე ხუთი თვით ადრე, “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟუან ლაპორტამ და ტექნიკურმა დირექტორმა, რაულ სანხელიმ განაცხადეს, რომ კლუბს კურსის შეცვლა სჭირდებოდა. ვინაიდან რონალდინიოსა და დეკოს დაღმასვლა დაეწყოთ, ბლაუგრანას ბოსებმა გადაწყვიტეს, რომ გუნდს ახალი ლიდერი უნდა ჰყოლოდა. არჩევანი 19 წლის მესიზე შეაჩერეს, რომელსაც სულ რაღაც 20 თვის წინ ჰქონდა “ბარსელონას” მაისურით პირველი გოლი გატანილი. იმ მომენტიდან, გუნდის ტაქტიკა, მარკეტინგი და საფეხბურთო ფილოსოფია მესის იმიჯს მიესადაგა. “კლუბში ახალი ვარსკვლავი იზრდება. მესის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა უწერია” – ეს სიტყვები ჟოან ლაპორტას ეკუთვნის.

რონალდინიო და დეკო კლუბის ახალი პოლიტიკის ბორტს მიღმა დარჩნენ. ლაპორტასა და მისი თანაშემწეების აზრით, ბრაზილიელებს ნეგატიური ზეგავლის მოხდენა შეეძლოთ ამომავალ ვარსკვლავზე. ლეოს, ახალი კონტრაქტი გაუფორმეს (2016 წლამდე), ანაზღაურება ბოლო წლებში ხუთჯერ გაუზარდეს, გამოსასყიდ თანხათ კი 170 მლნ. ევრო დააწესეს (250 მლნ. ევრო).

“როდესაც ერთი ერა სრულდება, მეორე იწყება” – ასე დაახასიათა “ბარსელონას” დირექტორთა საბჭომ რონალდინიოსა და დეკოსთან გამომშვიდობებისა და ყურადღების ახალგაზრდა არგენტინელზე გადატანის გადაწყვეტილება. “ჩვენი ახალი სტრატეგია წარმატებული გამოდგა. მესის განუმეორებელი სტილის წყალობით, “ბარსელონას” თამაშმა ინდივიდუალურობა შეიძინა “.

საიდუმლო იარაღი

2006 და 2008 წლების გაზაფხულზე მესიმ კუნთის სერიოზული ტრავმა მიიღო, ორივე ჩვეული, ფეთქებადი სპრინტის შედეგად. პირველი დაზიანების გამო, პარიზში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვა, ხოლო მეორედ მაშინ ჩადგა მწყობრში, როცა “ბარსელონას” უკვე წაგებული ჰქონდა ნახევარფინალი “მანჩესტერთან”. მაგრამ დღეს ის საიდუმლო იარაღს ფლობს: საუბარი ფიტნესის მწვრთნელ ხუანო ბრაუაზეა.

მესის, გავარჯიშება თუ უნდა, ბრაუ იქვეა. კუნთი თუ აქვს დაჭიმული ან გადაღლილია, აღდგენით პროცესს ბრაუ ხელმძღვანელობს. როდესაც მესი 10 ათასობით კილომეტრზე მოგზაურობს, რათა სანაკრებო მატჩებში მიიღოს მონაწილეობა, ბრაუ თან მიჰყვება. სავარჯიშო პროცესის ყველა სტადიაზე, იქნება ეს სირბილი, კროსი, მოთელვა, ტრენაჟორებთან მუშაობა თუ აღდგენითო პროცესი, მესის პერსონალური მწვრთნელი იმაზე ზრუნავს რომ მისმა შეგირდმა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.

