მოგეხსენებათ, კარლეს ალენია დათანხმდა, რამდენიმე თვით გადაედო პირველ გუნდში აღზევება და ტრავმიდან დაბრუნებულს ცოტა ხნით ისევ “ბარსა ბ”-ში ეთამაშა. მართლაც, სარეზერვო გუნდში გატარებული რამდენიმე მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ესპანელის სათამაშო დრო მთავარ გუნდში სულ უფრო და უფრო იზრდება, თუმცა ამ ერთგვარი შეთანხმების დადების დროს, მხარეებმა დეკემბერში ფეხბურთელის სტატუსის შესაძლო ცვლილებაზეც ისაუბრეს.
ჯერ-ჯერობით პეპ სეგურასა და ფეხბურთელის აგენტს, ივან დე ლა პენიას შორის შეხვედრის თარიღი არ გადაწყვეტილა, თუმცა მათ სურთ, ახალგაზრდა ნახევარმცველის მომავალი საშობაო არდადეგებამდე გადაწყვიტონ. უნდა ითქვას, რომ მხარეების პოზიციები დიდად არ განსხვავდება და შეხვედრის მიზანი იმაზე მსჯელობაა, თუ როგორ ჩაიარა ალენიას პირველმა თვეებმა კატალონიური გრანდის მთავარ გუნდთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის ესპანელმა ჯერ-ჯერობით ბ გუნდში უფრო მეტი ითამაშა, ვიდრე ერნესტო ვალვერდეს შეგირდებთან ერთად, მან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ეს ჯერ არაფრის გარანტია არაა.
Sport-ის ცნობით, ალენიას კარგად ესმის, რომ სარეზერვო გუნდში თამაში მას ეხმარება და ამიტომ წინააღმდეგი არ არის ეს სეზონი პარალელურად ორივეს შემადგენლობაში ითამაშოს.
თუმცა, ესპანეთში ასეთი წესი არსებობს – თუ ფეხბურთელი ესპანურ ტურნირზე (ლა ლიგა და კოპა დელ რეი) 10 მატჩს ჩაატარებს მთავარი გუნდის მაისურით, ის სარეზერვო გუნდში ვეღარ დაბრუნდება. ჯერ-ჯერობით, ალენიას 2 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული (“კულტურალ ლეონესა” და “ბეტისი”). ზამთრის პაუზამდე “ბარსა” კიდევ “ატლეტიკოს”, “ვილიარეალს”, “კულტურალ ლეონესას”, “ესპანიოლს”, “ლევანტესა” და “სელტას” შეხვდება.
წყაროს ცნობით, პეპ სეგურა და კლუბის სხვა ტექნიკოსები კარლეს ალენიას მიერ ნაჩვენები თამაშით ძალიან კმაყოფილები არიან, მით უმეტეს, გასულ სეზონში მიღებული ტრავმის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ სეგურა ალენიას ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარია და მის ნაბიჯებს უკვე დიდი ხანია აკვირდება, თავის მხრივ კი ზრუნავს, ახალგაზრდა ნახევარმცველის გზა “ნოუ კამპს” არ გასცდეს.
დიდად არ მომწონს ეს ალენია მაგრამ მთლად დაკარგვა კარგი არ იქნება ამიტომ სჯობს რომელიმე ესპანურ გუნდში გავანთხოვროთ