“ბარსელონას” ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, არტურმა, შობის წინ, Mundo Deportivo-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
– ნეიმარი ბარსელონას რამდენჯერმე ეწვია, ერთ-ერთი სურათი კი შენთან ერთად გადაიღო…
– ვლოცულობ, რომ ის “ბარსელონაში” დაბრუნდეს, რადგან საუბარი დიდ ფეხბურთელზე გვაქვს. ის გუნდს უკეთესს გახდის. არ ვიცი, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები, ან არსებობს თუ არა მისი დაბრუნების შანსი. ნეიმარი კარგი მეგობარი და პროფესიონალია. ბედნიერი ვიქნები, თუ ის “ბარსელონაში” გადმოვა.
– როგორ გრძნობ თავს ტრავმის შემდეგ?
– კარგად ვარ. ყველა ფეხბურთელს უნდა მოედანზე იყოს და გუნდს დაეხმაროს. “კამპ ნოუზე”, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ დაბრუნებაზე უკეთესი არაფერია.
– განსაკუთრებული მკურნალობა დაგჭირდა?
– არა. მცირე პაუზის აღება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ტრავმას არ გაართულებდა. კუნთი გადამეღალა და საჭირო იყო დამესვენა. ექიმებს ვესაუბრე და პაუზის აღებას დავთანხმდი. ახლა შემიძლია სეზონის დარჩენილ ნაწილში კარგ ფორმაში ვიყო. ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი იმისათვის, რომ წინ ორი გადავდგა.
– “ბარსამ” ბევრი რამ შეცვალა შენში?
– კი, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ჩემი პასუხისმგებლობა გაიზარდა, რადგან მსოფლიოში საუკეთესო, ან ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვთამაშობ. უფრო მეტად პროფესიონალი გავხდი.
– როგორ იკვებები?
– ძალიან მიყვარს სტეიკი, მაგრამ ახლა უფრო მეტად თევზით ვიკვებები. საბედნიეროდ, ბარსელონაში გემრიელი ზღვის პროდუქტების დიდი არჩევანია. ასევე ვცდილობ ნაკლები ნახშირწყალი მივიღო.
– საწვრთნელ ბაზაზე იკვებები?
– იშვიათად. სახლში შეფმზარეული მყავს, რომელიც “ბარსელონას” ნუტრიციონისტთან კონტაქტზეა. ის ჩემს მზარეულს მენიუს აძლევს, რის შემდეგაც მზარეული საჭმელს მიმზადებს.
– ბრაზილიაში, ზღვასთან ახლოს ცხოვრებას მიჩვეული იყავი…
– დიახ, ზღვა მიყვარს. ადრე არჩევანი არ მქონდა, ახლა კი, მირჩევნია სანაპიროსთან ახლოს ვიყო. ზღვაზე ხშირად არ დავდივარ, უფრო ხშირად ჩემი ძმა დადის, მაგრამ როდესაც კარგი ამინდი იქნება, ამით სიამოვნებას მეც მივიღებ.
– ბარსელონაში ყველაზე მეტად რა მოგწონს?
– ყველაფერი. დაუჯერებელი არქიტექტურა, მთები, როგორიცაა მონჟუიკი, სანაპირო ზოლი, მაგალითად ბარსელონეტა, ასევე კასტელდეფელსი.
– შენი თამაშის სტილის გამო კომპლიმენტი არაერთხელ დაიმსახურე.
– ამით ბედნიერი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ “ბარსელონას” თამაშს მხოლოდ მე არ ვქმნი, რადგან გუნდი შესანიშნავი ფეხბურთელებითაა სავსე.
– როგორი რეაქცია გქონდა როდესაც მესიმ თქვა, რომ შენ ის გააკვირვე.
– თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ხუმრობა იყო, რადგან ეს მამამ მითხრა და ის ხშირად ხუმრობს ხოლმე. მე მას ვუთხარი: “შეწყვიტე ხუმრობა”. მან კი მითხრა, რომ ეს სიმართლე იყო. შემდეგ კომპიუტერთან მივედი და ეს ინფორმაცია ჯერ წერილობითი ფორმით, ბოლოს კი ვიდეოც ვნახე. შოკირებული ვიყავი. ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელისგან ასეთი ქება, ჩემთვის, მწვერვალზე 10 წუთის განმავლობაში ყოფნა იყო.
– მასთან ერთად თამაში შენი ოცნება იყო, რომელიც აიხდინე? როგორი შეგრძნებაა?
- ბედნიერებისა და სიგიჟის ნაზავი. ცოტა ხნის წინ, ამას მხოლოდ წარმოვიდგენდი ხოლმე, როდესაც მესის ტელევიზორში ვხედავდი. ახლა კი, ჩემს კუმირებთან ერთად ვთამაშობ: მესი, პიკე, ბუსკეტსი… საკუთარ თავს უნდა ვუჩქმიტო იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს რეალობაა და მესისთან ერთად ვთამაშობ.
– რას გვეტყვი ალენიასა და რიკი პუჩზე?
– პუჩის თამაში სეზონის დაწყებამდე, ამერიკაში ვნახე. ის მაღალი დონის მოთამაშეა, ისევე, როგორც ალენია. ეს ორი ფეხბურთელი “ბარსას” ბევრ რამეს მისცემს. ალენიას ამის შანსი უკვე აქვს და მის გამო მოხარული ვარ.