გვარდიოლას ნება

მესის, რაიკაარდთან ჰქონდა დებიუტი, დიად ფეხბურთელად კი გვარდიოლასთან იქცა. “ბარსას” მთავარი მწვრთნელი კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ წავიდა, მისცა რა არგენტინელს ნება პეკინის ოლიმპიურ თამაშებში მიეღო მონაწილეობა. პეპმა, მესის დიეტის მოდიფიცირება მოახდინა და მოედანზე პოზიცია შეუცვალა. “სერიოზული კამათი მიდიოდა იმაზე, ღირდა თუ არა ილიმპიადაზე ჩემი გაშვება. ამ დროს პეპი მოვიდა, დამელაპარაკა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. ფეხბურთელებს უყვართ გვარდიოლა, რადგან მის ხელში ცოტათი უკეთესები გავხდით. ის ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, თუ როგორ ვუვლიდით თავებს. ერთობლივი მუშაობის პირველივე დღიდან ამიხსნა რას ითხოვდა ჩემგან: უნდოდა რომ უფრო ახლოს მეთამაშა მეტოქის კართან და მეტი გოლი გამეტანა. ეს ნამდვილად მესიამოვნა, რადგან სწორედ ამ სტილში ვბურთაობდი ახალგაზრდულ გუნდში. კარგად მახსოვს, სტუმრად “რეალის” 6:2–ზე ძლევის შემდეგ, პეპმა, ამ მოვლენის მნიშვნელობას როგორ გაუსვა ხაზი, ჩვენ ხომ ის გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც მთელი ცხოვრება გაგვყვება”.

მარადონას მოხერხებულობა

თავდაპირველად, მათი გზები შემთხვევით გადაიკვეთა. 1986 წელს, როდესაც მესი დაბადებულიც კი არ იყო, მარადონამ მექსიკის მუნდიალზე მთელი მსოფლიო გადარია. ლეოს პირველ გუნდს, გრანდოლიში, იმ დაუმარცხებელ კრებულს, რომელსაც მამამისი წვრთნიდა და ძირითადად, 1986 წელს დაბადებული ბავშვები თამაშობდნენ, “მანქანა–86” ერქვა. წლების შემდეგ, ჟურნალისტებმა ამომავალი არგენტინელი ვარსკვლავის ლეგენდარულ მარადონასთან შედარება დაიწყეს. და დადგა მომენტი, როდესაც დონ დიეგოს უკვე აღარ შეეძლო ამ თემაზე კომენტარისგან თავის შეკავება. ბოლოს და ბოლოს, მარადონასა და მესის შორის სერიოზული საუბარი შედგა. “ლეოს ვუთხარი, ჩემი კარიერა დასრულებულია და როგორც ფეხბურთელი საკუთარ მიღწევებს ვეღარაფერს შევმატებ, შენ კი დიდების ოლიმპისკენ მიმავალ გზას ადგახარ მეთქი. ჩვენს შორის პარალელების გავლება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც ლეო კარიერას დაასრულებს. დღეისათვის კი, ერთი რამაა ცნობილი, ბრაზილიელები, იტალიელები, ფრანგები, გერმანელები და ესპანელები იძულებულნი იქნებიან აღიარონ ის ფაქტი, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არგენტინაში იბადებიან “, – ეს მეტად მახვილგონივრული გამოსავალი იყო შექმნილი მდგომარეობიდან.

მღელვარება და ექსტაზი

ოჯახის უფროსმა, ხორხე მესიმ, შვილი სწორ გზაზე მყარად დააყენა. ის ლეოს საფეხბურთო კარიერის ადრეული ეტაპის ფინანსურ, მარკეტინგულ, სარეკლამო, სპორტულ და ფსიქოლოგიურ ასპექტებშიც სათანადოდ გაერკვა.”როდესაც ბარსელონაში ჩავედით, ლეო პატარა იყო და მისი ასაკის ბავშვისთვის ეს ნაბიჯი თავგანწირვის ტოლფასი გახლდათ. დღეს ლიონელის წარმატებები ძალიან გვახარებს. ყველაფერი, რაც ჩემი შვილის თავს ხდება, სრულიად დაუჯერებელია, მის ყოველ გოლს ჭკუიდან გადავყავარ. “ბარსელონაში” ოცნების ასახდენად ჩავედით და დღეს ყველა ხედავს თუ როგორი ბედნიერია ჩემი ვაჟი. ჩვენს ოჯახში მხოლოდ ერთი პრობლემაა, როდესაც მის ბურთაობას ვუყურებ, ძალიან ვღელავ – ვყვირი, ვბუტბუტებ, ვიგინები, ამიტომაც ჩემთან ერთად ფეხბურთის ყურება არავის უნდა, ჩემს ცოლსაც კი”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი