“ძალიან მინდა, რომ ჩემი კარიერის ბოლო წლები ისევ ამ კლუბში გავატარო და შემდეგ უკვე ვიფიქრებ სამშობლოში დაბრუნებაზე. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მაგრამ ერთადერთი ის ვიცი, რომ სხვა ევროპულ კლუბში არ ვითამაშებ. მიუხედავად ამისა, მაინც მსიამოვნებს, რომ მორატის ნაირი ადამიანი ჩემით დაინტერესდა.” – განაცხადა არგენტინელმა.
მან ასევე გამორიცხა პრინციპული მეტოქის გუნდში გადასვლის შესაძლებლობაც: “მადრიდის “რეალში” არ გადავალ და არც სხვა კლუბში, მაგრამ ცხოვრებამ ასევე მასწავლა, რომ ადამიანი 100%-ით დარწმუნებული ვერაფერში ვერ იქნება. თუმცა “ბარსელონაში” კარიერის დასასრულებლად ყველაფერს გავაკეთებ.”
არგენტინელმა ასევე ისაუბრა პეპ გვარდიოლასა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობაზე: “მე და გვარდიოლას ყოველთვის იდეალური ურთიერთობა გვქონდა. პირველივე სეზონში მან კლუბში სწრაფი ცვლილებების გატარება დაიწყო. მან გასახდელში დაძაბული ატმოსფერო შეცვალა. პეპმა გუნდი ერთ ჯგუფად შეგვკრა. მისი მოსვლისას ფეხბურთელებს მოტივაცია და განწყობა დაკარგული გვქონდა, სულ რამდენიმე კვირაში კი ეს ყველაფერი მისი წყალობით შეიცვალა, პეპის დანიშვნამ ფეხბურთელებს თავდაჯრება შეგვმატა.”
ლეომ ასევე რამდენიმე სიტყვით შეაქო მისი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი, “ბარსელონას” ყოფილი ლიდერი, რონალდინიო: “მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. მისი თითოეული რჩევა მაქსიმალურად გამომადგა, როგორც დეკოს, სილვინიოს და მოტასი… ისინი მე დამეხმარნენ გავმხდარიყავი ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დღეს ვარ.”
მესიმ ასევე ისაუბრა ოქროს ბურთზე და განაცხადა, რომ არ ელოდა თუ ამ ჯილდოს მეორეჯერაც მოიგებდა: “ყველანი ჩავის და ინიესტას უწინასწარმეტყველებდნენ ოქროს ბურთის მოგებას და ჩემი აზრით, სწორედ ისინი იმსახურებდნენ წელს ამ ჯილდოს მიღებას, რადგან შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს და მთავარი თასიც მოიგეს. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი თამაში ასე დაფასდა.”