– ესპანეთის თასზე “ლევანტეს” ხვდებით…
– როდესაც ტიტულების მოგება გინდა, მეტოქეს ვერ ირჩევ. გუნდები ჩვენთან საბრძოლველად მზად არიან ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე. ჩვენ კი ჩვენი შესაძლებლობები ვიცით.
– ბოლო დროს კოუტინიოს ხშირად აკრიტიკებენ.
– ის სიმშვიდეს ინარჩუნებს, რადგან დიდი ფეხბურთელია. მან ეს უკვე დაამტკიცა. ტრავმის შემდეგ მას გარკვეული დრო სჭირდება, როგორც მე. ფეხბურთში რთული პერიოდები ნორმალურია. კოუტინიომ თავისი მაღალი დონე უკვე დაამტკიცა. ის, მალე, გოლების გატანას განაახლებს და გუნდს ისევ დაეხმარება.
– დემბელე?
– ჩემი აზრით, მან საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. ხალხის კრიტიკამ მას არგო. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მათ შორის მეც და მათგან უნდა ვისწავლოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ხალხმა დემბელეს საუკეთესო თვისებების გამომჟღავნებისკენ უბიძგა და ახლა ის კარგად თამაშობს. მოედანზე მისი თამაში შესანიშნავია.
– ცოტა ხნის წინ ინიესტას შეხვდი. როგორი შთაბეჭდილებით ხარ?
– ბავშვობიდან მოყოლებული ის ჩემი კუმირი იყო. მასთან შეხვედრა შესანიშნავი იყო. ტანზე დამბურძგლა. არ ვიცოდი, რომ ის მოდიოდა და შესანიშნავი სიურპრიზი გამოდგა. ინიესტას შევეხე იმაში დასარწმუნებლად, რომ ის ნამდვილია.
– ჩავიმ თქვა, რომ შენში საკუთარ თავს ხედავს.
– თავიდან ვიფიქრე, რომ ეს ტყუილი იყო. გაზეთებს ხშირად არ ვკითხულობ. თავისუფალ დროს ტელევიზორსა და ესპანურის სწავლას ვუთმობ. ეს ამბავი დედაჩემმა მითხრა და მესის შემთხვევის მსგავსად, ვიფიქრე, რომ ხუმრობა იყო.
– შეგიძლია წარმოიდგინო რამდენიმე წლის შემდეგ ინიესტა “ბარსელონას” მწვრთნელად?
– ინიესტა ბრწყინვალეა, როდესაც ის თამაშობს. ვისურვებდი, მან თამაში კიდევ განაგრძოს. თუმცა, როდესაც კარიერას დაასრულებს, მისგან დიდებული მწვრთნელი გამოვა.
– აღწერე შენი 2018 წელი.
– ეს წელი, ჩემს ცხოვრებაში, საუკეთესო იყო. ამიხდა ბავშვობის ოცნება, მეტარებინა “ბარსელონას” მაისური და მეთამაშა ეროვნულ გუნდში. ამ წლის ძალიან მადლიერი ვარ. დროა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ მიზნის მიღწევაში დამეხმარა. ოჯახს, ღმერთს…
– რა გინდა 2019 წლისგან?
– ჯანმრთელობა, რადგან მის გარეშე ვერაფერს იზამ. შემდეგ კი, ტრებლი.
– რას გააკეთებ შობაზე?
– ჯერ მამიდას ვეწვევი, შემდეგ კი, დედმამიშვილებს. შობას ყველა ერთად შევხვდებით. მომდევნო დღეს ჩემს სახლში წავალთ. ასეთ დროს, როგორც წესი, იხვს ვჭამთ ხოლმე.
– ფიქრობ, რომ მიმდინარე სეზონში “რეალი” ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე კონკურენციას გაგიწევთ?
– მადრიდელები კარგ ფორმაში არ არიან, მაგრამ მათ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მაინც მოიგეს. “რეალის” არდაფასება არ შეიძლება, რადგან ამ გუნდს არაერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს.
ესპანური გუნდების მაღალმა დონემ გამაკვირვა. მაგალითად, “ალავესმა” და “ბეტისმა”. როდესაც ფიქრობ, რომ თამაში უკვე მოგებულია, გამარჯვება მეტოქეს რჩება.
ასევე გამაკვირვა ჩემმა სწრაფმა ადაპტაციამ. მადლობას ვუხდი ყველას – გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს. გუნდში კარგად მეპყრობიან, რაც ძალიან მეხმარება. ასევე მადლობა სამწვრთნელო შტაბს მოთმინების გამოჩენისთვის. “ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვარ.
Amis donis fexburtelebi davimatot da meotxetfinalshi vitamashebtxolme
არტურ ძალიან მაგარი ხარ

სასწაულად მევასები. უიშვიათესი ტიპის ფეხბურთელი ხარ და უდიდესი პოტენციალის.
ძალიან მონდემებულია რაც კარგია მაგრამ ცოტა მეტი უნდა გარისკოს და თამაშის გამწვავებაზეც იფიქროს…
Imedi maqvs barca's mnishvnelovani da sheucvleli wevri gaxdebi sul male! ❤💙❤💙❤💙❤bevrs veli shengan! 2019 shi imedia gagvaoceb sheni migwevebit! 🤗🤗🤗
პირველმა კითხვამ და ამის პასუხმა ცოტა გამაღიზიანა